„აზროვნების ექვსი ქუდი“, გზა გამარჯვებისაკენ


ადამიანთა ის კატეგორია, რომლებიც ისახავენ მიზნებს და ორიენტირებულნი არიან განვითარებაზე, ხშირად პრობლემატური საკითხების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. მაგალითად, დამწყები ბიზნესმენისათის რთულია  სრულყოფილი სამომავლო ბიზნეს გეგმის შემუშავება, სტუდენტს კი იმის განსაზღვრა უჭირს, თუ რომელი გაცვლითი პროგრამით იხელმძღვანელოს.

სწორედ ამგვარი გაურკვევლობების დაძლევას ემსახურება ცნობილი მწერლისა და გამომგონებლის, ედუარ დე ბონოს  შემუშავებული მეთოდი- „აზროვნების ექვსი ქუდი“.

„აზროვნების ექვსი ქუდი“ აღიარებული ტექნიკაა, რომელსაც არაერთმა კომპანიამ მიმართა გაყიდვების გაზრდის მიზნით და შესაბამისად, წარმატებასაც მიაღწია. „ექვსი ქუდი“ მოიცავს ექვს განსხვავებულ ფერს, რომელიც ცალკეული კომპონენტებისგან შედგება, მაშ ასე:

  1. თეთრი ქუდი- ციფრები, ფაქტები. გვეხმარება, გავიხსენოთ და მოვიძიოთ მეტი ფაქტობრივი ინფორმაცია კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. მაგალითად: რა ვიცი/არ ვიცი? რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი?
  2. წითელი ქუდი- ემოცია, გრძნობა, წინათგრძნობა. აქ შესაძლოა გაერთიანდეს როგორც ჩვენი პოზიტიური ემოციები, ასევე შფოთვა, დაძაბულობა, ღელვა. ისმის კითხვები: რა მინდა? რას მეუბნება ინტუიცია? და ა.შ.
  3. შავი ქუდი- პესიმიზმი. აზროვნების ეს ფორმა გვეხმარება განვსაზღვროთ რისკ-ფაქტორები. უმეტესად ეს დაკავშირებულია ფინანსებთან. ჩნდება კითხვები: რა უნდა მაშინებდეს? რა სირთულეებს შეიძლება შევეჯახო?
  4. ყვითელი ქუდი- ოპტიმიზმი. ჩამოყალიბებული რისკ-ფაქტორების გადაჭრაზე ფიქრი, შესაძლებლობების ძებნა. უმჯობესია დავუსვათ საკუთარ თავს კითხვები: რა შესაძლებლობები გამოჩნდება ჩემთვის? როგორ მივაღწევ დასახულ მიზნებს?
  5. მწვანე ქუდი- ფანტაზია. წარმოვიდგინოთ, რომ შეუძლებელი არაფერია. ვიფიქროთ იდეებზე, თუმცა არა ზედაპირულად. სიღრმისეული ანალიზი დაგვეხმარება რელევანტური დასკვნების გამოტანაში. დავსვათ შეკითხვები: შესაძლოა რაიმე შეიცვალოს? რა იქნებოდა საუკეთესო გზა პრობლემის მოსაგვარებლად?
  6. ლურჯი ქუდი- აზროვნების კონტროლი. აერთიანებს ყველა ზემოთ ხსენებულ ინფორმაციას, ადგენს მათ შორის ურთიერთკავშირს, აღმოაჩენს სამოქმედო ნაბიჯებს. აზროვნების ამ ფორმების შესაჯამებლად დაგვეხმარება დავსვათ შეკითხვები: რა შედეგის მიღება მსურს? რა დასკვების გამოტანაა შესაძლებელი?

„აზროვნების ექვსი ქუდის“  პრინციპი იძლევა შესაძლებლობას, დავსახოთ მიზნები, არ შევუშინდეთ სირთულეებს და თავი გავართვათ იმ გარდაუვალ და ზოგჯერ მოულოდნელ გამოწვევებს, რასაც ცხოვრებაში წავაწყდებით ხოლმე.

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?