სამი ხერხი, რომელსაც ჭკვიანი ადამიანები მიმართავენ, როცა ახალი უფროსი ჰყავთ


მაშინ, როდესაც მეტ-ნაკლებად შეჩვეული ხართ ამჟამინდელ ხელმძღვანელთან მუშაობას, ახალი უფროსი ყოველთვის იწვევს ნერვიულობას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალი მმართველი იძლევა წინსვლის შესაძლებლობას. მაშინაც კი, თუ ხართ ის იღბლიანი, რომელიც ყოფილ უფროსს უყვარდა, ახალი ხელმძღვანელი გაიძულებთ პროფესიულად დაიხვეწოთ, სულ მცირე ანგარიშის წერაში. ხოლო თუ ყოფილი ხელმძღვანელი წინსვლაში ხელს გიშლიდათ, ეს სწორედ თქვენთვის სასურველი ცვლილებაა.

მოვლენების თქვენს სასარგებლოდ განსავითარებლად, აიღეთ მაგალითი ჭკვიანი ადამიანებისგან, რომლებიც მსგავს სიტუაციაში მიმართავენ შემდეგ 3 ხერხს: 
  

1. ისინი წარმოაჩენენ თავიანთ საუკეთესო მხარეს

საწყის ეტაპზე ახალ უფროსთან შეხვედრისას ყველა კარგი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, მაგრამ დროთა განმავლობაში დუნდებიან. ახალბედა ყოველთვის ცდილობს დავალებების ზედმიწევნით კარგად შესრულებას. ხოლო უფროსის ნდობის მოპოვების შემდეგ, თავს უფლებას აძლევს სამსახურში დაიგვიანოს ან საქმე გადადოს.

ახალ ხელმძღვანელზე ხელახლა მოგიწევთ შთაბეჭდილების მოხდენა. ასე რომ, დაარწმუნეთ ის თქვენს პროფესიონალიზმში.

მნიშვნელოვანია ზომიერება:

ჭკვიან ადამიანებს მარტივად იცნობთ მათი თვისებით, გადაჭარბების გარეშე წარმოაჩინონ თავი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საჭირო არ არის პიჯაკში გამოწყობილი, ერთი საათით ადრე მიხვიდეთ სამსახურში და საქმეს დაუყოვნებლივ შეუდგეთ.  ეს შექმნის წარმოდგენას, რომ მეტისმეტად ცდილობთ შთაბეჭდილების მოხდენას. შეათავსეთ თავის წარმოჩენასთან მუშაობის ის სტილი, რომლითაც აპირებთ განაგრძოთ მოღვაწეობა გრძელვადიან პერსპექტივაში. მიდით სამსახურში რამდენიმე წუთით ადრე, მოერიდეთ ზედმეტად თავისუფალ ჩაცმულობას და ნუ გადადებთ საქმეს. ეს ცვლილებები შეგიქმნით სასურველ რეპუტაციას.
     
 

2. ისინი აწვდიან ახალ იდეებს

როდესაც ადამიანი მმართველი ხდება, ეძებს ახალ იდეებს გუნდის განსავითარებლად. გამოიყენეთ შესაძლებლობა შესთავაზოთ მას ინოვაცია, გაუზიაროთ თქვენი შეხედულებები.

ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრისას, წინასწარ მოემზადეთ სამსახურის განვითარების დეტალებზე სასაუბროდ. თქვენი ნებისმიერი იდეა, რომელიც დაეხმარება გუნდს წინსვლაში, დაგეხმარებათ თქვენც. თუ თავში არაფერი მოგდით, გამოჰკითხეთ ახალ უფროსს პრიორიტეტების, განვითარების მისეული ხედვის და მოლოდინის შესახებ. ჩაინიშნეთ პასუხები, დაფიქრდით მათზე და წარმოუდგინეთ სამოქმედო გეგმა მისი მიზნის მისაღწევად.

მნიშვნელოვანია ზომიერება:

მუშაობის პროცესის გამოსწორების განხილვისას, არის ცდუნება ძველ შეცდომებზე საუბრის. ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ ყოფილი ხელმძღვანელის ან მისი მუშაობის სტილის გაკრიტიკება არ არის მომგებიანი. იყავით წინდახედული და პოზიტიური.

 

3. ისინი ეხმარებიან სხვებს

გაითვალისწინეთ, რომ უფროსი ახალია კომპანიაში. გამოიყენეთ ეს ვითარება მასთან დასაახლოვებლად. შესთავაზეთ ცოდნის გაზიარება, ან მოუყევით თქვენს მთავარ აქციონერთან ურთიერთობის გამოცდილების შესახებ. აგრძნობინეთ, რომ სიამოვნებით პასუხობთ მის კითხვებს.

დაიცავით ზომიერება:

ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, როგორ იყვნენ საჭირონი და არა პირფერნი. ნუ მოიქცევით, როგორც მასწავლებლის საყვარელი მოსწავლე, ან შუამავალი უფროსსა და თანამშრომლებს შორის. ამგვარი ქმედება გამოიწვევს თანამშრომლების აღშფოთებას და უფროსის გაღიზიანებას. ხელმძღვანელთან საუბრისას ხაზი გაუსვით სხვა თანამშრომლების შესაძლებლობებსაც.
        
და ბოლოს, ჭკვიან ადამიანებს ახასიათებთ დააკვირდნენ მოვლენების განვითარებას. შესაძლოა ახალმა ხელმძღვანელმა ბევრი არაფერი შეცვალოს. იმისთვის, რომ წინ წაიწიოთ კარიერაში, მოერგეთ შექმნილ ვითარებას და გამოიყენეთ ახალი შესაძლებლობები.

 


themuse.com

თამთა დვალი

| გააზიარე
მოგწონთ?