მაგია ანუ საკუთარი თავის რწმენა


თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ოცნებები, სურვილები, მიზნები, მაგრამ რატომღაც ყველას რაღაც გვეღობება წინ, მათ რომ მივყვეთ. როცა ირგვლივ ვიხედებით, უამრავ დაბრკოლებას ვხედავთ. ზოგჯერ დრო გვეღობება, ზოგჯერ - ადამიანები, ძირითადად - გარე ფაქტორები. მაგრამ იმის დანახვა გვიჭირს, რომ სინამდვილეში ჩვენ თავად ვეღობებით საკუთარ თავს წინსვლის დროს. როცა გავაანალიზებთ, რა არის ნამდვილი პრობლემა, შევძლებთ მის დაძლევას და მიზნიკენ სვლის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამით ყველა  ხელისშემშლელი კედელი ვერ ჩამოინგრევა, თუმცა მისიის  ყველაზე რთული ნაწილი შესრულდება.

მაგია საკუთარი თავის რწმენააო, გოეთემ. ადამიანის მიერ შექმნილი ყველა მატერიალური თუ არამატერიალური საგანი  ჩვენივე გონებიდან მოდის. იქ  იდეის პატარა მარცვალი ღვივდება და საბოლოოდ ნაყოფად მწიფდება. ნიადაგი ამ  იდეის აღმოსაცენებლად კი თავად რწმენაა - საკუთარი თავის რწმენა. თუ თავად არ ირწმუნე საკუთრი შესაძლებლობების, საკუთარი წინსვლის, თუ თავად არ შეუქმენი ნიადაგი საკუთარ იდეებს, სურვილებსა და მიზნებს,  წარმატებისკენ სვლა არათუ გაგიჭირდება, არამედ შეუძლებელ ამოცანად გექცევა.

ოპრა უინფრის სიტყვები ყოველთვის შთამაგონებს, განსაკუთრებით - მაშინ, როცა საკუთარი თავის რწმენა მაკლია. „თვითდაჯერება ჩვენს სხეულში, გონებასა და სულში არის ის, რაც ახალი თავგადასავლების ძებნაში გვეხმარება“.  ამ არაჩვეულებრივი ქალბატონის ყურებისას ხვდები, მის სიტყვებს რა დიდი ძალა ჰქონია.

ცხოვრებაში ყველაფრის ძალა საკუთარი თავიდან მოდის. ადამიანს მხოლოდ საკუთარი გადასახედიდან შეუძლია, შეხედოს ირგვლივ ყველაფერს. ჩვენ მხოლოდ ჩვენი საზომით ვზომავთ ცხოვრებას და, მაშასადამე, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე ცხოვრებაზე ზემოქმედება.  ფიქრებს შეუძლიათ,  შეცვალონ სამყარო ჩვენს ირგვლივ.

წარმატება ინდივიდუალურია და ყველა ადამინისთვის - სხვადასხვანაირი. მისი არასწორად გაგება ხშირად ყველაზე დიდი აღმართია, რომლის გადალახვაც გვიჭირს წინსვლის დროს. ადამიანის ბუნება მეტად კომპლექსურია იმისთვის, რომ ერთმა ინდივიდმა ცხოვრების ხანმოკლე პერიოდში სრულიად გაუგოს მას. მაგრამ  საკუთარი თავისთვის  მოსმენაც ზოგჯერ საკმარისია, რომ ვიპოვოთ საკუთარი თავი; შევიცნოთ ის; ვირწმუნოთ მისი და ვიპოვოთ ძალა, რომელიც მოგვცემს ბიძგს; ვიაროთ წინ, არ შეგვეშინდეს დაბრკოლებების, გავუმკლავდეთ მათ და ვიპოვოთ ბედნიერება და წარმატება.

 ჩემთვის წარმატებისა და შრომისმოყვარეობის მაგალითია ბრიუს ლი. მისი სიტყვები საკუთარი თავის რწმენას მიმტკიცებს. „ყოველთვის იყავი ის, ვინც ხარ, და გქონდეს საკუთარი თავის რწმენა. არ ეძებო წარმატებული პიროვნება და არ გაიმეორე მისი ქმედებები“. ეს სიტყვები ყოველთვის მახსენებს, რომ  მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დრო  თვითშემეცნებისა და თვითრწმენის გაძლიერებისთვის,  უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარ თავს მოვუსმინოთ და ვიპოვოთ საკუთარი ინდივიდუალური ბედნიერება „რამეთუ იმ კაცთა მოდგმა, რომელიც განწრულია ასი წელი მარტოობისათვის, მეორედ აღარ მოვა ამქვეყნად“(გაბრიელ გარსია მარკესი).

| გააზიარე
მოგწონთ?