ყველაზე დიდ მოტივაციად ქცეული - ,,ვერ შეძლებ"


„ფიქრს, რომ მეტი უნდა გააკეთო, რომ უკეთესად უნდა გააკეთო, გონება მიჰყავს მდგომარეობამდე, როცა მისთვის შეუძლებელი აღარაფერია. მე უარს ვამბობ, ვაღიარო შეუძლებლის არსებობა!” - ეს სიტყვები ჰენრი ფორდს ეკუთვნის, ამერიკელ მეწარმეს, რომელმაც შეძლო, მსოფლიო შეეცვალა უკეთესობისკენ.

ალბათ, ხშირად გქონია მომენტი, როცა რაღაც იდეა მოგვსლია და გინატრია მისი განხორციელება, თითქოს სურათსაც დახატავ წარმოსახვაში რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს, თუმცა მერე დაფიქრებულხარ და შენსავე სურვილს შეწინააღმდეგებიხარ სხვადასხვა მიზეზების გამო, იქნება ეს ფინანსების, რესურსების, შესაძლებლობების არ ქონა, შეუფერებელი გარემო თუ სხვა ხელის შემშლელი ფაქტორები. ჩაგიქნევია ხელი და შენი პოტენციურად მილიონიანი იდეაც მხოლოდ ფიქრად დარჩენილა. 

ერთადერთი მთავარი ბარიერი და წინაღობა მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ, სხვა დანარჩენი წვრილმანებია და  შენ თუ დღეს ამ სტატიას კითხულობ და იცანი საკუთარი თავი, მაშინ გირჩევ, რომ გაბედო და დაიწყო დღეს.

გახსოვდეს დიადზე ფიქრიც კი მცირედით იწყება. უთხარი საკუთარ თავს ,,რატომაც არა“ და შეუდექი საქმეს: ნუ მოისურვებ ყველაფერს ერთდროულად, დაიწყე რამდენიმე მარტივი ჩანაფიქრით, იმოქმედე, იშრომე, არ დაზოგო ძალა და ენერგია, იარე წინ, არ შეგეშინდეს შეცდომების დაშვების, იმედგაცრუების. ყოველი მარცხი გამოწვევად და ახალ შესაძლებლობად მიიღე, ასე საკუთარი თავის რწმენასაც განიმტკიცებ, თავდაჯერებულიც გახდები, გაძლიერდები  და  მიხვალ უფრო რთულამდე; არ იფიქრო მხოლოდ ხვალინდელ დღეზე, იმოქმედე დღეს და ახლა, თუმცა მომავალიც არ დაივიწყო, რადგან ის, რისთვისაც იბრძვი, იქ გელოდება დანიშნულების ადგილზე - მომავალში!

შენ შეგიძლია! ამიტომ გააკეთე საუკეთესო იმ შესაძლებლობებით, რაც გაქვს. არ არის საჭირო კიბის დასაწყისში უკანასკნელ საფეხურს ხედავდე, ნებისმიერ საქმეში მიაღწიე საუკეთესო შედეგს; სწორედ იმაშია წარმატების დიდი საიდუმლო, რომ პატარა საქმესაც კი დიდი მონდომებით, დიდი სიყვარულით საუკეთესო შედეგისთვის აკეთებდე.

ეძებე სიახლეები, არ შეუშინდე  ბარიერებს და სტერეოტიპების მსხვრევას, იყავი ინოვატორი, ორიგინალური, გამორჩეული, შეინარჩუნე ინდივიდუალიზმი, ნუ დაკარგავ საკუთარ თავს და თვითმყოფადობას. როდესაც ჰენრი ფორდს ჰკითხეს რა იყო მისი წარმატების ფორმულა, მან უპასუხა, რომ მისი საქმიანობა ვერ განვითარდებოდა სიახლის გარეშე. „მე მიკვეთავდნენ ეტლებს ცხენებისთვის და შევქმენი უცხენო ეტლი-ავტომობილი!“

„ვერ შეძლებ“ - შენი მოტივატორი იყოს მიზნისკენ სავალ გზაზე და არა დამაბრკოლებელი, შეიგრძენი ყოველი მიღწეული წარმატებით გამოწვეული სიხარული, ისწავლე მადლიერება. გახსოვდეს სამყაროში არსებული ბუმერანგის პრინციპი, რომ ყველაფერი გაცემული უკან გიბრუნდება. წარმატება კიდევ მეტ წარმატებას მოიტანს; იფიქრე პოზიტიურად და ისწრაფე ახალი წარმატებისკენ!

მერწმუნე ერთ მშვენიერ დღეს ზუსტად იქ აღმოჩნდები, სადაც მუდამ გინდოდა ყოფნა!

| გააზიარე
მოგწონთ?