10 ფილმი საახალწლო განწყობისთვის


დღესასწაული - სიტყვა, რომელიც მთელი თავისი არსით იწვევს ბედნიერების განცდას  და განსაკუთრებულად კარგ ემოციებს. დღესასწაულთან ასოცირდება ყველაფერი დადებითი. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანია ახალი წლის ღამე, რომელსაც დიდი მოლოდინითა და საუკეთესო განწყობით ვხვდებით ყველა. ღამე, რომელიც ყველაზე მძაფრად შეგვაგრძნობინებს სასწაულის ძალას, რომელსაც მოაქვს დადებითი აურა, სიახლე, მომავლის იმედი. ამ დროს ხდება  განვლილი წლის შეჯამება, უარყოფითი ემოციებისაგან გათავისუფლება და მზადება ახალი თავგადასავლების, გამოცდილებისა და განცდებისათვის.  

განსაკუთრებით საყვარელი და სასიამოვნო ახალი წლისთვის მზადების პერიოდია. ამ დროს ყველა სახლში საოცარი გარემო იქმნება. განწყობის გასამყარებლად კი გვჭირდება ფილმები, რომლებიც საუკეთესო განწყობას შეგვიქმნის და საახალწლო სასწაულების რწმენას შეგვმატებს.

 

წარმოგიდგენთ 10 საახალწლო განწყობისა და პოზიტივის მომტან ფილმს: 

 

1.Home alone (მარტო სახლში) - ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი, ახალ წელთან ასოცირებული ფილმი რვა წლის ბიჭზე, რომელიც საშობაო არდადეგებზე გამგზავრებულ ოჯახს  დაავიწყდება. ბიჭი სრულიად მარტო რჩება დიდ სახლში, ის ცდილობს დაიცვას სახლი ორი მძარცველისგან, რაც კომიკურ სიტუაციებს ქმნის. „home alone”-ს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ  კიდევ 4 ნაწილი გადაიღეს, რომლებიც მოგვითხრობს სხვადასხვა ისტორიას, სავსეა ინტრიგებით, პოზიტივით, მახეებითა და სასაცილო სიუჟეტებით.

 

2.The family Stone (სტოუნების ოჯახი) -  საახალწლო არდადეგებზე ევერეტი გადაწყვეტს, საცოლე გააცნოს ოჯახს, რაც საკმაოდ დიდ უხერხულობას გამოიწვევს. ერთ მხარეს არის სტოუნების უცნაური, მაგრამ სტუმართმოყვარე ოჯახი, მეორე მხარეს კი - საცოლე, რომელიც საკმაოდ კონსერვატიულია. საბოლოო ჯამში, ფილმში სადღესასწაულო განწყობის ფონზე ვითარდება ძალიან საინტერესო სიუჟეტი ისეთი მსახიობების მონაწილეობით, როგორებიც არიან:  სარა ჯესიკა პარკერი, რეიჩელ მაკადამსი, დერმოტ მარლუნი და სხვები.

 

3.Love actually (რეალური სიყვარული) - არაჩვეულებრივი ბრიტანული ფილმია. შობის მოახლოვებასთან ერთად ზოგი შორდება ერთმანეთს, ზოგს უყვარდება და საბოლოოდ, იქმნება ძალიან პოზიტიური სიუჟეტები. ეს ფილმი საახალწლო საუნდტრეკებით, საოცარი მსახიობებით და ამაღელვებელი ისტორიებით ნამდვილად გვარწმუნებს, რომ შობის ღამეს სასწაულები ხდება და გვავსებს უამრავი პოზიტივით.

 

4.12 Dates of Christmas (12 საშობაო პაემანი) - რომანტიკული კომედია ახალგაზრდა ქეითზე, რომელიც ცდილობს ძველი შეყვარებული დაიბრუნოს. მას აქვს 12 შანსი და შობის წინ 12 პაემანზე მოუწევს წასვლა. ფილმი სავსეა პოზიტიური, საახალწლო განწყობითა და რომანტიკული ელემენტებით.

 

5.The night before (წინა ღამეს) - ამერიკული კომედია მოგვითხრობს სამი მეგობრისა და მათი ტრადიციის შესახებ შეიმოსონ უცნაურ სვიტერებში და მხიარულად შეხვდნენ ახალ წელს. მოვლენები იცვლება და მეგობრები სასაცილო სიტუაციებში ხვდებიან.

 

6.A very Harold and Kumar 3D Christmas (ჰაროლდისა და კუმარის ძალიან მაგარი შობა) - საახალწლო კომედია მოგვითხრობს  ორი მეგობრის ძალიან სასაცილო თავგადასავალს, რომლებიც სრულყოფილი ნაძვის ხის შესაძენად ჩადიან ნიუ-იორკში. 

 

7.Noel (ნოელი) - წელიწადის ყველაზე შესანიშნავი პერიოდი - შობა ნიუ-იორკში. მთელ ქალაქში ათასობით საშობაო ნაძვის ხის შუქები ინთება, მაგრამ ზოგიერთისთვის ეს არაა საკმარისი. ფილმი მოგვითხრობს ისტორიას მათ შესახებ, ვინც შობის ღამეს რაღაც ჯადოსნურს და არაჩვეულებრივს ელის.

 

8.Christmas Carol (საშობაო ისტორია) - ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელშიც ნათლადაა წარმოდგენილი, როგორ შეიძლება შეცვალოს ახალმა წელმა ადამიანი უკეთესობისკენ.

 

9.Bad santa (ცუდი სანტა) - შობის ღამეს თაღლითი, რომელიც სანტას განასახიერებს დაუმეგობრდება ბავშვს. საქმე გართულდება და სუპერმარკეტის გაძარცვა სულ უფრო რთული ხდება.

 

10.How the Grinch stole Christmas (როგორ მოიპარა გრინჩმა შობა) - გრინჩი უცნაური არსებაა, რომელსაც სძულს შობა. მიუხედავად მისი უცნაურობისა, ის ყველასათვის საყვარელი პერსონაჟია. ამ დღეს მისი ცხოვრება იცვლება.

 

ახალ წელს ყველა პოზიტიურად უნდა შევხვდეთ. ეს არის გარანტი წლის საუკეთესო დასაწყისისა, ამიტომ გირჩევთ, მოკალათდეთ კომფორტულად საყვარელ ადამიანებთან ერთად და უყუროთ ზემოთ ჩამოთვლილ ფილმებს, რათა კიდევ ერთხელ ირწმუნოთ ახალი წლის ჯადოსნურობა და შეიქმნათ საუკეთესო განწყობა.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

| გააზიარე
მოგწონთ?