გეშინია? არ გაჩერდე!


ალბათ, გქონიათ ისეთი მომენტი, როდესაც რაღაცის გშინებიათ. რას აკეთებთ  ამ დროს? დიდი ალბათობით, წყვეტთ მოქმედებას და იხევთ უკან. ადამიანების დიდ ნაწილს აქვს წარუმატებლობის შიში, რაც მარცხის შიშიდან მომდინარეობს: ისინი ფიქრობენ, რომ, თუ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ, დამარცხდებიან, ამიტომ უბრალოდ წყვეტენ მოქმედებას, და მეტიც, საერთოდ არ დგამენ პირველ ნაბიჯს, რადგან ეშინიათ შედეგის.

ყოველგვარი წარუმატებლობის უპირველესი მიზეზი შიშია, მაგრამ მისი დამარცხება შესაძლებელია.

ამერიკელი მწერალი - კარლოს კასტანედა თავის წიგნში „დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა“ საუბრობს ადამიანის პირველ მტერზე, შიშზე. როდესაც კასტანედა ეკითხება დონ ხუანს, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა შიშის დასამარცხებლად, ის პასუხობს:  - არ გაჩერდეთ!  

შეიძლება, ადამიანი ბევრჯერ დამარცხდეს, მარცხისგან დაღლილმა და შეშინებულმა, რომ შემდეგი ნაბიჯიც მარცხის მომტანი იქნება,  უარი თქვას საკუთარ მიზნებზე, არადა, შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ის ნაბიჯი, რომელსაც მისთვის წარმატების მოტანა შეუძლია.

ერთ-ერთი იგავ-არაკის მიხედვით, სოფელში ცხოვრობდა მოხუცი ქალი, რომელიც  ტოტების შესაგროვებლად ტყეში წავიდა. შეგროვებისას, მოულოდნელად, წააწყდა დიდ და მშიერ მგელს, რომელიც მზად იყო, ქალისთვის ეკბინა, ქალს არანაირი იარაღი არ ჰქონდა, რითაც შეებრძოლებოდა, მაგრამ მოიკრიბა სიმამაცე და მგელს მთელი ძალით ჩაეჭიდა ენაზე, ისე მაგრად ეჭირა მგლის ენა, რომ მგელი მას ვერ კბენდა, ქალმა მგელი ასე მიათრია სოფლამდე, გლეხებმა კი კომბლით მოკლეს. მთელი ამ ხნის მანძილზე ქალი არ უშვებდა ხელს მგლის ენას.

ქალი ორი არჩევანის წინაშე იდგა, მას ან მგელი შეჭამდა და იგი ამის საწინააღმდეგოდ ვერაფერს გააკეთებდა, ან გამოიყენებდა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, მოიკრებდა ძალას, გამოიჩენდა სიმამაცეს, მგელს ენით დაიჭერდა და არ გაუშვებდა, რითაც იგი გადარჩებოდა.

მოხუცი ქალის მსგავსად, ადამიანებს ორი არჩევანი გვაქვს: ან  მთელი ძალით ჩავეჭიდოთ ჩვენს შიშებს და დავამარცხოთ ისინი, ან - უბრალოდ მშვიდად დაველოდოთ, თუ როგორ გაიმარჯვებენ ისინი ჩვენზე.

ყოველთვის განიზრახეთ, რომ თქვენი წარმატებისთვის არ დაიშურებთ ას პროცენტიან ძალისხმევას. არ იფიქროთ, რომ რაღაც რთულია, ეს გეგმა არ იმუშავებს, რაღაც არ გამოგივათ, ვიღაც გაგაკრიტიკებთ, რადგან ამ ყველაფერს ჰქვია ერთი სახელი, ’’შიში’’ და მის დაამარცხებას შეძლებთ მხოლოდ ერთი მეთოდით: უბრალოდ, ’’არ გაჩერდეთ’’!


 

წყარო:
კარლოს კასტანედა - „დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა“ http://actualized.org/

| გააზიარე
მოგწონთ?