როგორ დავაღწიოთ თავი ყოველდღიურ რუტინას და გადავდგათ დროული ნაბიჯები წარმატებისკენ 


ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მოულოდნელად აღმოვაჩენთ, რომ ყოველდღიურ რუტინაში ვცხოვრობთ და უამრავი ოცნება გვაქვს, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ შევასხით დროულად ფრთები. ჩვენი ცხოვრება თითქოს გაყინულია ერთ ადგილას და წარმატებაც თავისთავად არ ჩანს. როდესაც ვაცნობიერებთ, რომ დრო უმოქმედობაში გავლიეთ, სასოწარკვეთა გვიპყრობს. ვფიქრობთ, ძვირფასი დრო გაფანტულია და უამრავი შესაძლებლობა დაკარგული. ასეთ წუთებში ჩვენ არა მარტო საკუთარ თავზე ვბრაზდებით, არამედ ვუბრაზდებით მთელ სამყაროს და გარშემო ადამიანებს. მინდა რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ, რომელიც დაგეხმარებათ თვალი გაუსწოროთ რეალობას და დაიწყოთ მოქმედება სასურველი ოცნებების განსახორციელებლად დღესვე.

 

1. ნუ განსჯი საკუთარ თავს

როგორც კი სიმართლეს აღმოაჩენ და მიხვდები, რომ არ ხარ იქ, სადაც ოცნებობდი ყოფილიყავი, ნუ შეიძულებ სამყაროს, ნუ დაადანაშაულებ შენს უმოქმედობაში სხვებს. ვიცი, სიბრაზე და სინანული შეგიპყრობს, მაგრამ როგორც კი ამას იგრძნობ, მაშინვე გაიხსენე - ჯერ კიდევ ყველაფერი გაქვს წინ. ხარ გონიერი, ჯანმრთელი, ოცნებებით სავსე და უპრიანი იქნება სინანულის ნაცვლად, თუ მაშინვე დაიწყებ მოქმედებას. პირველ რიგში გათავისუფლდი უარყოფითი ემოციებისგან, ნუ დაინახავ ყველაფერს მუქ ფერებში და ნუ განსჯი ზედმეტად საკუთარ თავს. უკეთესია მიიღო დროული გადაწყვეტილება და დაიწყო მოქმედება იმ ოცნების განსახორციელებლად, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის.

 

2. დააკვირდი სამყაროს

შენ იცი რისი კეთება გსურს მომავალში! - ვფიქრობ, ამაზე ბევრჯერ გიფიქრია, მაგრამ რატომღაც ვერ პოულობ გზას, საკუთარი საქმე წამოიწყო და გახდე წარმატებული. დააკვირდი სამყაროს - ნახე ამას როგორ აკეთებენ სხვები. როგორ დაიწყეს, როგორ გადადგეს პირველი ნაბიჯები და გახდნენ წარმატებულები. შენ უამრავი შანსი გაქვს, უბრალოდ აუცილებელია იპოვო ის და მასში საკუთარი ოცნებების რეალიზების საშუალება ამოიცნო. არ არის აუცილებელი გადადგა ფართო ნაბიჯები. მთავარია მოსწყდე ყოველდღიურ რუტინას და სულ მცირედი ცვლილებებით დაიწყო ყველაფერი.

 

3. დაივიწყე ნეგატიური ემოციები

ნუ შეგშურდება იმ ადამიანების, რომლებმაც დაუღალავი შრომით მიაღწიეს წარმატებას და ახლა თავს კარგად გრძნობენ. ნუ დახარჯავ უარყოფით ფიქრებში დროს. შენც შეგიძლია ისე იგრძნო მომავალში თავი, როგორც წარმატებულმა ადამიანმა. პირველ რიგში გათავისუფლდი ბრაზისგან. გახსოვდეს, სამყარო გვაძლევს ყველაფერს, რაც აუცილებელია წარმატებისთვის. გვაძლევს გონებას, უნარებს, შესაძლებლობებს, რომელთაც განვითარება სჭირდება მხოლოდ.

 

4. შენი მოვალეობაა - გახდე  წარმატებული ადამიანი

მას შემდეგ, რაც გააცნობიერებ, რომ დროა ფრთები შეასხა შენს ოცნებებს, გამოიყენე  ეს შეგრძნება შენს სასიკეთოდ. ადამიანები, რომლებსაც ერთფეროვანი ცხოვრება აქვთ, ძალიან იტანჯებიან ყოველდღიური რუტინით და ყველაზე მეტად სწადიათ ოცნების ასრულება. შესაბამისად, მათში უამრავი ენერგიაა დაგროვილი. აქვთ საქმის კეთების უდიდესი პოტენციალი, რომელსაც მაშინვე აღმოაჩენენ საკუთარ თავში, როგორც კი პირველ ნაბიჯებს გადადგამენ. იყავი გაბედული. დაუმტკიცე სამყაროს, რომ შენი საქმე არ არის სინანული, რადგან შენი მოვალეობაა გახდე წარმატებული და იცხოვრო ბედნიერი ცხოვრებით.

 

5. ოცნებებისთვის ბრძოლა არასდროს არის დაგვიანებული

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, რამდენი დრო დაკარგე და რამდენი ოცნება გაქვს განუხორციელებელი, მთავარია ყველაფერი გაიაზრო და როდესაც მიხვდები, კვლავ  მთელი გულით გსურს საყვარელი საქმის კეთება, დაიწყე მუშაობა. შეიკეტე შენს სამუშაო ოთახში, იმუშავე, ისწავლე. მთავარია დაიწყო მოქმედება და ყველაფერს  შეძლებ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?