რატომ უნდა ვიმუშაოთ და ვიყოთ ყოველდღიურად დაკავებულები


ჩვენ არაერთხელ გვსმენია: იმისათვის, რომ ადამიანმა საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი,  აუცილებელია იყოს  რეალიზებული – ამისათვის კი საჭიროა გვქონდეს საქმე, სადაც ბოლომდე დავიხარჯებით და შესაბამისად თავს საჭირო ადამიანად ვიგრძნობთ. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რატომ სჭირდება მას სამუშაო, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რატომ არის სამსახური ჩვენი განვითარებისათვის და ბედნიერებისთვის აუცილებელი. შესაბამისად, მოგიწოდებთ, არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი, იბრძოლოთ, იპოვოთ  თქვენი ადგილი სამყაროში, სადაც შეძლებთ აკეთოთ საყვარელი საქმე და თავი ბედნიერად იგრძნოთ.


და  მაინც, რატომ უნდა იმუშაოთ და იყოთ ყოველდღიურად დაკავებულები?

 

1. ვითარდებით ყოველდღე

პირველი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გვქონდეს სამსახური არის ის, რომ ყოველდღიური შრომა გვეხმარება გავიზარდოთ პროფესიული თვალსაზრისით და განვვითარდეთ. ურთიერთობა ახალ ადამიანებთან, კოლეგებთან გვაძლევს ახალ გამოცდილებას. ხოლო უნარ-ჩვევები, რომელთაც მუშაობის პროცესში გამოვიმუშავებთ, გვეხმარება წინსვლაში. ჩვენ ვიღრმავებთ ცოდნას, ვიძენთ გამოცდილებას, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ჩავებათ ცხოვრების ყოველდღიურობაში  და არ ჩამოვრჩეთ დროს.

 

2. ივიწყებთ დეპრესიას

ადამიანს, რომელსაც აქვს სამსახური, იშვიათად ემუქრება დეპრესია, რადგან როდესაც ვმუშაობთ, უბრალოდ  დრო არ გვრჩება უსარგებლო ფიქრისთვის. თავს ვგრძნობთ მოტივირებულად და ვფიქრობთ, რომ ყოველდღე გველოდებიან იქ, სადაც სჭირდებათ ჩვენი შრომა და გამოცდილება. შესაბამისად ვართ პოზიტივით სავსე და გვიხარია ცხოვრება.

 

3.ზრუნავთ საკუთარ თავზე

ადამიანი, რომელსაც აქვს სამსახური, უფრო მეტად ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე. ყოველ საღამოს ემზადები იმისათვის, რომ სამსახურში მოწესრიგებული წახვიდე. გეგმავ შენი ცხოვრების თითოეულ წამს და არ ფანტავ დროს ფუჭად. ხარ გაცილებით პუნქტუალური, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც არ მუშაობ და სახლში ტელევიზორთან ატარებ ერთფეროვან დღეებს.

 

4. ხართ ფინანსურად დამოუკიდებელი

გვქონდეს ფინანსური დამოუკიდებლობა და  ვიყოთ ჩვენი შრომით მატერიალურად უზრუნველყოფილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფულადი სახსრები გვეხმარება ავისრულოთ ჩვენი ოცნებები, შევიძინოთ საჭირო ნივთები და თავი კარგად ვიგრძნოთ. ჩვენ ვალდებულები ვართ თავად ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და საჭიროებისამებრ, სხვებზეც. 

 

5. ისახავთ მიზნებს და გეგმებს 

ადამიანს, რომელსაც აქვს სამსახური, აქვს მიზნები, გეგმები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მომავალთან. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დანაზოგი და ავისრულოთ ოცნებები. შეგვიძლია დავგეგმოთ საოცნებო მოგზაურობა და სასიამოვნოდ გავატაროთ უქმეები.

 

6. გაქვთ კარიერული წინსვლის შანსები

ის, ვინც დასაქმებულია, არ იტანჯება არასრულფასოვნების კომპლექსით. რეალიზებული ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს. უკეთესი წარმოდგენა აქვს თავის მომავალზე, მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და  ცდილობს თამამი ნაბიჯებიც გადადგას წარმატებისთვის. დასაქმებულ ადამიანს ყოველთვის აქვს დაწინაურების მეტი შანსი და შესაბამისად, შეუძლია მიაღწიოს კარიერულ წარმატებას.

 

ასე რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, ვიმუშაოთ ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში იმისათვის, რომ ვიგრძნოთ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად. მუშაობა ისევე სჭირდება ადამიანს, როგორც ბედნიერება და სიყვარული. ამიტომ ეცადეთ იყოთ ყოველთვის დაკავებულები, აკეთოთ საქმე, რომელიც გაინტერესებთ და თქვენ ყოველთვის იქნებით პოზიტივით სავსე.

„გიყვარდეს და იმუშავე, იმუშავე და გიყვარდეს, რადგან  სწორედ ეს არის ნამდვილი ცხოვრება.“

| გააზიარე
მოგწონთ?