5 უნარი, რომელიც უნდა გამოიმუშავოთ თუ ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტთ


ბიზნესის დაწყება საუკეთესო საშუალებაა პირადი თავისუფლების და წარმატების მისაღწევად. მაგრამ სხვისი მარწუხებისგან გათავისუფლებისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შემდეგ, აუცილებლად აღმოჩნდებით ახალი გამოწვევების წინაშე. გთავაზობთ ხუთ უნარს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიმუშავოთ, რათა თითოეულ გამოწვევას სათანადო პასუხი გასცეთ.

 

  • თვითმოტივაციის უნარი. ადრე თუ გვიან მოგიწევთ გაცნობიერება, რომ აღარავინ გეტყვით რა გააკეთოთ, რომელი გადაწყვეტილებაა სწორი, არ დაგითქვამთ ვადებს. ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ამიტომ გამოიმუშავეთ თვითმოტივაციის უნარი. ამისათვის კი სამი მეთოდი გაქვთ: 1) მიიღეთ სამყაროს პოზიტიური გზავნილები, 2) გააანალიზეთ მისაღწევი წარმატების ეფექტები და 3) დააფასეთ ყოველი ახალი მიღწევა.
  • თვითორგანიზების უნარი. აუცილებელია შეგეძლოთ თითოეული საქმის შესრულების ვადების, ეტაპებისა და მოლოდინების განსაზღვრა, საჭიროა ანალიზი გაუკეთოთ მათ. ამიტომ მნიშვნელოვანია დახვეწოთ თვითორგანიზების უნარი, რაც დაგეხმარებათ მოკლე დროში მაქსიმალური ეფექტის მიღებაში. მიეცით თქვენს თავს პატარ-პატარა დავალებები და შეასრულეთ ისინი. შემდეგ კი ეტაპობრივად გაართულეთ. გააცნობიერეთ რა შედეგს ელოდებით თითოეული საქმისაგან, განსაზღვრეთ რა შეიძლება იყოს საკვანძო საკითხი მის მისაღებად და რაც მთავარია, არასოდეს გადააცილოთ დათქმულ ვადებს.
  • მოულოდნელი სიტუაციების მართვის უნარი. დასაქმებულისგან განსხვავებით ბიზნესის მფლობელს შეიძლება მოულოდნელი სიტუაციები შეხვდეს, რისი მსგავსიც ჯერ არ ყოფილა მის ცხოვრებაში. საჭიროა მზაობა და აღნიშნული სიტუაციების მართვის უნარის გამომუშავება, რათა გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა არ შეგიქმნათ პრობლემები. ამისათვის აკეთეთ მარტივი სავარჯიშო, როცა თავისუფალ დროს გამონახავთ, მგზავრობისას, ძილის წინ ან რიგში დგომისას. აირჩიეთ სიტუაცია და წარმოიდგინეთ მისი განვითარების რამდენიმე გზა. ტრადიციული გზების შემდეგ დაუშვით, რა შეიძლება მოხდეს ყველაზე მოულოდნელი, შემდეგ კი შეურჩიეთ სათანადო პასუხიც. მართალია თქვენ ვერ დაუშვებთ ყველა შესაძლებლობას, თუმცა გამოგიმუშავდებათ სხვადასხვა სიტუაციის მართვის უნარი და ადვილად მოძებნით გამოსავალს.
  • სტრატეგიული აზროვნების უნარი. ბიზნესში აუცილებელია სამომავლო გეგმების ქონა. ეს გეგმები ოცნებებს, რომ არ დაემსგავსოს და ჩამოყალიბდეს დედლაინის მქონე მიზნებად, მნიშვნელოვანია სტრატეგიული აზროვნების დახვეწა. დაყავით გეგმები სამ ჯგუფად: სასწრაფო ან ახლო მომავლის გეგმები, რომელთაც 1 წელში შეასრულებთ, სამომავლო გეგმები, მათთვის 5 წელი გაქვთ და შორეული მომავლის გეგმები, რომელთა რეალობად ქცევისთვის 5 წელზე მეტი დაგჭირდებათ. შემდეგ კი დაისახეთ პრაქტიკული გზები.
  • გარემოსთან და ცვლილებებთან შეთავსების უნარი. აღნიშნული უნარი არსებითად გულისხმობს შესაძლებლობების გამოყენებას განვითარებისათვის. დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში აუცილებელია ცვლილებებზე მყისიერი რეაგირება, რათა არ დარჩეთ წარსულში და ბაზარზე ყოველთვის  ძლიერი მოთამაშე იყოთ.ამისთვის ყოველთვის გაეცანით სიახლეებს, მითუმეტეს იმ სფეროებში, რომელიც თქვენს ბიზნესს ეხება. ეცადეთ წინასწარ განსაზღვროთ რას შემოგთავზებთ მომავალი და გამოიყენოთ თქვენს სასიკეთოდ.



მარიამ მერაბიშვილ

| გააზიარე
მოგწონთ?