შეუძლებლობის შესაძლებლობა


      შენ, ვინც ახლა ამ სიტყვებს კითხულობ, ყველაზე ძლიერი ხარ ამქვეყნად; იმაზე მეტი შეგიძილია, ვიდრე ამას გონებაში თავად წარმოიდგენ. შენ შეგიძლია, მხრებში გაიმართო იმ სამყაროში, სადაც ბევრია წელში მოხრილი; შენ შეგიძლია, იარო წინ, როცა ყველა ერთ ადგილსაა გაჩერებული. შენ საუკეთესო ხარ და ეს არასოდეს დაივიწყო!

       რაზე ფიქრობ ძილის წინ? რას წარმოიდგენ მაშინ, როცა შენი სული და სხეული ძილისა და ღვიძილის გზაგასაყარზე იმყოფება? ალბათ, იმას, თუ როგორი გინდა იყო, ან იმას, როგორი - არა. შეიძლება, იხსენებდე წარსულს, დაშვებულ შეცდომებს, გადატანილ ტკივილებს, უკვე გამოცდილ დაცემას, წარუმატებლობასა და იმედგაცრუებას... მაგრამ „წარსული“ ხომ მხოლოდ წარსულია, მას ვერ შეცვლი, მომავალი კი შენს ხელშია. შეუძლებელია, სრულად შეიგრძნო გამარჯვების სიტკბო, თუკი დამარცხების ტკივილს ერთხელ მაინც არ იგემებ. მაგალითისთვის, რომ არა ჯოან როულინგის შეუპოვარი სულისკვეთება, შესაძლოა, სულაც არ გვქონოდა შესაძლებლობა „ჰარი პოტერის“ მაგიური სამყაროს შეცნობისა, "ჰარი პოტერისა და ფილოსოფიური ქვის" გამოქვეყნებაზე ხომ ავტორს 12-მა გამომცემლობამ უთხრა უარი. ამიტომაც, არასოდეს მისცე წარუმატებლობებს საშუალება, ჩაახშონ შენი ამბიციები და სურვილი შენი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნისა. როგორც ნათქვამია, „მთავარი ის არ არის, როგორ დაენარცხები, მთავარია, როგორ წამოდგები ფეხზე.“  შენ ყველაზე ძლიერი ხარ და ეს არასოდეს დაივიწყო...

      მოტივაცია - ეს თითქოს ძალიან უბრალო რამ ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელ ძალად იქცევა ხოლმე. გიფიქრია? რაოდენ დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს მეგობრის, ოჯახის წევრის ან თუნდაც სრულიად უცხო ადამიანის მიერ საჭირო დროს წარმოთქმულმა მარტივმა სიტყვებმა: „არ დანებდე, შენ ეს შეგიძლია!“ არ აქვს მნიშვნელობა, ახლა რამდენად იმედგადაწურული, ცხოვრებაზე გულაცრუებული, წარუმატებლობებისგან გადაღლილი ან შენს ბუნდოვან მომავალზე ფიქრით შეპყრობილი ხარ, გაიხსენე თოლია ჯონათან ლივინგსტონი, თოლია, რომელსაც არასოდეს დავიწყებია სურვილი „გაფრენისა“, გაიხსენე იგი, იქეცი საკუთარი თავისთვის საყრდენად, არ დაკარგო იმედი და მოტივაცია, და აუცილებლად „გაფრინდები“. თეოდორ დრაიზერის თქმისა არ იყოს, ცხოვრება ხომ მუდმივი ბრძოლაა, ნებისმიერი სახის კრიზისი კი ყოველთვის არის ახალი შესაძლებლობების ჰორიზონტის გახსნის წინაპირობა. პიროვნული განვითარების გზაზე შემხვედრი დაბრკოლებების გადალახვა დიდ ნებისყოფასა და სიმტკიცეს მოითხოვს, მაგრამ უნდა იცოდე მარტინ ლუთერ კინგის ეს გენიალური სიტყვები: „თუ ფრენა არ შეგიძლია, ირბინე, თუ სირბილი არ ძალგიძს, იარე, თუ ვერ დადიხარ, იხოხე. რაც არ უნდა შეგეძლოს, ყველაფერი გამოიყენე იმისთვის, რომ წინსვლა განაგრძო“. არ მისცე საკუთარ თავს დანებების უფლება, შენთვის შეუძლებელი არაფერია და ეს არასოდეს დაივიწყო...

| გააზიარე
მოგწონთ?