მიშელ ობამას ცხოვრებისეული ხედვა და სასარგებლო რჩევა გოგონებს


მიშელ ობამამ არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მთელი მსოფლიოს სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მიშელი ჩიკაგოში დაიბადა და გაიზარდა, მიიღო უმაღლესი განათლება ჰარვარდის და პრინსტონის იურიდიულ სასწავლებლებში და გახდა წარმატებული იურისტი. სამსახურში გაიცნო მომავალი მეუღლე. მან ხალხის სიყვარული გულწრფელობით, უშუალობითა და გონიერებით დაიმსახურა. ბარაკ ობამას არაერთ გამოსვლაში უთქვამს, რომ ვერაფერს მიაღწევდა, გვერდით მიშელი რომ არ ჰყოლოდა.

ყოფილი პირველი ლედი ყოველთვის თავისუფლებისა და განათლების პროპაგანდას ეწევა. მისი გამოსვლები სავსეა მოტივაციითა და აღვივებს იმედს ახალგაზრდებში. ის თვლის, რომ არაფერია განათლებაზე მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ესაა წარმატების ყველაზე დიდი საიდუმლო. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ყოველთვის გოგონების განათლებას უთმობს. ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამისა არის ქველმოქმედება, რომელსაც ცნობილ ამერიკელ მომღერალთან, ბიონსესთან ერთად ეწევა. კერძოდ, ამ კამპანიის წყალობით მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნიდან 62 მილიონი ღარიბი გოგონა შეძლებს სრულფასოვანი განათლების მიღებას. მიშელი არაერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს, რომ იზრუნონ გოგონების განათლებაზე, რათა ისინი დამოუკიდებელნი და წარმატებულნი იყვნენ. სტუდენტებთან ერთ-ერთი შეხვედრისას, მან ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სწავლას თავს ანებებენ:

 

„არ არსებობს ბიჭი, რომელიც თქვენს ასაკში იმდენად საინტერესო და კარგია, რომ უარი თქვათ განათლებაზე. მე რომ სტუდენტობისას იმაზე მეფიქრა ვის მოვწონვარ, ვინ ამბობს, რომ ლამაზი და კარგი ვარ, დღეს არ ვიქნებოდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცოლი.“

 

მართლაც, მან ყველაფერი გააკეთა, რომ გამხდარიყო წარმატებული ქალი და გვერდით ჰყოლოდა წარმატებული მეუღლე. ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ლედია აშშ-ს ისტორიაში, სწორედ განათლებისა და დაუღალავი შრომის შედეგია.

გარდა განათლებისა, ყოფილი პირველი ლედის სიტყვით გამოსვლების დიდი ნაწილი ეთმობა ემიგრანტებისა და უმცირესობების მხარდაჭრას. მიშელ ობამა ერთ-ერთი პირველია, ვინც საჯაროდ იცავს ემიგრანტებს და მოუწოდებს მათ, იბრძოლონ თავისუფლებისა და ოცნებებისთვის:

„ისინი ჩვენს განსხვავებულობას საფრთხედ აფასებენ. ამბობენ, რომ უნდა გვეშინოდეს მათი და ეჭვი უნდა შევიტანოთ მათში, ვისაც არ ვეთანხმებით, მაგრამ ამერიკაში ჩვენ არ ვუთმობთ ასპარეზს შიშს. ჩვენ არ ვაშენებთ კედლებს რომ დავტოვოთ ადამიანები გარეთ, რადგან ვიცით, რომ ამერიკელების განსაკუთრებულობა ყოველთვის დამოკიდებული იყო იმ ადამიანების შრომაზე, რომლებიც სხვა ქვეყანაში დაიბადნენ, მაგრამ ჩამოვიდნენ და აქ იპოვნეს სახლი.“

 

ყოფილი პირველი ლედი ყოველთვის აცხადებს, რომ ამერიკული ოცნება რეალურია და რომ არავის აქვს უფლება დანებდეს, დაზოგოს თავი და არ იბრძოლოს საკუთარი დამოუკიდებლობისა და ოცნებისთვის. 

ჩვენს დროში იშვიათია ადამიანი, რომელიც ერთხმად მოიგებს საზოგადოების დიდი ნაწილის გულს. სწორედ ასეთი ქალია მიშელ ობამა. განურჩევლად რასისა, რელიგიისა, წარმომავლობისა, მას ხალხის უდიდესი ნაწილი აფასებს და პატივს სცემს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის არის 21-ე საუკუნის ძლიერი ქალის სიმბოლო, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს საზღვრები ოცნებებსა და შესაძლებლობებს შორის. მისი ისტორია გვარწმუნებს, რომ ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუკი გაქვს ოცნება და შესაბამისი განათლება.

| გააზიარე
მოგწონთ?