გოგონა, რომელმაც არ უღალატა თავის მიზნებს


ხელოვნება ადამიანის სულს შთააგონებს და ბევრ ისეთ რამეზე დააფიქრებს, რამაც შეიძლება მისი წარმოდგენები მთლიანად შეცვალოს, აღმოაცენოს, ანდაც სულაც მილიონ უმცირეს ნაწილაკად დაამსხვრიოს და გააბნიოს ცაზე მიმოფანტული ვარსკვლავების მსგავსად. ჩვენ არ ვიცით საიდან, მაგრამ ნამდვილად გვაქვს ხელოვნებისადმი დაუოკებელი მისწრაფება. ზოგჯერ გვინდა მოსაწყენ რეალობას გავექცეთ და საინტერესო ფილმის ცქერით, ანდაც ჩვენთვის სასურველი წიგნის კითხვით სხვა, უფრო ლამაზ სამყაროში გადავინაცვლოთ. ვრთავთ ფილმს, ვშლით წიგნის გვერდებს, თუმცა წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ იქ აღწერილი პერსონაჟი ჩვენთვის სულ მალე გადაიქცევა ძალიან ახლო მეგობრად, რომლისგანაც შევძლებთ ბევრი რამ ვისწავლოთ და რომელიც თავისი ხასიათის ან საქციელის მეშვეობით შეეცდება მთლიანად მიიპყროს ჩვენი ყურადღება.

ალბათ ბევრისთვის უცნაურია, მაგრამ ერთი შეხედვით საკმაოდ ტუტუცი, პრანჭია, ეგოისტი და თვალთმაქცი სკარლეტ ო'ჰარა იქცა ჩემთვის მოტივაციის წყაროდ. თექვსმეტი წლის, საკმაოდ პოპულარული და მოდური გოგონა, რომელსაც, ერთი სიტყვით, თითქმის ყველაფერი აქვს, ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ მთლიანად იცვლება. მას საკუთარ თავზე უწევს უდიდესი პასუხისმგებლობის აღება, იგებს რას ნიშნავს შიმშილი, როგორია სიცოცხლისთვის ბრძოლა, მის თვალწინ უამრავი ადამიანი კვდება, მათ შორის ძალიან ახლობლები, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ის აგრძელებს ცხოვრებას და არც სხვებს აძლევს დანებების უფლებას.

სკარლეტს უჩნდება ახალ-ახალი მიზნები და ყველაფერზე მიდის, რომ ისინი განახორციელოს. იგი ბიზნესშიც გაერკვევა, საკუთარი მიწისთვის, ტარასთვის, იბრძვის და შეუძლებელს მაინც აკეთებს. სკარლეტი ის პერსონაჟია, რომლისთვისაც არ არსებობს საზღვრები, ის სულით თავისუფალია, არ ეგუება ბედს და სურს ის ყველაფერი მიიღოს, რაც თავის დროზე იანკებმა წაართვეს. ის იმას აკეთებს, რასაც საჭიროდ თვლის, თავის აზრს პირდაპირ გამოხატავს, უარყოფს სოციალურ ნორმებს და ყოველთვის პოულობს გზას, რომ გადარჩეს.

,,ხვალ ახალი დღე გათენდება" - ეს არის სკარლეტის დევიზი და არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა, ან როგორ გრძნობს თავს, მთავარია მტკიცედ სწამს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და ახლიდან დაიწყებს ცხოვრებას. 

საკუთარ თავში დარწმუნებული სკარლეტ ო'ჰარა მაიძულებს რთულ სიტუაციებში სხვაგვარად ვიფიქრო, ცივი გონებით გადავწყვიტო რა გზები შემიძლია გამოვნახო, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალო. სკარლეტი მარწმუნებს გამოუვალი მდგომარეობის არ არსებობაში, მაფიქრებს რამდენად ძლიერია მიზნებისა და ოცნებებისთვის მებრძოლი ადამიანი, რომელსაც შეუძლია უდიდესი დაბრკოლებებიც კი გადალახოს და სხვებისთვის მოტივაციის მიმცემად იქცეს. სკარლეტი ამსხვრევს სტერეოტიპებს და უამრავი შეცდომის მიუხედავად ცდილობს ისეთი იყოს, როგორიც სინამდვილეშია.

სწორედ ამიტომ, გირჩევთ თქვენც დაფიქრდეთ თქვენს მიზნებზე და არ თქვათ უარი მათზე, როგორი რთული ბრძოლის გადატანაც არ უნდა დაგჭირდეთ, რადგან თუ არსებობს ადამიანი, რომელმაც შეძლო მსგავსი რამ, არსებობს იმის შანსიც, რომ თქვენც გამოგივათ. 

| გააზიარე
მოგწონთ?