ნავთის ლამპიდან - კომპიუტერის საუკუნემდე 100 წლის ბებოს პოზიტივი


გაზაფხულის ხანგრძლივი წვიმების შემდეგ უჩვეულოდ მზიანი და თბილი დილა გათენდა. შინაგანად აფუსფუსებული და აფორიაქებული, რაღაცის მოლოდინში თუ გაურკვეველ ემოციებში ვიყავი. 

თბილისი ნელ-ნელა იღვიძებდა, ნელ-ნელა მომრავლდნენ მანქანები და ახმაურებული ქალაქიდან გაქცევა მომინდა. აქედან შორს ჩემს მშობლიურ კუთხეში, უცებ წარმომიდგა მწვანეში ჩაფლული ეზო, დედის და ბებოს მზრუნველი ხელით გამწვანებული გაზონებითა და ვარდებით გადავსებული ბაღი.

დღეს ჩემი ბებო 100 წლის გახდა. ამის გაფიქრება და უკვე სამარშრუტო ტაქსში ვიჯექი, ავტომანქანა დაუზოგავად მიმაქროლებდა ლიხს იქით...მთელი გზა ვფიქრობდი. 100  წელი საუკუნეა... საუკუნიდან  თითქმის 62 წელი ბებო ერთგულად ზრდიდა თაობებს და ემსახურებოდა პედაგოგის ღირსეულ საქმიანობას. რამდენჯერ მიფიქრია - აი მისი ცხოვრება ნავთის ლამპიდან კომპიუტერის საუკუნემდე. შუაცეცხლის ალზე ნასწავლი გაკვეთილები და გაცვეთილი ფეხსაცმელებით მიმავალი უნივერსიტეტამდე.

პედაგოგის პირველი ხელფასით ნაყიდი ლაქის ფეხსაცმელი და კოხტა ჩანთა. ამ ფიქრებით გამივლია თითქმის 300 კილომეტრი ჩემს რაიონამდე. ბებო ლამაზად გამოწყობილი დამხვდა შესასვლელ ოთახში, ამაყად და ღირსეულად უამბობდა სტუმრებს დიდი ოჯახის დიდ ისტორიას. მისი დედა, თუ სწორად გამოთვალეს, 112 წლის გარდაცვლილა. 95 წელს მიღწეული ჩემი ბაბუ ეზოში მშვიდად საქმიანობდა. აი რა ყოფილა ჩემი დილის ფორიაქის მიზეზი. დილის და მთელი სიცოცხლის პოზიტივი!


ლანა კოპალიანი

| გააზიარე
მოგწონთ?