რა მიზეზებით ტოვებენ სამსახურს საქართველოში ყველაზე ხშირად?


მოგეხსენებათ, რომ საქართველოში უპირველეს პრობლემას დასაქმება წარმოადგენს. უმუშევრობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ძალიან აწუხებს და ამ საკითხის მოგვარებას  ყველა  მოუთმენლად ელოდება. გასაგებია, რომ 100%-ით ეს საკითხი ვერ გადაიჭრება, მაგრამ უკეთესი მდგომარეობის იმედს მაინც არავინ კარგავს. დღესდღეობით საქართველოში ადამიანები ტოვებენ სამსახურს და ამის მრავალფეროვანი მიზეზები აქვთ, თუმცა არის რამდენიმე, რომელიც ყველაზე გავრცელებულია.

 

ხშირ შემთხვევაში სამსახურში არის უამრავი  საქმე, რთული და სტრესული სამუშაო, ხელფასი კი  დაბალი და არაპროპორციული იმ საქმესთან შედარებით, რასაც თანამშრომელი ასრულებს, შესაბამისად, ადამიანებს უბრალოდ აღარ უღირთ მსგავსი სამუშაო და ეს ხდება ძირითადი მიზეზი, თუ რატომაც ტოვებენ ისინი სამსახურს. ზოგჯერ სამუშაოზე უარის თქმის მიზეზი ხდება უფროსი, რომელიც არ არის ჩართული საქმის კეთების პროცესში, ზედმეტად მკაცრი და არასამართლიანია. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი უფროსები, რომლებსაც მხოლოდ ბრძანებების გაცემა შეუძლიათ და რეალურად არ ზრუნავენ თანამშრომლების განვითარებაზე, ხდებიან მიზეზი, რის გამოც ადამიანები ტოვებენ სამსახურს.

 

შემდეგი მიზეზი აქტიური თანამშრომლებისადმი უყურადღებობაა, ხშირად მათ არ აძლევენ საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას, არ იზიარებენ და არ უსმენენ მათ იდეებს. მიმაჩნია, რომ დაწესებულებაში, სადაც ასეთი გარემოა, აქტიური და იდეებით სავსე ადამიანი, რა თქმა უნდა, ვერ შეეგუება ასეთ დამოკიდებულებას.

 

და ბოლოს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი დამსახურების უარყოფაა, როდესაც  თანამშრომელი, რომელიც  ყოველთვის მასზე დაკისრებულზე მეტს აკეთებს, ყველა მოლოდინს აჭარბებს და იგი არანაირ შექებას და დადებით უკუკავშირს არ იღებს მენეჯმენტისგან. ასეთი უყურადღებობა ძალიან ცუდად მოქმედებს განწყობასა და მოტივაციაზე, შესაბამისად, იგი რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებს და ტოვებს სამსახურს. 

 

ვფიქრობ, რომ ამ საკითხში საქართველომ უნდა აიღოს განვითარებული ქვეყნების მაგალითი. კარგი იქნება, თუ ამ მიზეზებს გაითვალისწინებენ დამსაქმებლები და თავიანთ თანამშრომლებს მოექცევიან უფრო ყურადღებით და სამართლიანად. დამეთანხმებით, რომ ახალი კადრების მიღება და მათი მომზადება კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის საკმაოდ შრომატევადი და ხარჯებთან დაკავშირებული პროცესია, რაც პირდაპირ აისახება დამსაქმებლის ბიუჯეტზე. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ დამსაქმებლებმა უფრო მეტად უნდა იზრუნონ თანამშრომლებზე, რათა არც კარგი პოტენციალი დაიკარგოს და დამატებითი ხარჯებიც თავიდან აიცილონ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?