5 წესი, რომელიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში


წარმატებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, როგორც კარიერაში, ასევე, პირად ცხოვრებაში. ყველა ადამიანისათვის წარმატება განსხვავებული და ინდივიდუალურია, თუმცა, ზოგადი კრიტერიუმები ვფიქრობ, რომ ყველასთვის ერთია.

  • პირველი - არის გაგება იმისა, თუ ვინ ხარ და რა გინდა, რა არის შენი მთავარი მისია ამ ცხოვრებაში. ნებისმიერი პროფესია თუ საქმე, წარმატების მომტანია, თუ ეს საქმე ყველაზე კარგად გამოგდით. მთავარია სწორად შეარჩიოთ ის, რისი კეთებაც გიყვართ და შემდეგ გააკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ იყოთ პროფესიონალები თქვენს სფეროში. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მაღალია პროფესიონალიზმი, მით უფრო ხარისხიანია შედეგიც!
  • მეორე - მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირება. იოცნებეთ რაც შეიძლება ბევრი, დაისახეთ მიზნები, გააკეთეთ ყველაფერი ამ მიზნების მისაღწევად და იყავით შედეგებზე ორიენტირებულები. მთავარია იცოდეთ, რისი მიღწევა გსურთ მომავალში და დაიწყოთ მოქმედება ამ მიზნების მისაღწევად, რადგან ყველანაირი წარმატების საიდუმლო მოქმედებაშია დამალული.
  • მესამე - თვითგანვითარება და ინოვატორობა. არაფერი არ განსაზღვრავს წარმატებას ისე, როგორც, თვითგანვითარება და სიახლეებისადმი სიყვარული. ვერც ერთი სასწავლო დაწესებულება ვერ მოგცემთ იმდენ განათლებას, რომ მთელი ცხოვრება საკმარისი იყოს. თუ თქვენ არ აუწყობთ ფეხს ცხოვრების ტემპს და სიახლეებს, ასევე თუ არ გადადგამთ ნაბიჯებს ყოველდღე, თუნდაც ნელ-ნელა და არ იმუშავებთ თვითგანვითარებაზე, დიდია შანსი იმისა, რომ მომავალში ყველანაირი წარმატებისგან გათავისუფლდეთ. განვითარება არის უწყვეტი პროცესი და ნებისმიერი შედეგი მიიღწევა მუდმივი ძალისხმევის პირობებში.
  • მეოთხე - ოპტიმიზმი და პოზიტიური აზროვნება. ეს ორი ფაქტორი ძალზედ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ შეუშინდეთ წინააღმდეგობებს. ჩვეულებრივ მოვლენად უნდა მიიღოთ ის, რომ ნებისმიერი საქმის კეთების დროს შეიძლება ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც გინდოდათ, ბევრჯერ შეიძლება დამარცხდეთ კიდეც, მთავარია, რომ ეს ყველაფერი მიიღოთ გამოცდილებად და ისწავლოთ შეცდომებზე. გახსოვდეთ, რომ წარმატება მოდის ბევრი წარუმატებლობის შემდეგ. რაც შეეხება, პოზიტიურ აზროვნებას, ბრაიან თრეისის სიტყვებს დავესესხები, ის ამბობს, რომ ''ადამიანი არის ცოცხალი მაგნიტი და თავისივე აზრებით იზიდავს ადამიანებს, სიტუაციებს და გარემოებებს. ცნობიერებაში როგორი აზრებიც აქვს ადამიანს, ადრე თუ გვიან მის ცხოვრებაში მსგავსი რამ მოხდება. თქვენი დღევანდელი აზრები ქმნიან თქვენს ხვალინდელ ცხოვრებას!''
  • მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი - ოჯახი და პირადი ურთიერთობები. ვერანაირი წინსვლა ვერ იქნება წარმატების მომტანი ცხოვრებაში, თუ ის არ იქნება გამყარებული ურთიერთობებით. დააფასეთ საკუთარი ოჯახი, გიყვარდეთ ადამიანები და იყავით ჰუმანურები. წარმატების მიღწევა მხოლოდ საკუთარი თავის კარგად ყოფნით არ გამოიხატება. წარმატებაა, როცა ყველაფერთან ერთად სხვების გაბედნიერებაც შეგიძლიათ.


გახსოვდეთ, რომ დრო ყველას ერთნაირად ეძლევა დაბადებიდანვე. ის განაწილებულია თანაბრად, როგორც წარმატებული ადამიანებისთვის, ისე წარუმატებლებისთვისაც, მთავარია მონდომება და მოტივაცია, რათა სწორად გამოვიყენოთ და ვმართოთ იგი.

 

| გააზიარე
მოგწონთ?