გემის კაპიტნის ინტერვიუ შორეული ჰაიტიდან


ლაშა მდინარაძე სპეციალობით გემთწამყვანია. ოცნების ასასრულებლად ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია, თუმცა 35 წლის ასაკში კაპიტანი გახდა. 2 თვეა რაც, ისევ შორეულ ნაოსნობაშია. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ერთერთი კუნძულიდან სკაიპის მეშვეობით ჩავწერეთ. 

გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების შესახებ
მოგესალმებით, შორეული ჰაიტიდან. პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ, რომ დაინტერესდით ჩემით და ამ რთული პროფესიით. მე დავამთავრე გურიის ერთ-ერთი სოფლის ერკეთის საჯარო სკოლა, რის შემდეგაც გადავწყვიტე ჩამებარებინა ბათუმის საზღვაო აკადემიაში.  ამავდროულად ერთ-ერთ საამქროში შევისწავლე  ხეზე მუშაობა, სადაც დღისით ვმუშაობდი, საღამოობით კი ვმეცადინეობდი ჩასაბარებელი გამოცდებისთვის. 2007 წელს პირველად წავედი ნაოსნობაში, შემდეგ ნელ-ნელა თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოვიდა წარმატებაც.

რატომ აირჩიეთ ეს რთული პროფესია?
მგონი სირთულეები ადამიანების დამოკიდებულებებში უფროა, ვიდრე, ზოგადად, პროფესიებში. გარდა მატერიალური მხარისა, ეს პროფესია არის განსაკუთრებული თავგადასავლებით და ეგზოტიკით, ნახულობ ბევრ ქვეყნებს და გაქვს ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის ხალხთან და  კულტურასთან. მრავალფეროვნებაში და სირთულეებშია მთელი „მუღამი“ და არა ერთფეროვან, უმოქმედო და რუტინულ ცხოვრებაში.

რა განსაკუთრებული ნიშან-თვისებები უნდა გააჩნდეს ადამიანს, რომელსაც სურს დაეუფლოს ამ პროფესიას?
პირველ რიგში, აუცილებელია ფიზიკური ჯანმრთელობა და მყარი ფსიქიკა. ეს არ არის ის პროფესია, სადაც გიწევს მხოლოდ პროდუქტთან, მომსახურებასთან და ადამიანურ რესურსებთან ურთიერთობა და მათი მართვა. ესაა პროფესია, სადაც ყოველ დღე ან ყოველ წუთს შეიძლება მოგიწიოს სიკვდილთან თვალებში ჩახედვა. გარდა ამისა, უნდა გიყვარდეს ეს საქმე და მზად უნდა იყო ყველა პრობლემის გადასალახად.

უკვე რამდენიმე თვეა რაც კაპიტანი გახდით, რა შეიცვალა თქვენში ამის შემდეგ?
მომემატა პასუხისმგებლობა და დამაკლდა ძილი (იცინის). პირველ რიგში, ვგრძნობ ამ დიდ პასუხისმგებლობას და ვცდილობ, სწორად ვმართო გემიც და ჩემი პროფესიაც. ვცდილობ, არ დავკმაყოფილდე იმით, რასაც მივაღწიე. ახალი განსხვავებული მწვერვალის ძიებაში ვარ. მომავალში ვაპირებ,  დაგროვილი გამოცდილება მომავალ თაობას მოვახმარო და ბედი ბიზნესში ამ კუთხით ვცადო, ოღონდ რა და როგორ, ჯერ ჯერობით ამაზე არ მიფიქრია.

რამდენად ახერხებთ დროის განაწილებას ოჯახსა და სამსახურს შორის და რამდენად რთულია ეს ყველაფერი?
თითქოს დრო თავისით ნაწილდება და გეხმარება ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, რთულია, როცა ოჯახს და საყვარელ ადამიანებს შორდები 6, 7 ან 8 თვით, თუმცა ვფიქრობ, რომ შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის კარგი მაგალითის მიცემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყოველდღიურად თავზე ხელის გადასმა.

როგორი უნდა იყოს ნამდვილი უფროსი?
ნამდვილი უფროსი ყველგან ერთნაირი უნდა იყოს, ზღვაშიც და ხმელეთზეც პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს ლიდერის უნარ-ჩვევები. მხოლოდ ბრძანებების გაცემით,  ვერც პატივისცემას მოიპოვებ და არც საქმე გაკეთდება. როგორც უკვე აღვნიშნე, უნდა იყო მაგალითი სხვებისთვის და შენი პერსონალისთვის.

რას ურჩევდით მომავალ მეზღვაურებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ მიაღწიონ წარმატებას თავის სფეროში?
1. პირველ რიგში, იყავით მამაცები, არ შეუშინდეთ წინააღმდეგობებს და ნებისმიერი დაბრკოლება მიიღეთ გამოცდილებად, რომელიც აუცილებლად გამოადგებათ გემზე ყოფნის დროს.

2. ცოდნა და განათლება არის ის ფუნდამენტი, რაზეც დგას ყველანაირი წარმატება ყველა სფეროში.

3. მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა. არასოდეს გაგიკეთებთ არავინ თქვენს გასაკეთებელს და რომც გაგიკეთონ, გახსოვდეთ, რომ უხარისხო იქნება და არასოდეს დაგეგმავენ მომავალს თქვენს მაგივრად სხვები. ვალდებულები ვართ ავირჩიოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ამ ცხოვრებაში და შევუდგეთ საქმის კეთებას.

4. იყავით თავდაჯერებულები, თუმცა არასოდეს დაკმაყოფილდეთ მიღწეული წარმატებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მთელი ცხოვრების ნაშენები წამებში დაგვენგრეს.

5. იყავით ოპტიმისტები და ეცადეთ, მოახდინოთ აპელირება პოზიტივზე, თორემ თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ვერ მოშორდებით ოჯახს და ახლობელებს, რომ ვერ გადალახავთ შუა ზღვაში ამდენ პრობლემებს, რომ უკეთესია სტაბილურობა და სიმშვიდე და ა.შ.  თუ ამ პროფესიას ირჩევთ, შეხედეთ თავგადასავლებისა და მრავალფეროვნების კუთხით და, რაც ყველაზე მთავარია, უნდა გიყვარდეთ ზღვა...


 

| გააზიარე
მოგწონთ?