ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები საქართველოში


საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მაღალანაზღაურებადი სამსახურები კერძო საქტორში უფრო მოიძებნება, ვიდრე საჯაროში. შესაბამისად, ის პროფესიები, რომლებსაც შევეხები, ძირითადად კერძო სექტორში იწვევს ინტერესს.

 

გაყიდვების მენეჯმენტი .

ეს ის პროფესიაა, რომლის არსებობაც აუცილებელია თანამედროვე ეპოქაში. დღეს ყველა ორგანიზაცია, მსხვილი თუ წვრილი ბიზნესი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რაღაცას ყიდის. არსებობენ ორგანიზაციები, რომლებსაც ათეულობითა და ასეულობით გაყიდვების თანამშრომლები ჰყავთ, ამიტომ მათი სწორი ხელმძღვანელობა და დელეგირებაა საჭირო.

გაყიდვების მენეჯერის სწორად დაგეგმილი და გადანაწილებული საქმეები, მოცემული გეგმების შესრულება, ამა თუ იმ დაწესებულების განვითარებაზე აისახება. მისი პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდია დამსაქმებლის მიმართ, ამიტომაც გაყიდვების მენეჯმენტი საფუძვლიანად არის მოხვედრილი  მაღალანაზღაურებად პროფესიებში.

 

მარკეტინგის მენეჯმენტი

განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელოვან როლს იძენს მარკეტინგის მენეჯმენტი. მოგეხსენებათ, კონკურენტულ გარემოში რთულია ამ თუ იმ პროდუქტის რეალიზაცია და სასურველი შედეგების მიღწევა, ამიტომ აქ უკვე დიდ როლს თამაშობს მარკეტინგი.

საერთოდ, გაყიდვებისა და მარკეტინგის ურთიერთობა ჯაჭვივით არის გადაბმული, რადგან გაყიდვების პროცესი რომ სწორად წარიმართოს და ამასთანავე გაიზარდოს შემოსავალი, აუცილებელია ბაზრის მუდმივი კვლევა, კონკურენტებზე დაკვირვება, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, ფირმის იმიჯის ამაღლება. ეს ყველაფერი მარკეტინგის პრეროგატივაა.

 

IT მენეჯმენტი

XXI საუკუნეში, სადაც კიბერნეტიკის განვითარებამ პიკს მიაღწია, თითქმის ყველა სფეროში ინფორმაციის დამუშავება, აღრიცხვა და გადაცემა კომპიუტერის გარეშე წარმოუდგენელი გახდა. ვებ პროგრამისტები და დიზაინერები ყველა თანამედროვე კომპანიას სჭირდება, ამიტომ, რა თქმა უნდა, საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერებზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია და მომავალშიც გაიზრდება.

 

ფინანსური მენეჯმენტი

ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად პროფესიად ითვლება ფინანსური მენეჯმენტი. ფინანსური აღრიცხვა საჭიროა ყველა კომპანიაში, საწარმოსა თუ საბანკო სექტორში. ფინანსური მენეჯმენტის განშტოებაა ბუღალტერია. ბუღალტრული აღრიცხვა ყველა იურიდიულ კომპანიას, ფიზიკურ პირსა თუ საჯარო სექტორს სჭირდება, სხვაგვარად წარმოუდგენელია მათი არსებობა და  ურთიერთობა საგადასახადო სისტემასთან, ამიტომაც ფინანსურმა მენეჯმენტმაც სამართლიანად დაიკავა მაღალანაზღაურებად პროფესიებში TOP პოზიცია.  

 

არქიტექტურული და საინჟინრო მენეჯმენტი

ერთ-ერთ საინტერესო და მაღალანაზღაურებად პროფესიად ითვლება არქიტექტურული და საიჟინრო მენეჯმენტი.

საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, სადაც მშენებლობების ბუმია. სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ან კეთდება რეკონსტრუქცია, ამიტომ კვალიფიციურ არქიტექტორებზე მაღალი მოთხოვნაა. ამ ფაქტს მოწმობს ისიც, რომ ქართველ მშენებელთა მსგავსად, უცხო ქვეყნის მშენებლებიც მაღალანაზღაურებად დაქირავებულებად ითვლებიან. შესაბამისად, არქიტექტურული და საიჟინრო მენეჯმენტმაც ღირსეული ადგილი დაიკავა ლიდერთა შორის.

 

სტატიაში წარმოდგენილია ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები საქართველოში, თუმცა გახსოვდეთ, რა სფეროც არ უნდა აირჩიოთ, ყველგან შესაძლებელია კარგი ხელფასის გამომუშავება და დიდი წარმატების მიღწევა, უბრალოდ დაიმახსოვრეთ მარტივი ფორმულა. მთავარია, თქვენი საქმის პროფესიონალები გახდეთ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?