როგორ გავხდეთ ჩვენი ცხოვრების მთავარი არქიტექტორი?!


ადამიანის  ტვინი ჰიპერ სიმძლავრის კომპიუტერია. ყოველ 3 წამში ერთხელ ტვინი ახდენს ფოტოგრაფირებასა და დაფიქსირებას თუ რას ვხედავთ, რა გვესმის, რას შევიგრძნობთ, რას ვეხებით, რა გემოსა და სუნს ვგრძნობთ, რა აზრები გაიელვებს, რა ემოციები გვაქვს. წუთში ასეთ ფიქსაციას 20-ჯერ აქვს ადგილი, ხოლო საათში 1200-ჯერ. წარმოდგენა თქვენთვის მომინდია წელიწადში, ან ცხოვრების მანძილზე რამდენჯერ ექნებოდა ასეთი დეტალური ინფორმაციის დაფიქსირება-დაგროვებას ადგილი. მთელი ეს მარაგი კი ტვინის მიერ მის უზარმაზარ ენერგო-ინფორმაციულ საცავში შეინახება. ცხადია, რომ სიტუაციათა და მათზე რეაგირების ხატებისა და მოქმედებების უმეტესობა მეორდება და ფიქსირდება. ამის შედეგად კი ყალიბდება „ფიქსირებულ განწყობათა სისტემა“.

ბიოქიმიკოსმა, ნეიროფიზიოლოგმა და ნეიროფსიქოლოგმა ჯო დისპენზამ ჩაატარა ექსპერიმენტი: ადამიანთა ორი ჯგუფიდან ერთს დაევალა ზამბარებიან ღილაკზე თითის ერთნაირი ინტერვალებით დაჭერა, ხოლო მეორე ჯგუფს ევალებოდა გაეკეთებინა იგივე, ოღონდ წარმოსახვით, გონებაში. შედეგად, პირველ ჯგუფში მონაწილეთა თითზე კუნთი გამაგრდა 30%-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 22%-ით. ფიზიკურ მაჩვენებელზე ასეთი გავლენის გამო დისპენზამ დაასკვნა, რომ ტვინისთვის არანაირი განსხვავება არ არსებობს მატერიალურ და წარმოსახვით სიტუაციებს შორის. ეს კი შესაძლებლობას იძლევა აზრებისა და დამოკიდებულებების წყალობით სრულიად შეცვალოთ გარემო ფაქტორები. 

განწყობა ერთგვარი ნაზავი, ერთობლიობაა აზრის, ემოციის, წარმოსახვის, აღქმისა და შეგრძნებების, რაც უზარმაზარ გავლენას ახდენს ჩვენს სხეულზე და ფიზიოლოგიაზე თვით უჯრედოვან დონეზეც კი. წარმოსახვით „ღილაკზე მუდმივი თითის დაჭერით“ გამოიმუშავებთ ჩვევებს, რომლებიც ხასიათის ნიშნებად ყალიბდებიან. ყოველივე ეს კი განსაზღვრავს თქვენს ბედისწერას. როგორც ანტიკური ხანის ფილოსოფოსი ეპიქტეტე ამბობდა: „ჩვენ აღგვაშფოთებენ არა საგნები, არამედ ჩვენი წარმოდგენები ამ საგანთა შესახებ“, შესაბამისად, ჩვენს ხედვასა და ქცევებს განსაზღვრავს ის, თუ რა ინტერპრეტაციას ვუკეთებთ ამა თუ იმ მოვლენას. ამიტომ, უნდა ავირჩიოთ ჯანსაღი აზრები, რათა გვქონდეს ჯანსაღი ცხოვრება.

 

„პროგრესი შეუძლებელია ცვლილებების გარეშე და მას, ვისაც საკუთარი აზრების შეცვლა არ შეუძლია,  ვერც ვერაფერს შეცვლის“ - ჯორჯ ბერნარდ შოუ


 
„ადამიანების ბედისწერა მიზეზ-შედეგობრიობის კანონზეა დაფუძნებული, ამ პრინციპით აიხსნება, თუ როგორ შეიძლება წარუმატებლობიდან წარმატებისკენ სვლა ნებისმიერ სფეროში." ამ თეორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენება ასეთია: თქვენი აზრები მიზეზია, ხოლო გარემო პირობები - შედეგი. თქვენ ირგვლივ არსებული გარე სამყარო თქვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ფიქრების წყალობით იზიდავთ ხალხს, შესაძლებლობებს, გარემოებებს და წარმატებებს. როგორც კი საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას და აზრს შეიცვლით, თქვენი ცხოვრებაც შეიცვლება. მიზეზ-შედეგობრიობის კანონი ასე მუშაობს.

 

,,კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დიდი აღმოჩენა, ყველა რელიგიის, ფილოსოფიისა და მეტაფიზიკის საფუძველიც  ის არის, რომ ადამიანი წარმოადგენს იმას, რაზეც ხშირად ფიქრობს“. - ბრაიან ტრეისი

 

გაასუფთავეთ თქვენი გონება, აირჩიეთ წინსვლასა და წარმატებაზე, სიმშვიდესა და გონივრულობაზე, თვითგანვითარებასა და პოზიტივზე ორიენტირებული აზრები. თქვენი ახალი აზრები მიგიყვანთ ახალ არჩევანთან, ახალი არჩევანი ახალ ქცევებთან, ახალი ქმედებები ახალ გამოცდილებასთან, ახალ ემოციებთან, ამას დაემატება გარე სამყაროდან მიღებული ახალი ინფორმაციები, რომლებიც ერთობლივად, ეტაპობრივად დაიწყებს თქვენი შინაგანი მდგომარეობის ცვლილებას. ასე განივითარებთ საკუთარი თავის და ძალების რწმენას, საკუთარი თავის პატივისცემას და ა.შ. გახსოვდეთ, ჯანსაღი აზრები საფუძველია ჯანსაღი ცხოვრების, მომართეთ თქვენი ენობრივი კოდი და მიეცით ტვინს ინსტრუქცია შესაბამისი აზრებით. 

დადებითი შედეგის გარანტი თქვენივე ტვინია, როგორც სრულყოფილი და გიგანტური ენერგო-ინფორმაციული სისტემა.

 

| გააზიარე
მოგწონთ?