რამდენად ძლიერია სიტყვები: „არ დანებდე?“


დაფიქრებულხართ, თუ რამხელა ძალა დევს ამ სიტყვებში „არასდროს დანებდეთ?“. რამდენ თქვენგანს განუცდია მარცხი ცხოვრებაში და მარტივად დანებებულა? ნუთუ არასდროს დაფიქრებულხართ წარმატებულ ადამიანებზე, რომლებიც უამრავი მარცხისა და დაცემის მიუხედავად, არ დანებდნენ და მიაღწიეს დასახულ მიზანს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ წარმატებული ადამიანი მუდამ იმარჯვებს და მარცხს არ განიცდის, მაშინ ცდებით, რადგან წარუმატებლობა და წარმატება ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დიახ, თქვენ ნებდებით, რადგან გეზარებათ ან უბრალოდ არ გაქვთ სურვილი მიაღწიოთ მიზანს. თქვენ მუდამ სხვებს ადანაშაულებთ, როდესაც ვერ აღწევთ დასახულ მიზანს და არ ცდილობთ მოძებნოთ მარცხის გამომწვევი მიზეზები.

თქვენ გაქვთ ოცნება, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებთ? ზიხართ და ელოდებით, როდის მოგიკაკუნებთ კარზე წარმატება, თუმცა ეს არ ხდება. წარმატებისათვის მხოლოდ მოქმედება არის საჭირო. ამბობთ, რომ სუსტი ხართ მათემატიკაში - რატომ, იქნებ მიზეზი ისაა, რომ თქვენ არასდროს გიმეცადინიათ ეს საგანი. 

გახსოვდეთ, რომ ცხოვრება არ არის მარტივი. ვერავინ გაგიცრუებთ იმედს ისე, როგორც საკუთარი თავის მიმართ რწმენის არ ქონა და დანებება. მთავარია, რამდენ მარცხს შეგიძლიათ გაუძლოთ და შემდეგ გააგრძელოთ სვლა. წარუმატებლობის ნუ შეგეშინდებათ. თქვენი შიში იმაში კი არ მდგომარეობს, რომ არ ხართ საკმარისად ძლიერი, არამედ გაშინებთ ის მოზღვავებული ძალა, რაც თქვენშია. დაუსვით კითხვა საკუთარ თავს, თუ ვინ გსურთ სინამდვილეში, რომ გახდეთ? გააკეთეთ არჩევანი. უბრალოდ მიიღეთ გადაწყვეტილება. რატომ არ შეგიძლიათ რომ იყოთ საუკეთესო, როდესაც ამისათვის ყველა მიზეზი გაქვთ. თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ერთ ადგილას და აიტანოთ ის დარტყმა, რასაც სხვები გაყენებენ ან იბრძოლოთ ბოლომდე. არჩევანი თქვენზეა! 

მაგალითისთვის, გავიხსენოთ როკი ბალბოას ცხოვრებისეული დარიგება შვილისთვის, ფილმიდან „როკი ბალბოა:“

,,შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ადრე ხელის გულზე ეტეოდი. მე კი ხელში ამყავდი, რათა დედაშენისათვის მეთქვა: „ეს ბავშვი იქნება საუკეთესო, მათ შორის, ვისაც ოდესმე ვიცნობდი". შენ ძალიან კარგ ადამიანად ჩამოყალიბდი. დიდი პრივილეგია იყო ჩემთვის ყოველდღიურად შენი ყურება. შემდეგ კი აი ეს დროც დადგა, როცა საკუთარი ცხოვრება უნდა დაგეწყო და შენ სწორედ ასეც მოიქეცი. მაგრამ ამ გზაზე ყოფნის დროს, შენ შეიცვალე - დაკარგე საკუთარი თავის რწმენა. ადამიანებს უფლება მიეცი, სახეზე დაედოთ ხელი და ეთქვათ, რომ ცუდი ხარ. როდესაც დაბრკოლებები შეგხვდა, მათი მოგვარების ნაცვლად სხვების დადანაშაულება დაიწყე. იცოდე, სამყარო მხოლოდ მზის სხივებით სავსე არ არის. ის საზიზღარი ადგილია. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ძლიერი ხარ, ის დაგაჩოქებს და ასე დაგტოვებს, თუ მისცემ ნებას. არც მე, არც შენ და არც სხვა ვინმეს შეუძლია მასსავით ძლიერი დარტყმის მოყენება. საქმე იმაში არაა, რამდენად ძლიერად არტყამ, არამედ ის, თუ როგორ იღებ დარტყმას და განაგრძობ სვლას. სწორედ ასე ყალიბდება გამარჯვება!

როდესაც იცი რისი ღირსი ხარ, ადექი და მიიღე, რაც შენია. მაგრამ მზად უნდა იყო დარტყმის ატანისთვის. არასდროს გაიშვირო თითი იმის თქმით, რომ რაიმე არ გამოგივიდა ვინმეს გამო. ასე მხოლოდ მშიშრები იქცევიან. შენ კი ასეთი არ ხარ! მე ყოველთვის მეყვარები, მიუხედავად ყველაფრისა, რადგან ჩემი შვილი ხარ და საუკეთესო რამ, რაც კი გამაჩნია. თუმცა, სანამ საკუთარი თავის რწმენა არ გექნება, ისე ვერ იცხოვრებ!"

| გააზიარე
მოგწონთ?