როგორ მოვემზადოთ საჯარო გამოსვლებისთვის


დღესდღეობით, როდესაც კონკურენცია წარმატების გზაზე პიკს აღწევს, მაშინ, როდესაც შეჩერება ნიშნავს უკუსვლას, ადამიანებს კვლავ აშინებთ საუბრები საჯარო გამოსვლებზე.

რას გულისხმობს საჯარო გამოსვლა და რატომ აშფოთებს იგი საზოგადოების დიდ ნაწილს?

შესაძლოა არ დავფიქრებულვართ, თუმცა ჩვენ საჯაროდ გამოვდივართ ყოველდღიურად. მაშინ, როდესაც მეგობრების წრეში საკუთარ პოზიციას ვაფიქსირებთ და მაშინ, როდესაც სამსახურში ინიციატივა შეგვაქვს. შესაბამისად, საჯარო გამოსვლა არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ასობით ადამიანის წინაშე იდეის განხილვას ან უნივერსიტეტის დამამთავრებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას.

კვლევების თანახმად, ინტროვერტებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან სიმშვიდისა და ასოციალურობისაკენ, ნაკლებად იზიდავთ საჯარო გამოსვლები და ექსტრავერტები, რომლებიც მეტი ენთუზიაზმითა და კომუნიკაბელურობით ხასიათდებიან, მეტად ინტერესდებიან მისით.

მე მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ მოემზადოთ და წარმატებით გაართვათ თავი როგორც პოტენციურ, ასევე გარდაუვალ საჯარო გამოსვლებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კატეგორიის ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით.

1. აუდიტორიის შესწავლა-  რა თქმა უნდა, იმ აუდიტორიის ზედმიწევნით შესწავლა, სადაც თქვენ სიტყვით გამოდიხართ შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა იმის განსაზღვრა, თუ რა სფეროს წარმომადგენლებთან გექნებათ კომუნიკაცია და ამასთან, თუ რომელ ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი. ეს დაგეხმარებათ წინასწარვე განსაზღვროთ მათი მოლოდინები და შესაბამისად, მათთვის მისაღები პროდუქტი შესთავაზოთ.

2. მიზანი- აუცილებლად განსაზღვრეთ მიზანი. გაანალიზეთ, თუ რას ემსახურება თქვენი საჯარო გამოსვლა და რა შედეგის მიღება გსურთ.

3. ვიზუალიზაცია- ეს ადამიანის მიერ  სასურველი რეალობის წარმოსახვაა, ეს სურვილებს რეალობად ქცევაში ეხმარება. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ როგორი ინტერესით გისმენენ სხვები. შესაბამისად, თქვენში მოიმატებს პოზიტიურობისა და ენთუზიაზმის მაჩვენებელი და კიდევ უფრო ადვილად მისაღწევადს გახდის პროცესს.

4. იფიქრეთ მოსალოდნელ შეკითხვებზე - იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოხსენება საინტერესო ან სულაც მიუღებელი იქნება აუდიტორიისათვის, მათ აუცილებლად გაუჩნდებათ შეკითხვები. მოამზადეთ სავარაუდო შეკითხვები მათთან წარდგენამდე და იფიქრეთ, თუ რას უპასუხებდით მას. ეს ხერხი დაგეხმარებათ იყოთ დავდაჯერებული და მტკიცე, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების წინაშე.

5. ჩაწერეთ ვიდეო- მანამ, სანამ უშუალოდ მსმენელთა წინაშე წარდგებოდეთ, უმჯობესია  გამოსცადოთ საკუთარი თავი. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ თქვენი გამოსვლა,ხმის ტემბრი, ჟესტები არის იდეალური, თუმცა გვიან აღმოაჩინოთ, რომ მღელვარება აშკარად აისახა გარეგნულ იერსახეზე. შესაბამისად, წინასწარი სამზადისი, ვიდეოს ჩაწერისა თუ  სარკესთან ვარჯიშის სახით, დაგეხმარებათ გააანალიზოთ და გაააუმჯობესოთ შესაძლებლობები.

ბოლოს კი, ნუ დაივიწყებთ, რომ ყველა რელევანტური მიზნის მიღწევა შესაძლებელია, რომ წარმატება დამოკიდებულია თქვენი სურვილის ხარისხზე. ის, რაც ახლა რთულად და შეუძლებლად გეჩვენებათ, მალე, გაწეული რესურსების შედეგად, მიღწევადი და ბედნიერების მომტანი გახდება.

| გააზიარე
მოგწონთ?