როგორ აიმაღლოთ მოტივაცია და იყოთ პროდუქტიულები?


ორსულობის პერიოდი ქალისთვის, განსაკუთრებით კი ორსულობის პირველი თვეები, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური ცვლილებების დასაწყისია. 

„მეს“  შინაგან ხელშეუხებელ სივრცეში ჩნდება  სხვა არსება,  რომლის არსებობაც უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს  მშობელს და ზოგჯერ „იძულებულს ხდის“,  შეცვალოს ცხოვრების სტილი. მომავალი დედიკო უნდა ეცადოს, ეს ცვლილებები პოზიტიურად აღიქვას და მთელი ის პერიოდი, რომელიც სიმშვიდეში, ჰარმონიასა და სასიამოვნო გარემოში უნდა გაატაროს, რაც შეიძლება ნაყოფიერად და პროდუქტიულად გამოიყენოს.

კვლევები და თანამედროვე მეცნიერთა დასკვნები ამტკიცებენ,  რომ ორსულობის პერიოდის აქტივობები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მომავალი პატარას ინტელექტუალურ, გონებრივ, ფიზიკურ თუ ემოციონალური განვითარების დონეს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩატარებული რამდენიმე წლიანი კვლევების შედეგად  დადგენილია, რომ აზროვნების 40-60% მემკვიდრეობითია, დანარჩენი კი  დამოკიდებულია  გარემოზე, დედის  პიროვნულ თვისებებზე  და  იმაზე,  თუ როგორ  მიმდინარეობს  ორსულობის  პერიოდში დედის  აქტივობები.

შემოქმედებითი გარემო, კითხვა, კლასიკური მუსიკის  მოსმენა, თეატრი, კინო, ბუნებასთან ურთიერთობა და სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი  საქმიანობა, კარგ  ემოციებს  აღძრავს   ფეხმძიმეში და  დადებით გავლენას  ახდენს მომავალი  პატარას  განვითარებაზე.

ბავშვის პირველი წარმოდგენები ცხოვრებაზე ორსულობის პერიოდში დედის მიერ განცდილი შთაბეჭდილებებიდან ყალიბდება, ამიტომ შემთხვევითი არაა სხვადასხვა ადამიანების  წეს-ჩვეულებებში არსებული წარმოდგენა, რომ თუ ფეხმძიმე ქალი დადებით ემოციებს განიცდის, ბავშვი ლამაზი, ჯანმრთელი და ნიჭიერი იბადება.

ამჟამად  არსებობს ბავშვის მუცლად ყოფნის განვითარების უამრავი მეთოდიკა. ისინი ასწავლიან ფეხმძიმეს, თუ როგორ უნდა ეზიაროს ხელოვნების სამყაროს, რომ ამ ყველაფერმა სარგებლობა მოუტანოს ბავშვს. ეს კონტაქტი არა მხოლოდ აღქმის საშუალებით ხდება, არამედ მომავალ დედას თვითონ შეუძლია გახდეს „ხელოვნების ნიმუშის” ავტორი.  რატომ ურჩევენ ფსიქოლოგები ქალს მაინც და მაინც ორსულობის დროს დაკავდეს ხელოვნებით?
პირველ რიგში, თქვენი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენით ქმნით პირობებს იმისათვის, რომ თქვენი შვილი დაიბადოს გაცილებით მაღალი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალით.

გარდა ამისა, ასეთი საქმიანობის დროს იწყება ურთიერთობა ბავშვთან. თქვენ უფრო კარგად აღიქვამთ თქვენი შვილის სამყაროს სიმღერებით, სხვადასხვა შემეცებითი აქტივობით, წიგნთან  ურთიერთობით, ნახატებით და ხელსაქმით, სწავლობთ სიყვარულის გამოხატვას თქვენი შვილის მიმართ მის დაბადებამდე.  ამყარებთ ემოციურ  კავშირს თქვენს პატარასთან, ემოციური ურთიერთობების მნიშვნელობას კი  ტვინის განვითარებისთვის უდიდესი  მნიშვნელობა აქვს.  უამრავი კვლევა ცხადყოფს,  რომ დედის სიყვარული  და ზრუნვა გადამწყვეტია  ტვინის ზოგიერთი ნაწილის ზრდა-განვითარება-ფუნქციონირებისათვის.

ასევე  უნდა აღინიშნოს, რომ შემოქმედებითი ატმოსფერო  გარდაქმნის ქალის არა მხოლოდ შინაგან სამყაროს, არამედ ავსებს მის ცხოვრებას ახალი, ნათელი შთაბეჭდილებებით, აფართოებს მსოფლმხედველობას, აყალიბებს ნაყოფიერ ურთიერთობას  საინტერესო  ადამიანებთან, ქალი ხდება  უფრო თავდაჯერებული, განათლებული, პოზიტიური  და  დრო  აღარ  რჩება  უარყოფითი  ემოციებისა  და  დეპრესიისათვის.

ამრიგად, გირჩევთ მართოთ  საკუთარი  ცხოვრება თვითონ, შექმნათ ჰარმონიული  და პოზიტიური გარემო  თავადვე, კომპიუტერის  ეპოქაში  ხომ უამრავი შესაძლებლობა არსებობს,  მიიღოთ  ინფორმაცია  ნებისმიერ  თქვენთვის  საინტერესო  თემაზე. იზრუნეთ როგორც საკუთარ, ასევე თქვენი  პატარას  ინტელექტუალურ  განვითარებაზე. მერწმუნეთ, ამ დროის  გამოყენება  ნამდვილად ღირს, ჩვენ  ხომ  ყველას  გვსურს  ძალიან ლამაზი  და ჭკვიანი შვილები  და ამასთან, ჩვენი შვილები ნამდვილად იმსახურებენ  საუკეთესო  და  წარმატებული  დედიკოები ჰყავდეთ!

 

| გააზიარე
მოგწონთ?