ახალგაზრდა ქალბატონი და პროფესია, რომელიც კანონებს ცვლის!


ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, დაჯი დვალიშვილი არის სენტ ლუისის ვოშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორანტი (აშშ), სოციალური მუშაობის მაგისტრი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, აშშ, 2010), მკვლევარი, ანალიტიკოსი. 

ექსპერტიზის სფეროები გახლავთ: ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, სიღარიბე, სოციალური მუშაობა, სოციალური პოლიტიკა და პროგრამები, ბავშვთა კეთილდღეობა. ახალგაზრდა ქალბატონი, აკეთებს საყვარელ საქმეს, რომელსაც საზოგადოებისთვისაც მოაქვს სარგებელი, მუდმივად მუშაობს საკუთარი და სხვების კეთილდღეობისთვის, უწყვეტად ვითარდება და აქვს ძალიან საინტერესო გზა გავლილი წარმატებამდე.

თვლით, რომ წარმატებული ადამიანი ხართ?
იმის მიხედვით, თუ როგორ განვმარტავთ წარმატებას, ან ვარ წარმატებული ან არა. თუმცა, ჩემი აზრით, ვთვლი, რომ წარმატებული ვარ, რადგან ვაკეთებ იმას რაც მაინტერესებს, მომწონს და თან, მგონი, არც ისე ურიგოდ გამომდის. ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად ვთვლი იმას, რომ ჩემი შრომის შედეგად იცვლება პროცესები, ზოგჯერ კანონებიც კი, უკეთესობისკენ. წარმატების მთავარი ფორმულა არის აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს, თუ ასეა მაშინ ყველაფერი გამოგივათ.

როდის და როგორ მიხვდით, რა იყო თქვენი საყვარელი საქმე?
როცა ჩემი ჩატარებული სამუშაო პოზიტიურ საკანონმდებლო ცვლილებებს დაედო საფუძვლად. 2013 წელს ვიყავი იუნისეფის ეროვნული კვლევის მთავარი მკვლევარი და სწორედ ამ კვლევის შედეგები დაედო საფუძვლად ცვლილებებს - გაჩნდა ბავშვთა უგულველყოფის ცნება, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმის, სავალდებულო ანგარიშგების პასუხისმგებლობა ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის. http://unicef.ge/uploads/Unicef_VAC_GEO_Final3_02_09.pdf

თვლით, რომ პოზიტიური ადამიანი ხართ?
მგონი, კი, ვცდილობ ყველაფერში დადებითი ვიპოვო, თუ ეს არ ეხება ჩემი ახლობლების ჯანმრთელობის პრობლემებს, მაშინ უსუსური ვხდები. ვფიქრობ, არ არსებობს აბსოლუტური შავი.

თქვენი ტოპ 5 რჩევა ადამიანებს, რომელთაც წარმატების მიღწევა სურთ.

  • არ შეგეშინდეთ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები და გამოწვევები, რომლებიც ახალ ცოდნასთან და/ან გამოცდილებასთან არის დაკავშირებული;
  • იპოვეთ და აკეთეთ ის, რაც გაინტერესებთ, (ოღონდ მართლა რაც გაინტერესებთ!) საუკეთესოა თუ ამაში ფულსაც გადაგიხდიან;
  • იყავით ამბიციური, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ყველაფერი იცით და შეგიძლიათ და სწავლა არ გჭირდებათ;
  • შეეცადეთ არ იზარმაცოთ;
  • მიუხედავად ყველაფრისა, იპოვეთ დრო ოჯახისა და მეგობრებისთვის!


 

| გააზიარე
მოგწონთ?