იღბალი ილუზიაა, დროა იმოქმედო!


ადამიანთა უმრავლესობა წარუმატებლობის მიზეზებს გარე სამყაროში ეძებს, მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია შეხედოს სიმართლეს თვალებში და თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან აღიაროს, რომ ბარიერს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე თვითონვე ქმნის. ბევრად მარტივია, რომ  წარუმატებლობა უიღბლობას დავაბრალოთ. ადამიანთა კლასიფიკაცია იღბლიანებად და უიღბლოებად, ეს თავის გამართლების მარტივი გზაა, რომელიც არა თუ აუმჯობესებს ჩვენს მდგომარეობას, არამედ პირიქით, უმოქმედობისკენ გვიბიძგებს. 

სინამდვილეში, იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასურველ მიზნებს და ვიყოთ წარმატებულები, არა იღბალი, არამედ ბევრი შრომაა საჭირო. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ბევრ შრომაში მარტო სამსახურისთვის დამატებითი საათების დათმობა არ იგულისხმება, (თუმცა ესეც გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ფაქტორია) არამედ საკუთარ თავთან მუშაობა.

ისევე როგორც კომპანია გადის გარკვეულ ეტაპებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ასე ეტაპობრივად აღწევს სასურველ მიზანს ადამიანიც, შესაბამისად, ორივე შემთხვევაში საჭიროა სწორი მენეჯმენტი. თუ გვსურს, რომ წარმატებას მივაღწიოთ, კარგი იქნება თუ საკუთარ თავს ვმართავთ ისე, როგორც გამოცდილი და წარმატებული მენეჯერები თავიანთ კომპანიებს.  

მაგალითისთვის, თუ ბევრი მენეჯერი SWOT ანალიზს მიმართავს ამოცანებისა და მიზნების სწორად დასახვისთვის, ჩვენც შეგვიძლია ის საკუთარ თავთან მიმართებაში გადმოვიტანოთ. განვსაზღვროთ ჩვენი ძლიერი მხარეები (რა უპირატესობები გვაქვს სიტუაციიდან გამომდინარე), სუსტი მხარეები (ობიექტურად შევაფასოთ თავი და გამოვავლინოთ ჩვენი ნაკლოვანებები), შესაძლებლობები (ცვლილებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჩვენ განვითარებას), საშიშროებები (რა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ გარე გარემოს გავლენის შედეგად). შესაბამისად, მის საფუძველზე შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენში არსებული რესურსების, დადებითი ფაქტორების გაზრდასა და გაუმჯობესებაზე, ხოლო უარყოფითი თვისებების მინიმუმამდე შემცირებაზე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ როგორც კარგ მენეჯერებს, არ დაგვავიწყდეს მენეჯმენტის ძირითადი ფუნქციები. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის გვქონდეს გეგმა შესაძლო ალტერნატივებით, ორგანიზებულად ვიმოქმედოთ, ვამოტივიროთ საკუთარი თავი და ვაკონტროლოთ ჩვენი ქმედებები.

კარგ მენეჯერს არ ეშინია სიახლეების და მუდმივად ცდილობს მის დანერგვას საკუთარ კომპანიაში. ამ ყველაფერს თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ, შეგვიძლია მივიღოთ ყველა სიახლე, გამოწვევა და აუცილებლად დავინახავთ განვითარების იმ შესაძლებლობებს, რასაც გარე სამყარო გვთავაზობს. სიახლეების სიყვარული და ცნობისმოყვარეობა ხომ  წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა?!

არ დაგვავიწყდეს: მენეჯმენტში სწორი კომუნიკაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია და საზოგადოება, რომელთანაც ურთიერთობა გვიწევს,  განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ იყავით კომუნიკაბელურები და მაქსიმალურაად ეცადეთ,  რომ მოიპოვოთ ადამიანთა სიმპათია.

ბოლოს, გავიხსენოთ გოეთეს სიტყვები: ,,ყველას უნდა, რომ იყოს ვინმე, არავის სურს გაზრდა“. თუ თქვენ გსურთ, რომ გახდეთ უფრო წარმატებული, არ მიენდოთ მხოლოდ იღბალს, მოინდომეთ, იშრომეთ და მიეცით თავს გაზრდის უფლება.

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?