„ენდორფინები“ - ანუ როგორ გავხდეთ უფრო ბედნიერები და მოტივირებულები?


დღევანდელ ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის დარგებს, ადამიანის ყველანაირი ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობა გამოკვლეული აქვთ. შესაბამისად, ბედნიერებასაც გამოენახა თავისი ფიზიოლოგიური მექანიზმი. ადამიანის ბედნიერებაში დიდ როლს თამაშობს ორგანიზმის მიერ შინაგანად გამომუშავებული ნივთიერება - ენდორფინი, რომლის გამოყენებასაც მეცნიერები ცდილობენ სხვადასხვა მიზნისთვის. 

არსებობს რამდენიმე ჰორმონი, რომლებსაც ენდორფინების ფუნქცია აქვთ. ყოველი ადამიანისთვის იგი სხვადასხვაა. თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ, რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ჩამონათვალიდან: 

1.ენდორფინები - ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონების ჯგუფია. სისხლში მათი დონის აწევა შესაძლებელია, თუ ორგანიზმს ფიზიკურად დავტვირთავთ, მაგალითად, სპორტით, ვარჯიშით. სისხლში ენდორფინების შემცველობა იზრდება სიცილის დროს. გასაოცარია, მაგრამ ხელოვნური ღიმილიც კი ზრდის ამ ჰორმონის რაოდენობას.

2.ოქსიტოცინი - სინაზისა და ნდობის ჰორმონი. წარმოიქმნება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. ამიტომ არის, რომ შეყვარებული გრძნობს სიმსუბუქეს, თითქოს დაფრინავს და თავი ყოვლისშემძლე ჰგონია. 

3.სეროტონინი - ტონუსის, ოპტიმიზმის, კარგი განწყობის ჰორმონი. მას მყისიერად გამოყოფს ორგანიზმი, როგორც კი მიირთმევთ შოკოლადს, ნაყინს, ბანანს, ფინიკს, მსხალს, კარალიოკს და სხვა საკვებს.

4.დოფამინი - კმაყოფილებისა და სურვილის ჰორმონი. მისი წყალობით ადამიანს უწევს სასიცოცხლო ტონუსი, უბრწყინავს თვალები, ემატება მიზანსწრაფვა და ხდება უფრო მოტივირებული.

5.ადრენალინი და ნორადრენალინი - მათი მოქმედება ხდება სტრესის დროს და მისი მეშვეობით ადამიანს ერთი შეხედვით შეუძლებლის შეძლების უნარი შესწევს.

6.მელატონინი - ის სერატონინის საპირისპიროა. გამომუშავდება დღის სინათლის არ არსებობისას. ამიტომაცაა ოთახის ჩაბნელება დასვენებასა და ადვილადჩაძინებას რომ უწყობს ხელს. მისი გამოყოფა პიკს ღამის 2 საათისთვის აღწევს, ამიტომაც აუცილებელია ამ დროისათვის ადამიანს ეძინოს. მელატონინი დაბერების პროცესს ანელებს.

იმისთვის, რომ ორგანიზმში ენდორფინების გამოთავისუფლება გამოვიწვიოთ და თავი ბედნიერად ვიგრძნოთ, სულაც არ არის საჭირო რაიმე ექსტრემალური ქმედების ჩადენა ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება. არსებობს უამრავი ბუნებრივი და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც ენდორფინების „გადმოსროლას“ უწყობს ხელს. ახლახან ჩატარებულ ცდებზე დაყრდნობით, ტეხასელი ფიზიოლოგები გვირჩევენ წიწაკა ჩილის გამოყენებას. გაიჩერეთ წიწაკა ენაზე ცოტა ხნით და თქვენ არა მარტო თავს იგრძნობთ უკეთ, არამედ ტკივილისგანაც გათავისუფლდებით. მეორე მეთოდია - დადებითად აზროვნება. ამისთვის საჭიროა, საკუთარი აზრების კონტროლი და უარყოფითი მოსაზრების გაჩენისთანავე მისი დადებითით შეცვლა. სპორტი ხელს უწყობს ენდორფინების „გადმოსროლას“ სისხლში.

შოკოლადი ასევე იწვევს განწყობის ამაღლებას, თუმცა არ ღირს მისი ჭარბად მიღება. ულტრაიისფერი სხივებიც უზრუნველყოფს ენდორფინების გამოყოფის სტიმულირებას, თუმცა საჭიროა ზომიერების დაცვა. არსებობს თეორია, რომ მუსიკით მიღებული სიამოვნება ენდორფინების გამოთავისუფლების შედეგია. გარდა ამისა, ბედნიერების ჰორმონები წარმოიქმნება დადებითი ემოციების: სიცილის, სიხარულის, სიყვარულის, ვნების, მადლიერების გრძნობის შედეგად, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და იწვევს ადამიანში კარგ გუნება-განწყობილებას, ბედნიერების შეგრძნებას და დიდხანს სიცოცხლეს.

გახსოვდეთ, ოპტიმიზმის საფუძველი ჩვენსავე ორგანიზმშია. გისურვებთ ბედნიერებას, მოტივაციას და ბევრ ენდორფინს.

| გააზიარე
მოგწონთ?