პოზიტივის ანატომია


დილას იმ დროზე 15 წუთით ადრე გავიღვიძე, ვიდრე ჩვეულებრივ ვიღვიძებდი, ლამაზი რიტუალით ყავა მოვიდუღე და ისევ საწოლში შევწექი. დამეთანხმეთ, რომ ეს დილის საოცრად პოზიტიური დასაწყისია. 

თუ ჩიტი გალობს და ჩემს მეთხუთმეტე სართულამდე ამოაღწია მთელი დღე ყურში მესმის მისი ხმა და მნიშვნელოვანი თათბირის დროსაც ჩუმად მეღიმება. პოზიტივია ყვავილები, პოზიტივია თბილი მზიანი დღე, მაგრამ წვიმიანიც, ქარიანიც და სეტყვიანიც, იმიტომ, რომ დღეა! გესმით? დღე, რომელსაც შევეგებეთ! კიდევ ერთი დღეა ჩვენი ცხოვრების, კიდევ ერთი შესაძლებლობა განცდის, სიცილის, ტირილის, სიხარულის, კივილის და ყველაფრის, რასაც მოვინდომებთ იმის! კიდევ ერთი შესაძლებლობაა ყველაფრის შეცვლის, თავდაყირა დაყენების, ცის ჩამოტანის დედამიწაზე! აი, ესაა პოზიტივი და კიდევ მრავალი, ერთი შეხედვით უბრალო რამ.

განეწყვეთ პოზიტიურად დედამიწელებო და გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების! თქვენ ის ხართ, ვინც დაიმსახურა ამ ქვეყნად ცხოვრება, ვინც მილიარდი სპერმატოზოიდიდან ერთადერთმა შეძლო კვერცხუჯრედის განაყოფიერება და ახალი სიცოცხლის საწყისის მიცემა! თქვენ ხართ ის ერთადერთი, რომელსაც უნიკალური გენეტიკური კოდი აქვს და არასოდეს, არასოდეს არ განმეორდება მეორე ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი იდენტური.

მერე რა, თუ წვიმს, მერე რა, თუ ყინვაა... თქვენ ამოიყვანთ მზეს! მაშინ, როცა ამას ძალიან მოინდომებთ, მიხვდებით როგორ დაუძახოთ მას და ის ამოვა.. გესმით? მზე თქვენს დაძახილზე ამოვა!!!


ნათია იასაშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?