6 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვიხაროდეს ახალი წელი


დეკემბერია. დიახ, ცივი და სუსხიანი დეკემბერი. შეიძლება არც იმდენად ცივი, თუმცა მის პირველ ნაბიჯებს, რაღაც შინაგანი სიცივე ახლავს ხოლმე. ეს რაღაც კი უფრო მეტია, ვიდრე მზის სიახლოვე, თუ სიშორე დედამიწიდან. მაგრამ არაფერია იმაზე უფრო თბილი, რაც ამ სიცივეს სრულად დაგავიწყებს. ბავშვობიდან დღემდე ბევრი რამ იცვლება, მაგრამ არის რაღაცები, რაც უცვლელი რჩება და ყოველი 31 დეკემბრისა და 1 იანვრის თანაკვეთა კვლავაც მოუთმენელ, გულანთებულ ბავშვად გვაქცევს. ყველაფერი გვიყვარს საახალწლო სამზადისით დაწყებული, ფილმებით დასრულებული. ყველგან ვეძებთ მუხტს, რომელიც კიდევ უფრო გვიმძაფრებს მოლოდინს ახალ წელთან შესახვედრად. რატომ ახალი წელი? ჰო, არც თუ მარტივი კითხვაა. რატომ?

ბევრი მიზეზი არსებობს საიმისოდ, რომ ახალი წლის მოლოდინი გვქონდეს.

1. დროის ლიმიტი

რაც არ უნდა გავაკეთოთ ყველაფერში გვჭირდება გარკვეული დროის საზომი. ხოლო გასული ერთი წელი ოქროს შუალედია საიმისოდ, რომ კარგად აღვიქვათ რა გაგვიკეთებია, ან რა დაგვრჩა გასაკეთებელი. მარტივად შევთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ განუსაზღვრელი დროით გაწერილ გეგმებს დღის სინათლის პოვნა უჭირთ.

2. იმედები

ალბათ, ესეც ბავშვობის დროინდელი აჩრდილია, რის გამოც ახალ წელს ყოველთვის ახალი იმედები მოაქვს. ალბათ, ვიტყვით თუ შარშან ვერ მოვახერხეთ, რატომ წელს? ეს ხომ აბსურდია! მაგრამ არა, იმედი აუცილებელია. ის ყველაზე თბილი ნაპერწკალია, რომელიც შეიძლება დიდხანს იყოს მიძინებული, მაგრამ ცოტა თავდაჯერებით თუ შევუბერავთ სულს, მთელ გარემოს მოიცავს სინათლით. ამიტომ შევხვდეთ ახალ წელს ახალი იმედებით.

3.მოლოდინი

ყოველთვის არსებობს მოლოდინი, რომ ახალი წელი უფრო უკეთესი იქნება ვიდრე წინა. უფრო უკეთესები, მობილიზებულები, თავდაჯერებულები ვიქნებით წელს და ეს სრულიად ლოგიკურია. ნუ მივიღებთ ამას ისე, თითქოს რაღაც სასწაულის ძალით მივაღწევთ ამ ყველაფერს. არა, ამაში მესამე პირის ჩარევა სულაც არ არის საჭირო. რადგან სასწაულის ნაპერწკლები ჩვენშია, სურვილისა და ქმედების შემთხვევაში ჩვენ შევხვდებით მომდევნო წელს სასურველ ამპლუაში.

4. მიზნები

კიდევ ერთი მიზეზი, რატომ ახალი წელი. ალბათ იმიტომ, რომ ეს დღესასწაული ერთგვარი სუფთა ფურცელია, 365 დღიანი ისტორიებით. ამიტომ ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა წლის ბოლოს რამდენად საინტეტესო ამბავს მოვყვებით. ასე რომ ყველაზე კარგი დროა დავისახოთ მიზნები. რა გვინდა, რატომ გვინდა და რაც მთავარია რას გავაკეთებთ ამ მიზნების შესასრულებლად. სიტყვა ხო ქმედებასთან ერთად იძენს ძალას. დავფიქრდეთ, რა არის ის, რისი გაკეთებაც ძალიან გვინდა და დღემდე შიშის, იმედგაცრუებისა და სხვათა აზრის გამო რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ნუ დაიჯერებთ მითს, რომ არსებობენ ადამიანები შიშის გარეშე, ყველა ადამიანს აქვს შიშის გრძნობა, უბრალოდ ნაწილი თანხმდება იცხოვროს ამ გრძნობით, ადამიანთა ნაწილი კი ებრძვის მას. ამიტომ, თუ გვინდა, ესე იგი სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. 

5. უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლება

იმისათვის, რომ მივყვეთ ზედა პუნქტებს, საჭიროა გავთავისუფლდეთ წყენისგან, უარყოფითი ემოციებისგან. როგორი ცუდი გავლენაც არ უნდა იქონიოს გარემომ, ან სხვა ადამიანებმა ჩვენ ცხოვრებაზე, გვახსოვდეს! ყოველი ნეგატივზე დაფუძნებული საძირკველი პირველ რიგში პიროვნულად გაგვტეხს.

6. დადებითი ემოციები

და ბოლოს, გავცეთ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია, ვუთხრათ კიდევ ერთხელ საყვარელ ადამიანებს, რომ გვიყვარს, დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. გავახაროთ სხვები თუნდაც მცირედით. ყველაფერი ბევრად საინტერესოა, როცა ბედნიერი ადამიანები არიან ჩვენ გარშემო. შევიქმნათ და შევუქმნათ განწყობა სხვას. 

ნუ მივცემთ უფლებას ვინმეს მოგვპაროს ახალი წელი. დღის დადებითი ემოცია, ეს ხომ საზრდოა, რომელიც შეიძლება მთელი წელი გაგვყვეს. ამიტომ ვისურვოთ და გულით ვუსურვოთ სხვებს ბედნიერი ახალი წელი, ბევრი დადებითი ემოციითა და წარმატებული ნაბიჯებით.

| გააზიარე
მოგწონთ?