სად დავგეგმოთ ზაფხულის თავგადასავალი?


ადამიანი მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა აქტივობით არის დაკავებული: მუშაობს, სწავლობს და ძალების აღსადგენად სჭირდება დასვენება, რათა კვლავ გააგრძელოს აქტიური საქმიანობა. ზაფხული კი დასვენებისთვის საუკეთესო დროა. დასვენება აუცილებელია იმისათვის, რომ განვიტვირთოთ, დავძლიოთ დაღლილობა და სტრესი.

ადამიანები თავიანთი შესაძლებლობების, მატერიალური სახსრების და  სურვილების მიხედვით ირჩევენ ადგილს დასასვენებლად. ზოგი მთას მიაშურებს, ზოგი ზღვას, ზოგი ბარში რჩება.

მთაში დასვენებას თავისი უპირატესობა აქვს. გრილი ჰაერი, სიმწვანე, ტყეების შრიალი, ღამეების კოცონის პირას გატარება დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანზე. ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება და კარავში, საძილე ტომარაში ძილი ადამიანს ამშვიდებს და ახალი განცდებით ავსებს.

ზოგიერთს ზღვაზე დასვენება ანიჭებს უდიდეს სიამოვნებას. ზღვის ტალღების ყურება, მარილით გაჯერებული ჰაერი, მცხუნვარე მზე, ზღვაში ჩამავალი მზის ულამაზესი სურათი - გადაღლილი ფსიქიკის შესანიშნავი მკურნალია. ზღვის ტალღები მსუბუქი მასაჟის ეფექტს იძლევა, ამდიდრებს ორგანიზმს ჟანგბადით, აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას. იოდი ააქტიურებს ტვინისა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. სწორედ ამიტომ გვიზიდავს ზღვა. მზის სხივები სიხარულის ჰორმონს წარმოქმნის და ამასთანავე ნამზეურიც უდიდეს ბედნიერებას იწვევს ადამიანებში. პლაჟზე კი საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, სასიამოვნო ამბების გახსენება და გამაგრილებელი სასმელების მირთმევა მართლაც რომ უდიდესი სიამოვნებაა.

არიან ადამიანები, რომლებიც ისვენებენ თევზაობისას. ეს მათთვის ნამდვილი განტვირთვაა. სათევზაოდ შეიძლება წახვიდე მარტო ან მეგობრებთან ერთად. მდინარის პირას ანკესით ჯდომა და ფიქრი უდიდესი განტვირთვაა, თუმცა ასევე სასიამოვნოა გულახდილი საუბრები მეგობრებთან, თევზის კოცონზე შეწვა და ლუდით გაგრილება.

მე პირადად ძალიან მიყვარს ლაშქრობის მოწყობა და საქართველოს მშვენიერი კუთხეების მონახულება. ვაკვირდები გარშემო ყველაფერს, ვიღებ უამრავ ფოტოს და ბუნება მეხმარება აღვიდგინო ძალები, შემდეგ კი უფრო აქტიურად გავაგრძელო მუშაობაც და საოჯახო საქმიანობაც.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ შვებულების შინ გატარება. ისინი რჩებიან საკუთარ თავთან და ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, მათ უბრალოდ განტვირთვის საკუთარი წესები აქვთ. კითხულობენ წიგნებს, უსმენენ მუსიკას და უყურებენ ფილმებს.

არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რომელ ადგილს აირჩევთ დასასვენებლად, მთავარია აღიდგინოთ სასიცოცხლო ენერგია, სულიერი სიმტკიცე და დაიბრუნოთ სიცოცხლის ხალისი, შემდეგ კი ახალი ძალებით დაუბრუნდეთ ცხოვრების ყოველდღიურ რეჟიმს და გააგრძელოთ ახალი შემართებით დასახული მიზნებისკენ სვლა.

| გააზიარე
მოგწონთ?