როგორ ავაწყოთ ჯანსაღი ურთიერთობები?


ალბათ არაფერს შეუძლია მოიტანოს იმაზე მეტი სიამოვნება, რაც მშვენიერ და სრულყოფილ ურთიერთობებს. კარგად ჩამოყალიბებულმა ადამიანმა იცის, რამდენი მოითხოვოს სხვისგან, რა გასცეს და რა მიიღოს. ხშირად ხდება, რომ ჩვენ გვსურს გვქონდეს კარგი ურთიერთობები, თუმცა ბევრი რამის გათვალისწინება გვავიწყდება. ამ სტატიის მეშვეობით მინდა გაგიზიაროთ ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც აუცილებელია ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

დაეხმარე ადამიანებს!
იმისათვის, რომ პოზიტიური ურთიერთობები შევინარჩუნოთ, სხვისი დახმარება უნდა შეგვეძლოს. ''შენ შეგიძლია მიიღო ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მოგესურვება, თუ საკმარისად დაეხმარები სხვებს, რომ მიიღონ ის, რაც მათ სურთ''. სწორედ დახმარების მნიშვნელობაზე მიგვითითებს ამ ფრაზით ზიგ ზიგლარი. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ მეტად დავეხმაროთ სხვებს, ეს დადებით გავლენას მოახდენს გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაზე.


აღიარე განსხვავება!
ის ფაქტი, რომ ჩვენ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან, უდიდესი გამოწვევის წინაშე გვაყენებს. ჩვენ ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობთ თავს იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენს აზრებს იზიარებენ და ყველაფერში გვეთანხმებიან, თუმცა ცხოვრება ხომ მოსაწყენი იქნებოდა ყველას რომ ერთი აზრი გქვონდეს, ამიტომ დროა ამ ფაქტს პოზიტიური კუთხით შევხედოთ.


ისწავლე მოსმენა!
ადამიანების გარკვეულ ნაწილს უბრალოდ არ შეუძლია სხვების მოსმენა. ისინი ელოდებიან, როდის დაამთავრებს მოსაუბრე ლაპარაკს, რომ თვითონ შეძლონ საუბრის გაგრძელება, თუმცა ჯანსაღი ურთიერთობებისთვის აუცილებელია ვისწავლოთ ერთმანეთის კარგად მოსმენა. ამით ჩვენ ვაგრძნობინებთ მოსაუბრეს, რომ გვაინტერესებს რას გრძნობს, რა სურს, ეს კი მისი ნდობის და კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგვეხმარება.


დაუთმე დრო ადამიანებს!
თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ადამიანების მუდმივი პრობლემა დროის სიმცირეა, ყურადღებაა ის უდიდესი საჩუქარი, რაც ადამიანებმა შეგვიძლია ერთმანეთს ვაჩუქოთ. სამწუხაროდ, ხშირად არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საკმარისი დრო გავატაროთ ოჯახთან, ახლობლებთან, კოლეგებთან, თუმცა ეს ყველაფერი აუცილებელია როგორც ჯანსაღი ურთიერთობისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის. ასეთი ურთიერთობები მუდამ ძალას გვმატებს და ახალი ენერგიით გვავსებს მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება.


იყავი გულწრფელი!
ნებისმიერი ჯანსაღი ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი გულწრფელობაა. აუცილებელია, ჩვენ შეგვეძლოს სხვებისთვის იმის თქმა, თუ რას ვფიქრობთ და რას ვგრძნობთ. შეიძლება ეს გარკვეულ მომენტში არც ისე ადვილი იყოს, თუმცა დამიჯერეთ, რომ გულახდილობით უფრო მეტ დადებით შედეგებამდე მიხვალთ.


განავითარე კომუნიკაციის უნარები!
ეფექტური კომუნიკაცია ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია. როდესაც სათქმელის სწორად გადმოცემას ვერ ახერხებ, ამით შენს პიროვნებას ეჭვის ქვეშ აყენებ. იმისათვის, რომ ადამიანებს ჩვენი ესმოდეთ, მაქსიმალურად კარგად უნდა შევძლოთ მათთვის ჩვენი სათქმელის გადაცემა.


ისწავლე ნდობა!
ხშირად დაობენ თუ რა არის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი, სიყვარული, ნდობა, თუ ურთიერთგაგება. რომელიც არ უნდა იყოს ყველაზე მთავარი, ერთ რამეზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ, რომ ნდობას ნებისმიერ ურთიერთობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვენდოთ ადამიანებს, რადგან მუდმივი ეჭვის თვალით ყურება დადებით შედეგს არ მოგვიტანს. აუცილებელია ისიც, რომ შეგვეძლოს გარჩევა თუ ვინ იმსახურებს ამას უფრო მეტად და ვინ - ნაკლებად.


გამოამჟღავნე თანაგრძნობა!
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გამოვავლინოთ ურთიერთობებში, არის თანაგრძნობა. ''ადამიანებმა შეიძლება დაივიწყონ რა თქვით, რა გააკეთეთ, თუმცა არასდროს დაივიწყებენ იმას, თუ როგორ აგრძნობინეთ მათ თავი.'' თანაგრძნობა და ურთიერთგაგება უდიდეს კავშირს ამყარებს ადამიანებს შორის.


ალბათ დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ურთიერთობიდან ყოველთვის რაღაც ახალს ვსწავლობთ, ამიტომ ეცადეთ, რომ ყველა გამოცდილება სამომავლოდ გამოიყენოთ და ააწყოთ ურთიერთობები, რომელიც დაგეხმარებათ იგრძნოთ თავი ბედნიერად და დაცულად. ეს ხომ ასე მნიშვნელოვანია!


მარიამ ბეთხოშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?