7 ნაბიჯი მავნე ჩვევების დასაძლევად


მარტივი არ არის მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევა, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

ნებისმიერ ჩვენგანს აწუხებს ისეთი ჩვევები, რომელთაგან გათავისუფლება სიხარულს მოგვანიჭებდა, ან სარგებელს მოგვიტანდა.

არსებობს ორი სახის მავნე ჩვევა. ის, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ სხვები ვერ ამჩნევენ და მეორე, რომელიც ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა გარშემომყოფთათვის აშკარაა. როგორ დავაღწიოთ თავი მავნე ჩვევას თუკი არ ვიცით, რომ ის გვახასიათებს? სთხოვეთ ახლობელს, რომ იყოს გულახდილი თქვენი შეფასებისას. შეიძლება ამით უხერხულობა შეგექმნათ, მაგრამ უმჯობესია ვინმემ გითხრათ, ვიდრე ზურგს უკან საუბრობდნენ. მოიკრიბეთ გამბედაობა და ჰკითხეთ ამის შესახებ ისეთ ადამიანს, ვისაც უყვარხართ და თქვენთვის კარგი სურს. მიიღეთ პასუხი შემწყნარებლურად და იმუშავეთ საკუთარ თავზე.

ის მავნე ჩვევები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია, უფრო რთულად დასაძლევია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გაანალიზებული გვაქვს მათი არსებობა, ვერ ვახერხებთ რომ მოვიშოროთ.

როგორ დავძლიოთ მავნე ჩვევები? წარმოგიდგენთ, გეგმის შვიდ ეტაპს.

 

1. დაძლევის ძლიერი სურვილი

სინამდვილეში ზოგიერთ ადამიანს არ სურს თავიდან მოიშოროს ესა თუ ის ჩვევა. პირველ რიგში ჩაიხედეთ საკუთარ გულში და უპასუხეთ კითხვას, - ნამდვილად გსურთ კონკრეტული მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა?

დადებითი პასუხის შემთხვევაში გადადით შემდეგ ნაბიჯზე . . .

 

2. ჩამოწერეთ ყველა მიზეზი, რომელთა გამოც გსურთ მავნე ჩვევის დაძლევა

დაწერეთ რაც შეიძლება მეტი. დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანით. მიუდექით პოზიტიურად. გააანალიზეთ, რა დადებითი შედეგები მოჰყვება ამ ჩვევის დაძლევას. 

 

3. გააკეთეთ არჩევანი

მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ განახორციელოთ ჩანაფიქრი. ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს, - მე ვირჩევ . . .

„თავისუფალი ადამიანის ისტორია ეფუძნება არა შემთხვევითობას, არამედ არჩევანს, მის არჩევანს“.

 

4. იმოქმედეთ

მოქმედების ორგვარი ფორმიდან აირჩიეთ ის, რომელიც თქვენი ნატურისთვის მისაღებია.

პირველი - გადადით მასიურ შეტევაზე! ყველაფერი ან არაფერი! მაგალითად, თუ გსურთ წონაში დაკლება, მიდით ფიტნეს კლუბში, იმუშავეთ საკუთარ თავზე ინტენსიურად, უარი თქვით ყველაფერზე, რაც ხელს შეგიშლით იყოთ სასურველ ფორმაში.

მეორე - დაიწყეთ მოქმედება ნელ-ნელა, ეტაპობრივად. რათა არ „გადაიწვათ“, არ იგრძნოთ თავი დამარცხებულად და იმაზე უარესად, ვიდრე იყავით. დაიწყეთ კვირაში სამჯერ სეირნობით, შეზღუდეთ დესერტი და ა.შ

 

5. მოუყევით მეგობარს

ეს შეგმატებთ პასუხისმგებლობის გრძნობას. მოუყევით მეგობარს თქვენი გეგმის შესახებ და პერიოდულად ჰკითხეთ მას, რამდენად ამჩნევს თქვენს მიღწევებს.

 

6. არ შეეგუოთ მარცხს

მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ხშირ შემთხვევაში წაქცევა გარდაუვალია. მთავარია, არ დავრჩეთ წაქცეულ მდგომარეობაში, წამოვდგეთ და განვაგრძოთ სვლა სასურველი შედეგისკენ.

 

7. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი

არ დაგავიწყდეთ გაუკეთოთ საკუთარ თავს საჩუქრები წარმატების აღსანიშნავად.


მარტივია ეს ყველაფერი? ხშირად არა. მავნე ჩვევებთან გამკლავება არ არის მარტივი. მაგრამ მათ დამარცხებაში ეს სამუშაო გეგმა დაგეხმარებათ, თუკი არ უღალატებთ თქვენს პრინციპებს.

 


თამთა დვალი

success.com

| გააზიარე
მოგწონთ?