მოტივაციის ძალა


მოტივაცია არის ძალა, რომელიც ააქტიურებს წარმატების სურვილს და გიბიძგებთ მიზნების მიღწევისკენ. ალბათ გამოგიცდიათ ხანმოკლე მოტივაცია წიგნის წაკითხვის, ლექციაზე დასწრების ან ფილმის ყურების შემდეგ. თუმცა, ხანმოკლე მოტივაცია არ არის საკმარისი, ის უნდა იყოს მუდმივი. მოტივაციის მუდმივად შენარჩუნება რთული გამოწვევაა ადამიანების დიდი ნაწილისთვის. ამისათვის თქვენ მუდმივად უნდა იკვებოთ ამბიციისა და სურვილის ცეცხლით. სამოტივაციო სტატიების კითხვა კიდევ ერთი ეფექტური გზაა მოტივაციის აზროვნების შესანარჩუნებლად, მაგრამ არა - საკმარისი.

თქვენ ალბათ არაერთხელ წაგიკითხავთ სამოტივაციო  წიგნები, სტატიები, ციტატები, გინახავთ უამრავი ვიდეო თუ ფილმი მოტივაციის შესახებ, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია თქვენს ცხოვრებაში და ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც შინაგან მოტივაციას კარგავ, ერთადერთი გზა მოტივაციის მისაღებად ან შესანარჩუნებლად ისევ რჩება ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები.

და მაინც, რაზეა დამოკიდებული მოტივაცია?

მოტივაცია დამოკიდებულია, როგორც შინაგან მდგომარეობაზე, ასევე - გარეგან ფაქტორებზე. გარეგანი ფაქტორებისგან მიღებული მოტივაცია (გარეგანი მოტივაცია) არის მოტივაცია, როდესაც რაღაცას აკეთებ რაიმე სარგებლის მიღების მიზნით. ზოგადად, გარეგანი მოტივაცია იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის სარგებელს მიიღებ ამა თუ იმ საქმის გაკეთებით. მაგალითად, რაც უფრო მეტი გაქვს ანაზღაურება, მით უფრო დიდია მოტივაცია იმისა, რომ სამუშაო უკეთ შესარულო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გარეგანი მოტივაციის დროს ადამიანი მოქმედებას ან სამუშაოს ასრულებს გარეგანი ზემოქმედების ან მოთხოვნის შესაბამისად, ჯილდოს მიღების, ან დასჯის შიშის გამო. შინაგანი მოტივაცია კი, რომელიც ყველაზე რთული მოსაპოვებელია, გულისხმობს იმას, რომ გამუდმებით შემოუძახო საკუთარ თავს რაიმეს კეთებისკენ, მუდმივად გქონდეს თვითრწმენა და გაგაჩნდეს რაიმეს კეთების დაუცხრომელი სურვილი.

ამ ორი ტიპის მოტივაციიდან, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია შინაგანი მოტივაცია, რადგან, თუ საკუთარი თავის რწმენა გექნება, ყველაფერს შეძლებ და სხვებსაც ექნებათ შენი რწმენა. უნდა გვჯეროდეს, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ამას შევძლებთ. არსებობს ასეთი გამოთქმა, თუ ბევრს იფიქრებ იმაზე, რომ შენ ფრენა შეგიძლია, და ამას დაიჯერებ, აუცილებლივ გაფრინდები. ამის ნათელი მაგალითია „ფორმულა1“-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი - ლუის ჰამილტონი. ის ერთი პატარა შავკანიანი ბიჭი იყო დიდი ოცნებებით, რომელსაც საკუთარი თავის ბოლომდე სჯეროდა. მან დისკრიმინაციის და ფინანსური დაბრკოლების მიუხედავად მაინც შეძლო თავისი ოცნების ასრულება; და არა მარტო უბრალოდ ოცნების ასრულება, არამედ - არაერთი რეკორდის დამყარება. „გააგრძელე საკუთარი თავის შესწავლა, გააგრძელე განვითარება და იყავი ამაყი იმით, ვინც ხარ!“ - ეს მისი სიტყვებია. ლუის ჰამილტონი ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ, თუ საკუთარი თავის რწმენა გექნება, ყველაფერს შეძლებ.

საბოლოოდ კი მინდა, გითხრათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის მოტივაცია გაქვს და რომელ ფორმას მიმართავ, მთავარია, როგორ შეძლებ მისი დახმარებით განვითრებას და მიზნების მიღწევას.

| გააზიარე
მოგწონთ?