ჰობი - არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ


დღევანდელ გარემოში ადამიანთა უმრავლესობა დროის დეფიციტს განიცდის, სამსახური, საქმე, წვრილმანები და საბოლოოდ, არანაირი თავისუფალი დრო. იმდენად შეჩვევადია ეს რუტინული რიტმი, რომ არც კი ფიქრობენ სად არიან თავად როგორც პიროვნებები, რა სურთ იმისთვის, რომ მიიღონ სიამოვნება და ადრენალინი. ამისთვის კი საჭიროა ჰობი.

ჰობი - ეს არჩევანია, სად, როდის და როგორ გავატაროთ თავისუფალი დრო. ამ დროს ვიღებთ სიამოვნებას, ვასვენებთ გონებას და რაღაც კუთხით ვვითარდებით. საბოლოოდ, ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროც კი გახდეს.

თუ ჯერ არ გაქვს ჰობი, ან ძველი მოგბეზრდა, უბრალოდ სძლიე სიზარმაცეს და შეიძინე ის. საიდან დაიწყო? - გაიხსენე რა არის საყვარელი საქმიანობა, რომლითაც ყოველთვის გინდოდა დაკავებულიყავი, მაგრამ ვერასდროს „მოიცალე.“

 

1.გაქვს შემოქმედებითი ნიჭი? მაგალითად ბავშვობიდან ხატავ, აიღე მოლბერტი, გადი ბუნებაში და აირჩიე ხედი. გიყვარს წერა? მარტივად გახსენი საკუთარი ბლოგი და წერე შენთვის სასურველ თემებზე. ყოველთვის გინდოდა ცეკვის სწავლა? რა შუაშია ასაკი და სოციალური სტატუსი? გათავისუფლდი! მოიძიე თავისუფალი ცეკვის ჯგუფი და აყევი რიტმს. თუ გურმანი და „კარგი ხელის“ მქონე ერთდროულად ხარ, შეისწავლე ახალი კერძები, ან გემრიელი და ლამაზი ტორტების შექმნას მიჰყავი ხელი, საბოლოოდ შეიძლება ჰობი ბიზნესადაც კი გადააქციო.

 

2.გხიბლავს ექსტრემი? დროა აისრულო სურვილი, უბრალოდ მოირგე არჩევანი, მაგალითად: დადექი სკეიტბორდზე, შეუერთდი დამწყებ ალპინისტებს, აითვისე ჯომარდობა და  ოთხიდან ერთ-ერთი თუ არა, 12-დან ერთ-ერთი ჯომარდი გახდი. წყალი შენი სტიქიაა? რა გიდგას წინ დაივინგის საზოგადოების წევრი გახდე?! ბავშვობაში ერთხელ მაინც ყველას უფიქრია ფრენაზე, დღემდე გულში თუ გაქვს ეს სურვილი მონახე გამოცდილი მეწყვილე და პარაპლანით შეასრულე საჰაერო მანევრები. თუ დაბრკოლებათა გადალახვა გიყვარს, ფიზიკური მონაცემები და სურვილიც ტანდემშია, მაშინ პარკური შენთვის მოუგონიათ და დროა სცადო.

 

3.თუ სიამოვნებას მშვიდი გარემოსგან და ბუნებისგან იღებ, შეუერთდი მეთევზეთა რიგებს ან აღიჭურვე კარვით, საძილე ტომრით, სხვა საჭირო ნივთით, მოემზადე კემპინგისთვის შესაფერისად და მიაშურე მოლაშქრეთა ჯგუფს, ამით სანაცნობო წრესაც გააფართოვებ, სიამოვნებასაც მიიღებ და კიდევ ბევრ დადებით ნიუანსს შეხვდები, რაც თავად უნდა გამოსცადო.

 

4.თუ ბუნებით „შემგროვებელი“ ადამიანი ხარ, მიეცი გასაქანი შენს მისწრაფებას, გამოავლინე შენი უნარი, აქციე ჰობად და დაიწყე შეგროვება, მაგალითად: თუ მცენარეები გხიბლავს მოაწყე შენი „ოაზისი“ და დარგე ფერადი ყვავილები. თუ შეგროვების პარალელურად მუსიკაც გიყვარს, შექმენი მუსიკალური ალბომების კოლექცია. თუ რეტრო სტილი გხიბლავს, აირჩიე შენთვის სასურველი ნივთი და დაიწყე შეგროვება, შეიძლება დრო გავიდეს და ფუნქციადაკარგულმა ნივთმა ანტიკვარის სტატუსი დაიმსახუროს.

 

აირჩიე და იმოქმედე, არასდროს არის გვიან ახალი ჰობის შეძენა, ამით განავითარებ თვალსაწიერს, მიიღებ სიამოვნებას, სარგებელს, ახალ სოციუმს, ახალ შთაბეჭდილებებს და იქნები ბედნიერი.

 

| გააზიარე
მოგწონთ?