მარტივი და სასარგებლო მეთოდი მღელვარების თავიდან ასაცილებლად


ფსიქოლოგების აზრით, მღელვარება ადამიანის მნიშვნელოვანი ემოციური მდგომარეობაა, რომელიც წარმოიშობა მოსალოდნელი და გაურკვეველი საფრთხის მოლოდინის შედეგად და ვლინდება ვითარების არასასიკეთოდ განვითარების პროგნოზირების შემთხვევაში. შიშისგან განსხვავებით, რომელიც წარმოადგენს რეაქციას კონკრეტულ საფრთხეზე, ღელვა დაკავშირებულია გაუთვითცნობიერებელ, არაობიექტურ საფრთხესთან.

ზიგმუნდ ფროიდს მიაჩნდა, რომ მღელვარება ასრულებს სიგნალის ფუნქციას და ინტენსიური იმპულსების სახით აფრთხილებს „ეგო“-ს მოახლოებული საფრთხის თაობაზე. საპასუხოდ კი „ეგო“ იყენებს დამცავ მექანიზმებს: განდევნა-გადაადგილებას, ჩანაცვლებას, რაციონალიზაციას და ა.შ. ამავდროულად დამცავი მექანიზმები მოქმედებენ გაუთვითცნობიერებელ დონეზე და იწვევენ ინდივიდის მიერ რეალობის არარეალურ, დამახინჯებულ აღქმას. მღელვარება აღიქმება, როგორც დაძაბულობა, ნერვიულობა და გაურკვევლობის, მოახლოებული მარცხის განცდა, რიგ შემთხვევაში ის იწვევს ადამიანის არაადეკვატურ ქცევას ან ქმედებას და ხდება ყოვლად გაუმართლებელი მარცხის მიზეზი.


ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს ბევრი მეცნიერი და მკვლევარი სწავლობს, თუ როგორ შეუძლია ადამიანის ემოციურ მდგომარეობას და ჩვენი სხეულის ენერგეტიკას იმოქმედოს ჯანმრთელობაზე ან დაავადებაზე. ჩვენი ემოციური ურთიერთკავშირი სხვებთან და საკუთარ თავთან უფრო მეტად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე ნებისმიერი ვარჯიში, მკურნალობა ან საკვები. ფიზიოლოგიური შეგრძნებები, რასაც ჩვენ განვიცდით იმის მიხედვით, გაბრაზებულები ვართ, შეშინებულები თუ ბედნიერები, სხეულის სხვადასხვა ნაწილშია განლაგებული. ყველა სახის ემოცია უნიკალური ენერგიის და სხვადასხვა სიხშირის ვიბრაციის გამტარია ორგანიზმში. ყველა უჯრედი, მემბრანა, ქსოვილი, კუნთი თუ ორგანო სხვადასხვაგვარად ფუნქციონირებს და ყველა მათგანზე გავლენას ჩვენი ემოციები ახდენენ

    
მღელვარებისგან გათავისუფლების ბევრი მეთოდი არსებობს, თუმცა ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური და სასარგებლო არის „შრომითი თერაპია“. ამჟამად ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება ფსიქოთერაპიაში, როცა ფსიქოლოგები მუშაობის დაწყებას ურჩევენ პაციენტებს. როცა ჩვენ დაკავებულები არ ვართ, ჩვენს ტვინს აქვს ვაკუუმის მდგომარეობასთან მიახლოების ტენდენცია. ფიზიკაში „ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს“. ვაკუუმის უახლოესი მსგავსება, რომლის დანახვაც ჩვენ შეგვიძლია - ესაა ჩვეულებრივი ელექტრული ვარვარების ნათურის შიდა ნაწილი. გატეხეთ ეს ნათურა და ბუნება ძალით შეიყვანს იქ ჰაერს, რათა შეავსოს თეორიულად ცარიელი სივრცე.
     
ჯეიმს მერსელმა, კოლუმბიის ოლქის სამასწავლებლო კოლეჯის პედაგოგიკის პროფესორმა, ეს აზრი კარგად გამოხატა შემდეგი სიტყვებით: „მღელვარება თქვენ განსაკუთრებით მაშინ კი არ გტანჯავთ, როცა მოქმედებთ, არამედ როცა დღიური შრომა მთავრდება“. ადამიანის წარმოსახვა ამ დროს ხატავს თითქოს ცხოვრებისეული წარუმატებლობების უაზრო სურათებს და თქვენ მიერ დაშვებულ უმცირეს შეცდომებსაც კი აზვიადებს.


ბერნარდ შოუ მართალი იყო, როცა მან ეს პრობლემა ასე შეაჯამა: „ჩვენი უბედურებების საიდუმლო იმაშია, რომ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს ფიქრისთვის, ვართ თუ არა ბედნიერები.“ ამიტომ მღელვარებისგან განსაკურნად აუცილებელია დატვირთვა და რაიმე კონსტრუქციულის კეთება. ეს დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სასარგებლო წამალია მღელვარების თავიდან ასაცილებლად. 

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?