თავისუფლებიდან ერთფეროვნებამდე - კიდევ ერთი წარმატებული ახალგაზრდა - გიორგი ექვთიმიშვილი


დღეს საკუთარ კარიერასა და მოტივაციის დონეზე მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილებისა და ახლა უკვე  შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის პროექტების მართვისა და დაგეგმვის სამმართველოს ანალიტიკოსი - 24 წლის გიორგი ექვთიმიშვილი  გვიამბობს: 

ბავშვობაში ვინ გინდოდათ რომ გამოსულიყავით?
წარმოდგენაც არ მქონდა ვინ გამოვიდოდი, არ ვიცოდი რა მინდოდა. იცოდე - რა გინდა - ეს მიზნისკენ მიმავალი გზის 99 %-ია. ზოგადად მნიშვნელოვანია გავაღვიძოთ  და განვავითაროთ ბავშვში ფარული უნარ-ჩვევები, რათა მომავალში მოზარდმა სწორად გადაწყვიტოს, თუ რა უნდა რისი კეთება უყვარს ცხოვრებაში და იმისდა მიხედვით აირჩიოს სწორად პროფესია.

რა განსხვავებაა პროფესიას, წარმატებასა და კარიერას შორის?
პროფესია - ეს არის სწავლის შედეგად მიღებული უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელიც საჭიროა რაიმე კონკრეტული და სპეციფიკური სამუშაოს შესასრულებლად, რაც ცხოვრების ხანგრძლივ უზრუნველყოფას და საარსებო საშუალებების შეძენას ემყარება. მარტივად რომ ვთქვათ. პროფესია არის ის, რაშიც ფულს გიხდიან. რაც შეეხება წარმატებას, ჩემი აზრით აქ მნიშვნელობა ენიჭება პროფესიის სიყვარულს. უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ, სხვა შემთხვევაში წარმატების შანსები ძალიან მცირე იქნება. კარიერას კი ასე განვმარტავდი - პროგრესის მქონე გარკვეული პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. ის ერთგვარი კიბეა, სანამ სართულს დაიპყრობ საფეხურები უნდა დაძლიო.

თვლით თუ არა თავს წარმატებულად და რატომ?
ჩემი აზრით,  ჩემი ასაკის კვალობაზე, ალბათ წარმატებული ვარ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  წარჩინებით დასრულების შემდეგ საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება შევიძინე. სწავლის პერიოდში ვიყავი თვითმმართველობის პრეზიდენტი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შექმნილი საქართველოს რეინტეგრაციის ახალგაზრდული კომისიის წევრი, თვითმმართველობების განვითარების კომისიის წევრი, ასევე ვიყავი ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი - საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ მოძრაობა დავითიანნში, მაქვს ასევე პროექტების განხორციელების მრავალფეროვანი გამოცდილება. შეიძლება ახლა უფრო მეტად ერთფეროვან საქმიანობას ვემსახურები და ადრინდელი თავისუფალი სამუშაო უფრო მომწონდა მაგრამ, ის რაც დღეს მაქვს  ნამდვილად დიდი მიღწევაა. ყველაფერი შედარებითია. ბევრს ელემენტარული სამსახური არ აქვს. შეიძლება საკუთარი თავი წარმატებული გეგონოს, მაგრამ ასე არ იყოს. წარმატებული მაშინ ხარ ადამიანი, როდესაც სხვას მიაჩნია ეს და არა შენ, როდესაც სხვა ხედავს და სხვა აღიარებს შენს წარმატებას. მარტივად რომ ვთქვათ, შედეგის მომტანი უნდა იყოს შენი საქმიანობა.

ვინ/რა არის თქვენი მოტივაცია?
ჩემს ოჯახში ორი პროფესორია, (მშობლები) ასევე ჩემი ძმა მრავალგზის საქართველოს მაშტაბით დაჯილდოვებული ფიზიკოსია. პირადად მე, მაგალითი მქონდა ჩემი ოჯახის სახით, ყოველთვის ვგრძნობდი მათ მხრიდან მხარდაჭერას და ყოველივე ეს არ მაძლევდა უფლებას არ მესწავლა, ან ნებისმიერ სფეროში იმედები გამეცრუებინა მათთვის. მოტივაციის დონეს ერთის მხრივ გარემო განაპირობებს, მეორეს მხრივ კი ის შეიძლება აღმოაჩინო ნებისმიერ, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამეში. ჩემს შემთხვევაში მოტივაცია ერთგვარ ვალდებულების გრძნობად გადაიქცა, ოჯახის სახით მქონდა მაგალითი, სტიმული, რომელსაც არ უნდა ჩამოვრჩენილიყავი. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობიდანვე ოჯახი იყო ჩემი მოტივაცია. მშობლის ბედნიერი სახის დანახვას, მაშინ, როცა შენი წარმატების შესახებ შეიტყობს, არაფერი ჯობს!

ტოპ 5 რჩევა კარიერის საწყის ეტაპებზე მყოფებს:

  • მოტივაცია, შრომისმოყვარება და მონდომება - აჯობეთ საკუთარ თავს, დაძლიეთ სიზარმაცე. ეძებეთ სტიმული ყველგან, ყოველთვის და აუცილებლად იპოვნით მას!
  • მოთმინება - ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია წარმატების გზაზე. წარმატება მარტივად არ მოდის. ბევრ შრომას და ნერვებს მოითხოვს. სწორედ ამ დროს არის საჭირო მოთმინების უნარი, რათა არ მიატოვოთ დასახული მიზანი და ბოლომდე მიყვეთ მას! იყავით მომთმენი მეგობრების და თანამშრომლების მიმართ თავაზიანობა და სიკეთე გამოიჩინეთ მათ მიმართ და მე ღრმად მწამს, რომ ზუსტად იგივე დაგიბრუნდებათ. მარტივად, რომ ვთქვათ "ვინც მოითმენს, ის მოიგებს".
  • მიზანმიმართულობა - დაისახეთ მიზანი, თუ როგორ გინდათ, რომ იყოთ 10 წლის შემდეგ. შემდეგ გაიაზრეთ, თუ რა არის საჭირო იმისათვის რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ და ყოველ წელს შეაჯამეთ, თუ რამდენად მიუახლოვდით დასახულ მიზანს და თუ ვერ შეძელით ეს გაანალიზეთ რატომ და გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები.
  • კავშირები - სანაცნობი წრის გაფართოება და უკვე არსებულის მოვლა-შენარჩუნება. სამეგობრო/სანაცნობო წრეს ძალიან დიდი მნიშვნელობა უკავია თქვენს პირად თუ სამსახურეობრივ სფეროში.
  • საქმის სიყვარული - ის რასაც აკეთებთ უნდა გიყვარდეთ! თუ არ გიყვართ შეეცადეთ შეიყვაროთ და ნახავთ, რომ ცხოვრება უფრო გაგიმარტივდებათ! წინააღმდეგ შემთხვევაში არასასურველი სამსახური და საქმე გაგაწამებთ ცხოვრებაში და ერთ დღესაც მიხვდებით, რომ სხვა რამ უნდა გეკეთებინათ.



სალომე მარშანია

| გააზიარე
მოგწონთ?