ინტერვიუ ''Speak Up in Georgia'' - ს დამფუძნებელ თამარ კანაშვილთან


ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი 25 წლის თამარ კანაშვილია, რომელიც ორგანიზაცია ''Speak Up in Georgia'' - ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, ასევე ერთ-ერთი მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგის ტრენინგების და განვითარების კოორდინატორია, აქვს თავისი პატარა ბიზნესიც სახელად „ფორტუნა“, ხოლო თავისუფალ დროს სხვადასხვა კომპანიაში ატარებს ტრეინინგებს. მის სახელზე 300-ზე მეტი ტრეინინგი, 20-ზე მეტი პროექტი, ენერჯაიზერების და ყინულის გალღობის პირველი მინი სახელმძღვანელო, 14-ზე მეტი სამსახურეობრივი პოზიცია და სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული გამოცდილებაა.  თამარი 4 გზის საერთაშორისო ტრენერია. ვიმედოვნებთ, საკმარის მიზეზი გვაქვს, რომ უკეთ გაგაცნოთ ეს პიროვნება და გთავაზობთ  მის გულწრფელ ინტერვიუს:

რას ემსახურება ტრენინგები? რატომ აირჩიეთ ტრენერობა და რა როლი უჭირავს ამ საქმეს თქვენს ცხოვრებაში?
ამ პროფესიის წარმომადგენლების უპირველესი ამოცანა ადამიანების მოტივაციის ამაღლებაა, მათი განვითარების სამსახურში ყოფნაა. ტრენერობა არ ამირჩევია, ერთხელ შემთხვევით მომიწია ტრენინგის ჩატარება, იმ დღის მერე ვერ შევძელი ამ არაჩვეულებრივი სფეროს გადაყვარება. ტრეინინგი ორმხრივი მეგობრობაა შენსა და აუდიტორიას შორის. შენ არ ხარ მასწავლებელი ან დამრიგებელი, ვერ ეტყვი მონაწილეს „არ ხარ სწორი“, თქვენ ხართ ერთ გემში და უპირობოდ უნდა გწამდეს, რომ მომავალ კაპიტანს მხარს უჭერ მისი ცხოვრების გემის მართვაში, აჩვენებ რუკას მაგრამ ის თავად ირჩევს გზას.
დამეთანხმებით, ვისაც თქვენი სჯერა მათ უმართლებთ იმედებს, მასწავლებელი რომელიც გაქებდათ, გგულშემატკივრობდათ უკეთესად სწავლობდით მასთან. მე ჩემი ტრეინინგების თითოეული  მონაწილის მჯერა, მჯერა მათი უდიდესი პოტენციალის და მიყვარს ვიყო მათი წარმატებების უდიდესი გულშემატკივარი. მე, რაც მაკლდა ან დამკლებია სწავლებისას, მინდა ჰქონდეთ მათ. ტრენინგებამდე მნიშვნელოვანია მონაწილეების საჭიროებების შესწავლა, მათ ადგილას თუნდაც 1 დღით მუშაობა, მათი ტკივილის და სიხარულის გაზიარება, მათ ენაზე ამეტყველება. სულ სხვა განცდაა შემდგომ ეს პროცესი და გამარჯვებამდე ერთად მისვლა.

რამ განაპირობა თქვენი ცხოვრების ასეთი საინტერესო და აქტიური სტილი? რამ გიბიძგებთ მოქმედებებისკენ?
ხშირად მგონია, რომ გაჩერების უფლება უბრალოდ არ მაქვს. შენ თავთან უნდა იყო მართალი, იმოქმედო, იმოძრაო და აუცილებლად გადადგა ნაბიჯები, რომ უკან არ მოიხედო და ინანო. 

არის ვინმე ან რამე თქვენი მოტივაციის წყარო, ვისაც/რასაც დამსახურება მიუძღვის თქვენს წარმატებასა და მიღწევებზე?
ჩემი მთავარი მოტივაცია დედამ და ბებიამ განაპირობეს. მე გავიზარდე ძალიან ძლიერი ქალების გარემოცვაში. ბებიას ძალიან სჯეროდა ჩემი და სულ მინდოდა გამემართლებინა მისთვის იმედები.  ვფიქრობდი, აი ახლა გავაკეთებ ისეთ რაიმეს, რომ იამაყოს,  ისეთი წარმატებული ვიქნები, რომ დავუფასო ჩემდამი წვლილი. ბებია აღარ მყავს, მაგრამ ის ძველი პირობები ჩემი მოტივაციის უდიდესი წყაროა.

რას ურჩეევთ ახალგაზრდებს,რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ თავიანთ საქმიანობაში და სურთ რომ იყვნენ წარმატებულები მომავალში?
დრო ძალიან ცოტაა. არ გაჩერდეთ პირველ ნაბიჯზე. ყველა წარმატების უკან მცდელობებია, წარუმატებლობებია და თუ რაიმე ისე გამოვა თქვენს ცხოვრებაში, ესე იგი საკმარისად არ გიცდიათ, ესე იგი წინაა მთავარი ბრძოლა. არ მოუსმინოთ მას ვინც გეუბნებათ, რომ რაიმე „შეუძლებელია“, რომ თქვენ არ გამოგივათ, უბრალოდ ადექით და გააკეთეთ! როცა გწამს სიტყვა „არა“-ც არ გესმის, უბრალოდ თქვენ უნდა გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების.


 

| გააზიარე
მოგწონთ?