The Prestige


გთავაზობთ ტიპიური ადამიანის კარიერული განვითარების საფეხურების ჩემეულ ვერსიას. იგი სამი ნაწილისგან შედგება.

პირველი ნაწილია მიზნის შერჩევა, როცა პიროვნება ახდენს მისი ოცნებებისა და მისწრაფებების იდენტიფიცირებას, ანალიზს და მათგან არჩევს ერთ ან რამდენიმე ისეთ მიზანს, რომლის მიღწევაც მას ყველაზე მეტად სურს ან საკუთარ შესაძლებლობებთან შესაბამისად მიიჩნევს. ამ ეტაპზე ის შეიძლება, წააწყდეს რიგ სირთულეებს, რომელთა დაძლევაც, შესაძლოა, შემდეგი საფეხურების გახორციელების მთავარი წინაპირობაც კი აღმოჩნდეს. აუცილებელია, იდეა იყოს ურყევი და გარკვეულწილად საზოგადოებაში გავრცელებული, სხვადასხვა ბარიერების მიმართ ჰქონდეს თავდაცვის განსაკუთრებული სისტემა. არა აქვს მნიშვნელობა, გვაქვს თუ არა მსგავსი მიზნის განხორციელების უკვე არსებული პრეცედენტი, მთავარია, რამდენად გვაქვს მისი მიღწევის სურვილი და, ბუნებრივია, - რესურსი, ყველა დანარჩენი - მეორეხარისხოვანია.

მეორე ნაწილს ტრანსფორმაცია ეწოდება. შედეგის მაძიებელი ამ საფეხურზე საკუთარ თავს გარდასახავს იმ პიროვნებიდან, რომელიც საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლის წინააღმდეგია, იმ პიროვნებამდე, რომელსაც საკუთარი მიზნის შესრულებისთვის ნებისმიერი წინაღობის გადალახვის უნარი შესწევს. ადამიანთა გარკვეული ნაწილს ადრეულ ეტაპზევე წარმოექმნება თვითკმაყოფილების შეგრძნება და მიზნისკენ მიმავალ გრძელ ბილიკს დროზე ადრე ასრულებს, ზოგიერთი მათგანი კი იმდენად ისწრაფვის განვითარებისთვის, რომ დასაწყისში დასახულ მიზანს ივიწყებს, აზარტის მსხვერპლი ხდება და მანამდე მიღწეულ შედეგებსაც აუფერულებს. ორივე შემთხვევაში პიროვნების სწრაფვა კარიერული აღმავლობისკენ დასრულებულია. დასახულ მიზანში გარკვეული სტრატეგიული თვისებების შეტანა გამართლებული და, ზოგიერთ შემთხვევაში, აუცილებელიცაა, რათა ის რეალობასთან უფრო მეტად დაახლოვდეს. სწორედ ესაა ტრანსფორმაციის ძირითადი კონცეფცია - შექმნას „კარიერის მაძიებელი“ ადამიანისგან ისეთი პიროვნება, რომელსაც აქვს უნარი, იმოქმედოს და გადაწყვეტილება მიიღოს სიტუაციის შესაბამისად, გახსნილი იყოს ცვლილებების მიმართ და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი სახის შესაძლებლობა.

მხოლოდ მინზნის დასახვა და შემდეგ მის მისაღწევად შეუპოვარი ბრძოლა ყოველთვის არ არის საკმარისი, ვინაიდან ამ პროცესის მთავარი აზრი შედეგამდე მისვლაა. სწორედ ამიტომ, ზემოთ განხილული კარიერული განვითარების თითოეულ შემთხვევას აქვს მესამე, ყველაზე რთული ნაწილი. ამ ნაწილს პირობითად პრესტიჟი ვუწოდოთ. კაცობრიობის მიზანი მთვარეზე საკუთარი ქვეყნის დროშის აღმართვით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, არამედ საჭიროა იქ ფეხის მოკიდება და მისი სისტემატიური კვლევა. ხშირ შემთხვევაში ადამიანთა უმრავლესობა ერთჯერადად განსახორციელებელი მიზნებით ცხოვრობს, რაც ხელს უშლის მათ მიერ სრულყოფილი კარიერის ჩამოყალიბებას. “The Prestige”-ის ჩემ მიერ სახეცვლილი პროლოგის მთავარი მიზანიც ისაა, რომ ადამიანებმა მიზნად დაისახონ არა წვრილმანი საკითხები, რომელთა არსებობა-არარსებობა უმნიშვნელოა პიროვნების შინაგანი მოტივაციის აღვრისთვის, არამედ - რაიმე უფრო დიდებული, შთამაგონებელი და ხშირ შემთხვევაში, ერთი შეხედვით, მიუღწეველიც კი.

| გააზიარე
მოგწონთ?