როგორ გადავდგათ უფრო მეტი გაბედული ნაბიჯი?


ადამიანების უმეტესობა ისე ცხოვრობს, თითქოს ყოველი მომდევნო დღე გარანტირებული აქვს. ხვალიდან იწყებენ ვარჯიშს, თვითგანვითარებას, დიეტას და ა.შ. მოდის ,,ხვალ“, რომელიც ძალიან ჰგავს გუშინდელ დღეს. ასე გადის სიცოცხლე, უღიმღამოდ და უშედეგოდ. 
 
ყველა ადამიანს ინდივიდუალური სურვილები და მისწრაფებები აქვს. ამიტომ დაფიქრდით თქვენთვის რა არის ცხოვრება? ვინ გინდათ, რომ იყოთ? გამოდით კომფორტის ზონიდან, ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, რადგან მათი სასიკეთოდ გამოყენება შესაძლებელია. როცა რაღაცას ვერ აღწევთ, არ იფიქროთ, რომ ყველაფერი დასრულებულია და არ დათმოთ სადავეები. გახსოვდეთ მუდმივი ქაოსით არაფერი იქმნება. მხოლოდ ორგანიზებულობამ შეიძლება გაგრძნობინოთ შინაგანი სიმშვიდე. ნუ წახვალთ დათმობებზე საკუთარ სიზარმაცესთან. როცა ვერ იღებთ იმას, რაც გსურთ, არ დაიწყოთ საკუთარი თავის შებრალება. ეს დამღუპველია. თუკი თვითონ ჩათვლით თავს უსუსურად, კიდევ უფრო სუსტი გამოჩნდებით გარშემომყოფთა თვალში.

საკუთარ თავს ნუ შეუზღუდავთ სურვილებსა და ოცნებებს. ფიქრებში მაინც ეცადეთ თავისუფალი იყოთ. ჩათვალეთ, რომ სიცოცხლე საჩუქრად გერგოთ, საჩუქრებს კი არ ყრიან, რაც არ უნდა უსარგებლო იყოს ისინი. გარდა ამისა, ნებისმიერ რამეს შეიძლება მნიშვნელობა/ფუნქცია შესძინოთ, როცა მოისურვებთ. შეუძლებელი რამ არ არსებობს, ნურავის დაადანაშაულებთ იმაში, რასაც თვითონ არ აკეთებთ. 

საკუთარ თავთან თუ სხვებთან არ დაიწყოთ ახსნა-განმარტებების ჩაბარება, თუ რატომ არ გამოგივიდათ. დროის ფლანგვას სჯობს, ხელმეორედ სცადოთ. წარსული ის გაკვეთილია, რომლისგანაც უნდა ისწავლოთ. ცხოვრება არ ჯდება ვალდებულებების ჩარჩოში, თუმცა მას სწორედ ასე განიხილავენ. იგი შესაძლებლობაა, რომელიც უნდა გამოიყენოთ. არ არის საჭირო მოვლენების დრამატიზება, მუდმივი დარდი იმაზე, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები. 

თქვენი სიცოცხლე მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და პასუხისმგებლობაც საკუთარი თავის წინაშე უნდა აიღოთ. გადახედეთ განვლილ წლებს და დაფიქრდით: რას აკეთებდით და რას არ აკეთებდით, რა გააკეთეთ სწორად და სად დაუშვით შეცდომა. თქვენ ვერ შეცვლით წარსულს, ვერც გარემოებებსა და საზოგადოებას. ასე რომ წუწუნის ნაცვლად, პრობლემის გადაჭრა საკუთარი თავიდან დაიწყეთ. გათავისუფლდით ყოველგვარი შიშისგან. შინაგანი სიმშვიდის გარეშე, სრულფასოვან ცხოვრებას ვერ შეძლებთ.

შემატეთ ფერები თქვენს სამყაროს, გუშინდელი დღე უკვე დასრულდა. დღეს სხვა დღეა, ახალი შანსია, მიეცით თავისუფლება თქვენს ოცნებებს. იცხოვრეთ ისე, როგორც გსურთ. დღეს ამისთვის საუკეთესო დროა.


ათვლა დაიწყო! გაბედეთ ცხოვრება, ეს ხომ ასეთი მნიშვნელოვანია? 

 

| გააზიარე
მოგწონთ?