როგორ გვეხმარება მადლიერება განვითარებაში?!


დანიელ დეფო ამბობდა: „ყველა საყვედური იმაზე, რაც არ გვყოფნის ცხოვრებაში, გამოწვეულია უმადურობით იმისადმი, რაც გაგვაჩნია.“ მადლიერების შინაგანი განცდა თუ გარეგნული გამოხატვა აუცილებელია, რადგან ადამიანმა უპირველესად ის უნდა დააფასოს და იყოს იმის მადლიერი, რაც უკვე აქვს. მადლიერების განცდა თავის თავში მოიცავს უზარმაზარ სასიკეთო ენერგიას. ვინც არ აფასებს იმას, რაც უკვე აქვს, მომავალში ვერ მიიღებს იმას, რაც სურს!   

ადამიანებს სჩვევიათ ყველანაირი სიკეთე „დააბრალონ“ საკუთარ თავს, ყველანაირი წარუმატებლობა კი - სხვებს. მადლიერება არის თვისება, რომელიც გვეხმარება განვითარებაში,  სხვების წილის არ აღიარება იწვევს საკუთარი თავის სრულყოფილად დანახვას და შესაბამისად, იწყება განვითარების დამუხრუჭება. მადლიერ ადამიანს სოციალური კაპიტალი გაცილებით უფრო მეტი აქვს. მენეჯერი, როგორც დამფასებელი, მასთან დასაქმებულ ადამიანებს ჰმატებს მოტივაციას. იგივე შეიძლება ითქვას კადრებზეც, რომლებიც კომპანიაში არიან დასაქმებულები, მათ გაცილებით უკეთესად გამოსდით გუნდური მუშაობა.

მადლიერების მდგომარეობა - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საიდუმლო მიზიდულობის კანონის მოქმედებაში მოსაყვანად. რა თქმა უნდა, მხოლოდ მადლიერების შეგრძნება არ მიგვიყვანს წარმატებამდე, თუმცა ეს არის წანაპირობა მოტივაციის ასამაღლებლად და მოქმედების დასაწყებად. მადლიერება - ესაა საშუალება, აიძულო სასწაულს, თავისთავად მოხდეს.  

ბუნებაში არსებობს  მეათედის კანონი, რომლის მიხედვითაც, სამყარო ყოველთვის იღებს თავის წილ მეათედს. ეს გახლავთ ერთგვარი მადლიერების კანონი – 10% იქიდან, რაც გაგაჩნია. მაგრამ არასოდეს იცი, როგორ დაგიბრუნდება უკან ეს შენი მეათედი. როცა შეიძენთ უნარს, მადლიერი იყოთ წვრილმანებისთვის, გაოცებული გააცნობიერებთ, რომ წვრილმანები არ არსებობს. სამყაროში ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი, რასაც წვრილმანს ვეძახით, ცხოვრების მთლიანი, თანმიმდევრული და მიზეზ-შედეგობრივი კავშირია. 

მადლიერების გამოხატვის მნიშვნელობა იმითაც განისაზღვრება, რომ იგი ე.წ. ხანგრძლივი ბედნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია სხვა ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებთან  ერთად, როგორიცაა ოპტიმიზმის კულტივირება, კეთილქმედება ანუ სათნოება, მზრუნველობითი სოციალური კავშირები, რელიგიურობა, მიტევების უნარი, ცხოვრების ნაკადში ჩართულობა, სიხარულის გენერირება, თვითზრუნვა, სიყვარული და სხვა. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მადლობელი ხართ, მთავარია, რომ მადლიერების ენერგია თქვენგან მუდმივად მოდიოდეს.

თუკი ცხოვრებას მიღება-გაცემის ბალანსის თვალით შევხედავთ, მადლიერება სწორედ გაღებაზე ორიენტირებული აქტივობაა, მადლიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვის მიმართაც გამოვხატავთ, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ მადლობის გადახდით ვაბიჯებთ საკუთარ ,,ეგოს”, ვაცნობიერებთ სხვების მნიშვნელობას, მოტივაციას ვუქმნით მათ და რაც მთავარია, ხელს ვუწყობთ პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.    

ყველაფერს ორი მხარე აქვს, შეგვიძლია აქცენტი იმაზე გავაკეთოთ, რაც არ გვაქვს და ვიწუწუნოთ, ავჯანყდეთ, გამოვთქვათ პროტესტი ცხოვრების მიმართ და გადავზარდოთ აგრესიულობაში, ან აპელირება მოვახდინოთ იმაზე, რაც გვაქვს, მოვახდინოთ ენერგიის კონცენტრაცია საკუთარ „დებეტზე“ და შევუდგეთ საქმეს კიდევ უფრო მეტის მისაღებად. მადლიერება ყველაზე დიდი მოტივაციაა იმისთვის, რათა შევცვალოთ საკუთარი თავი და სამყარო უკეთესობისკენ.  

ვიყოთ მადლიერები, რომ დავიბადეთ არასრულყოფილ სამყაროში, რათა გვქონდეს მიზანი და მოტივაცია სრულყოფილებისკენ სწრაფვისკენ და ცვლილებებისკენ!  

| გააზიარე
მოგწონთ?