5 კითხვა, რომელიც ყველა სამსახურის მაძიებელმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს


ალბათ ხშირად მოგისმენიათ, როგორ წუწუნებენ ადამიანები თქვენ გარშემო სამსახურის თაობაზე, სადაც მძიმე სამუშაო გრაფიკი აქვთ, ცუდი უფროსი ჰყავთ, ძალიან იღლებიან, დრო არაფრისთვის რჩებათ და ა.შ. ასევე მოისმენდით უკმაყოფილებას უმუშევრობაზე, რომ ძალიან ბევრ გასაუბრებაზე არიან ნამყოფები და არსად თანხმობა არ მიუღიათ. ან დაიღალნენ ამდენი ძიებით, რომ სამუშაო ადგილები უფრო ცოტაა, ვიდრე მუშაობის მსურველი. ყველგან გავლენიანი ნაცნობი ან ახლობელია საჭირო, რომ დაგასაქმონ და ა.შ.

რთულია არ გაითვალისწინო ირგვლივ არსებული რეალობა, თითქოს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზი სიმართლეს შეესაბამება და ამ ადამიანებთან შეწინააღმდეგებისთვის ძლიერი არგუმენტებია საჭირო, თუმცა ყველაფერში სახელმწიფოს, დამსაქმებელს, სამუშაო ადგილების სიმცირეს და უბრალოდ „სხვას“ ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ და პრობლემის ძიება საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. ვართ კი ნამდვილად კომპეტენტური იმ საქმისთვის, რომელსაც ვეძებთ და შეესაბამება კი ჩვენი უნარ-ჩვევები მოთხოვნილ ვაკანსიას?!

იმისათვის, რომ  ჩამოყალიბდეთ და გააცნობიეროთ ხართ თუ არა მზად ამა თუ იმ პოსტისთვის, გთავაზობთ რეკომენდაციებს და კითხვებს, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ თუკი სამსახურს ეძებთ:

 

1.იმისათვის, რომ მიიღოთ სასურველი, თქვენ გჭირდებათ იცოდეთ, რა გინდათ რეალურად. ეს თითქოს სიტყვების თამაშს ჰგავს, მაგრამ მაინც ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ვიცი რა მინდა?!“ და შეეცადეთ უპასუხოთ მას. ეს დაგეხმარებათ ძიების დაწყებაში კონკრეტულად სად, რომელ სფეროში გსურთ დასაქმდეთ და არ მოგიწევთ ყველა ვაკანსიის ნახვა. გაეცნობით მხოლოდ იმ ვაკანსიებს, რომლებიც თქვენი ინტერესის სფეროს ადეკვატური იქნება. ამით დაზოგავთ დროს, ენერგიას და ნერვებსაც კი.

 

2.მეორე და აუცილებელი კითხვა: „შეესაბამება ჩემი უნარ-ჩვევები იმ სამსახურს, რომელსაც ვირჩევ? და თუ არა, რა უნდა მოვიმოქმედო, რომ ეს უნარ-ჩვევები შევიძინო?“

მართალია ეს უკვე ორი კითხვაა, თუმცა ორივე უმნიშვნელოვანესია, რადგან თუ თქვენ ისეთ სამსახურს ეძებთ, რომლის მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებთ, მუდმივად იმედგაცრუებულები და უკმაყოფილოები დარჩებით.

 

3.რა არის ჩემი პრიორიტეტი სამსახურის ძიებისას? - ნებისმიერი სამსახურის დაწყებისას თქვენ მოგიწევთ კომპრომისებზე წასვლა. ამიტომ წინასწარ განსაზღვრეთ, რა არის თქვენი პრიორიტეტები, რის დათმობაზე გიღირთ წასვლა და რას ვერ დათმობთ.

 

4.ვეძებ თუ არა „სწორ სამსახურს?“ - ნუ იხელმძღვანელებთ პრინციპით: „ავიღებ ყველაფერს, რისი მიღებაც შემიძლია“. არ შეიძლება ნებისმიერი ტიპის სამსახური თქვენზე იყოს მორგებული. დაუკვირდით თქვენს თავს, რა საკითხში ხართ კომპეტენტური და რაში არა, რისი გაკეთება გესიამოვნებათ და სად იგრძნობთ დისკომფორტს. ამის შემდეგ შეარჩიეთ ვაკანსიები და მიიღეთ გადაწყვეტილება.

 

5.ავირჩიე თუ არა სწორი მიდგომა? - ამ ეტაპზე თქვენ უკვე იცით, რა გინდათ და ბევრი იმუშავეთ იმისათვის, რომ აქამდე მოსულიყავით. ამიტომ ბოლო მომენტში ნუ დაუშვებთ შეცდომას. დარწმუნდით, რომ სწორ გზაზე დგახართ, თქვენი რეზიუმე ნამდვილად შეესაბამება თუ არა იმ კომპანიის მოთხოვნებს, სადაც აგზავნით. გარდა ამისა, თქვენ უნდა მოიძიოთ ინფორმაცია იმ კომპანიაზე, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება. უნდა გაიგოთ რაც შეიძლება მეტი კონკრეტული დეტალი მის შესახებ. თქვენს რეზიუმეში, შემდეგ კი უშუალოდ გასაუბრებაზე უნდა დაასაბუთოთ, რატომ გსურთ აქ მუშაობის დაწყება, ასევე რატომ უნდა აგიყვანონ თქვენ, რომ თქვენი მიღებით კომპანია მოგებული დარჩება და ა.შ.

 

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და სამსახურის ძიების პროცესი ნაკლებად დამღლელი და მეტად ეფექტიანი იქნება.

| გააზიარე
მოგწონთ?