„თვალუწვდენელი ორმოს“ ბინადარი


ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ, რა მისია გვაკისრია და რა მიზანი გვაქვს ცხოვრებაში, პასუხს, დარწმუნებული ვარ, ადვილად იპოვიდით. ადამიანი უფლის კალთიდან გადმოვარდნილი მარცვალია, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს, იბრძოლოს, იმოქმედოს, იპოვოს თავისი დანიშნულება, ცხოვრების საზრისი. წარმოგიდგენიათ ცხოვრება ბრძოლის გარეშე? შეუძლებელია. ცხოვრება ხომ მაშინაა კარგი, როცა მას ებრძვი (ილია).  ბრძოლის უნარი, მიზნისკენ სწრაფვა, სურვილი შინაგანი და სულიერი პროგრესისკენ-თითოეული ჩვენგანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოტივია.

წარმოიდგინეთ ერთი დღე, როცა დანებდით, მოტივაცია დაკარგეთ, ვეღარ ფლობთ საკუთარ თავს. იმ დღეს, როცა ყველაფერი ერთფეროვანია, სამყარო ჩერდება. მოტივაცია არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ამ ყველაფრის დაძლევისკენ, სულიერი პროგრესისკენ გვიბიძგებს, რათა ვმართოთ საკუთარი თავი. როგორც ნიცშე ამბობდა, საკუთარი თავის ფლობის ნიჭზე დიდი ჯილდო არ არსებობს.

იცით, რას ნიშნავს იყო თავისუფალი? - ,,უფალი თავისა“, შენი ცხოვრების სადავეებს თვითონ მართავდე, წუთისოფელს კი არ ,,მიაჩანჩალებდე“,  ღირსეულად ცხოვრობდე და იაზრებდე იმას, რომ ის სიმი, რომელიც ღმერთმა შენსა და წუთისოფელს შორის გააბა, არასდროს გაწყვიტო, არასდროს შეჩერდე. ჩვენ მომავლის ადამიანები ვართ, რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო გუშინ? მთავარია, რა იქნება ხვალ. წარსულში დაშვებულ შეცდომებს ვერ შევცვლით, ეს მხოლოდ ჩვენი გონების ბნელ კუნჭულში დამალული ნამსხვრევებია, რომელსაც ვეღარ გავამთელებთ. როგორც ყველა ადამიანში, ჩვენშიც ხომ მზეა, რომელსაც გამონათება უნდა ვაცადოთ.

ყოველი დღე ახალი სიცოცხლის დასაწყისია, რომელსაც შემართებით, მოტივაციით, ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ, პრობლემის გადალახვა ვისწავლოთ. თუ ფრენა არ შეგვიძლია, ვირბინოთ, თუ სირბილი არ შეგვიძლია, ვიაროთ, თუ სიარული არ შეგვიძლია, ვიხოხოთ, მაგრამ არასდროს შევწყვიტოთ პიროვნული წინსვლა და განვითარება (მარტინ ლუთერ კინგი). იყო ადამიანი, ნიშნავს, იყო მებრძოლი, - ამბობს გოეთე. ბრძოლა თვითგადარჩენისთვის, დაბრკოლებებთან შეჭიდებისთვის არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომლითაც საკუთარ ,,მე“-ს პროგრესისკენ ვუბიძგებთ. ადამიანი ხომ დაბრკოლებებთან ჭიდილში ყალიბდება პიროვნებად (ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი). საკუთარ თავზე გამარჯვება უნდა ვისწავლოთ, საკუთარი ბედნიერებით ცხოვრება, ჩვენი თავის მოტივატორები თვითონ უნდა ვიყოთ.

ეცადე, შექმნა საკუთარი თავის იდეალური ვერსია, შეუძლებელი შესაძლებელი გახადო. არასდროს დაგვავიწყდეს, ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ.

არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დანებდეთ, რადგან ცხოვრება შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა. მოტივაციის უზადო სურვილი და თავისუფლებისკენ დაუოკებელი სწრაფვა თითოეული ჩვენგანის გულში - თვალუწვდენელ ორმოში ბინადრობს.

| გააზიარე
მოგწონთ?