ფილმები განწყობისთვის - ''ჯოი''


თუ გჭირდება - მოტივაციის ამაღლება. თუ გჭირდება - შეგრძნება, რომ ადგები და მთებს გადადგავ. თუ გჭირდება - ენთუზიაზმი. თუ გჭირდება - სწავლა, როგორ მიაღწიო მიზანს. თუ გჭირდება - საკუთარი თავის რწმენა. თუ გჭირდება -  შთაგონება მიიღო. თუ გჭირდება - შეცვალო გაუბედაობა - გამბედაობით, სისუსტე - სიძლიერით. 

აუცილებლად უნდა უყუროთ დევიდ ო’ რასელის 2015 წ-ს გადაღებულ ფილმს  „ჯოის“, რომელშიც ჯენიფერ ლოურენსი, ბრედლი კუპერი და რობერტ დე ნირო მონაწილეობენ.

ეს არის, ბიოგრაფიული ფილმი ახალგაზრდა გამომგონებელ ქალზე, ჯოი მანგანოზე, დეტალების შემჩნევის გამორჩეული უნარი აქვს, რაც სხვებისთვის იმდენად ყოველდღიურია, რომ ვერც კი აღიქვამენ.

ჯოი ბავშვობაში ქაღალდისგან ქმნის დიდ სახლს, საიდანაც სამყაროში გასვლას გეგმავს და თუ მგელს ან სხვა დაბრკოლებას გადაეყრება უკან არ დაიხევს.

კომიკურია, ჯოის ოჯახური სიტუაცია:
მამა - არ შემდგარი ბიზნესმენი, რომელიც ცოლთან განქორწინებულია და მეორე ქალიშვილს ზრდის. მარად სიყვარულის მაძიებელი, დიდხანს ვერ ჩერდება ერთ ქალთან, შუალედებში ისევ ჯოის მიუკაკუნებს ხოლმე.

დედა - ტიპიური სერიალების ფანი, იმდენად წაშლილია პიროვნულად, რომ ტელევიზორს მიჯაჭვული, ლოგინშივე ჭამს და იქვე დაყრილი ნარჩენების მოწმენდაც კი ეზარება.

ყოფილი მეუღლე - განქორწინებიდან ორი წელი გავიდა, მაგრამ ისევ ჯოის სარდაფში ცხოვრობს, არ შემდგარი მუსიკოსი და ქმარია. თუმცა, ჯოის კარგ მეგობრობას უწევს.

ბებია - ჯოის ცხოვრების მთხრობელად გვევლინება. ერთად-ერთია, ვისაც ნამდვილად სწამს ჯოის შესაძლებლობის, მუდმივად არწმუნებს რომ შეუძლია ნიჭის რეალიზება.

ჯოი სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო. თუმცა, სწავლა ვერ გააგრძელა, მშობლების დაშორების გამო. თავის ნიჭი, წლების მანძილზე გონების ბნელ სარდაფში გამოკეტა. მანამ, სანამ შემთხვევითმა ნაცნობმა არ მისცა სტიმული.

ის ქმნის პრაქტიკულ ნივთს დიასახლისებისთვის, რომელისაც ცალსახად დიდი პოტენციალი გააჩნია თუმცა ჯოის მანიც უწევს ბრძოლა თავისი გამოგონების დასაცავად. თავდაპირველად გამოგონების სიკეთეს არავინ არიარებს, შემდეგ კი იდეის ავტორობაში ეცილებიან.

საბოლოოდ, საკუთარ ბიზნეს-იმპერიას ქმნის, სხვა პრაქტიკული გამოგონებებიც აქვს, როგორიცაა: კარადების მაგნიტური საკეტი და ბარხატის საკიდები. ოჯახის წევრების უნიათობის მიუხედავად, მათზე ზრუნვა არ შეუწყვეტია, ყოფილი მეუღლე და დაქალი, რომელიც გაჭირვებაშიც გვერდში ედგნენ, მრჩევლად დანიშნა.
ჯოი, არის ქალის სახე, რომელსაც ორმაგი ბრძოლა უწევს, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია, კიდევ იმიტომ, რომ გარემოებამ არ შეცვალოს მისი პიროვნება. ამას ხაზს უსვამს ეპიზოდი, როდესაც ტელე-ეთერში უნდა გამოჩნდეს პირველად, მას სათანადოთ ჩააცმევენ, მაგრამ ის თავის უბრალო სამოსს იბრუნებს და აცხადებს, რომ იმ სამოსშია ნამდვილი! არ უნდა სტერეოტიპს დამონებული, რიგითი ქალი გახდეს.

ჯოის ვერც ფული და მდგომარეობა ცვლის. ეს არის ადამიანობის ზეიმი! როდესაც რჩება იმ პიროვნებათ, ვინც იყო და გარემო-ფაქტორები გავლენას ვერ ახდენს მასზე.

ეს არის ამბავი ქალზე, რომელმაც მარტივი იდეისგან თავის სამყარო შეიქმნა, ის რაც ბავშვობაში დაგეგმა და ვერცერთმა „მგელმა“ ვერ დააბრკოლა. ყველას მოუგო ბრძოლა, რეალიზდა თავისი უნარის, მოხერხებულობის და არ დანებების წყალობით.

ეს არის ამბავი ქალზე, რომელიც ჭეშმარიტად არსებობს დედამიწის რომელიღაც წერტილში, რომელიც შთაგაგონებთ, მოგცემთ მოტივაციას, გიბიძგებთ ის იდეა განახორციელოთ, რომელსაც ამდენ ხანს, გონებაში ატრიალებდით, ბორბალში მორბენალი ციყვივით. იდეა საქმედ აქციოთ და რა იცით, იქნებ ოდესმე თქვენზეც გადაიღონ ფილმი. ყველაფერი ხდება...

ამისთვის საჭიროა უყუროთ ფილმს და მიხვდებით რაზეც მიგანიშნეთ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?