ჯანსაღი კომუნიკაციის ეფექტი


ჩვენ, ადამიანებს, მიუხედავად ჩვენი პროფესიისა თუ სოციალური მდგომარეობისა, ყოველდღიურად გვიწევს კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება სხვა ადამიანებთან.

მოლაპარაკების  პროცესში ჩართული ყველა  მხარის სურვილია, შეთანხმება მიღწეული იქნეს ისე, რომ ნაკლები დათმონ და მეტი მიიღონ.

ალბათ ხშირად გვსმენია  ტერმინი ,,მოლაპარაკების ხელოვნება“, ამდენად, მოლაპარაკების უნარები ჩვენს თანამედროვეობაში ხელოვნების დონეზეა აყვანილი.

და მაინც, აქტუალურია კითხვა - როგორ ვაწარმოოთ სწორი კომუნიკაცია და რა არის წარმატებული მოლაპარაკების საფუძველი?

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოლაპარაკება ინდივიდუალურია, მაინც არსებობს რაღაც წესები, რომლებიც  დაგვეხმარება, დავასრულოთ მოლაპარაკება წარმატებულად.

მაშ ასე, იმისთვის რომ მიიღო სასურველი:

  • მიდით მოლაპარაკებაზე მოწესრიგებული და საქმიანი იმიჯით - მოწესრიგებული ადამიანი ყოველთვის ტოვებს სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას, რაც მისდამი ნდობას ზრდის.
  • მოუსმინეთ - მოსმენის კულტურა მნიშვნელოვანი და საჭირო თვისებაა, განსაკუთრებით მოლაპარაკებების წარმოებისას. მოუსმინე არა იმიტომ, რომ უპასუხო, არამედ იმიტომ, რომ გაიგო.
  • განსაზღვრეთ თქვენი მაქსიმუმი - ჩამოწერეთ, რა მაქსიმალური შედეგის მიღება  შეიძლება მოლაპარაკებიდან.
  • განსაზღვრეთ თქვენი მინიმუმი - პროგრამა მაქსიმუმთან ერთად, აუცილებელია, გქონდეთ პროგრამა მინიმუმიც. ის მინიმუმი, რაც თქვენ კომუნიკაციის ბოლოს აუცილებლად უნდა მიიღოთ.
  • დათმეთ - პროგრამა მაქსიმუმიდან პროგრამა მინიმუმის დიაპაზონში დათმობა აუცილებელია. დათმობა ერთგვარი ნიშანია მეორე მხარისთვის, რომ შენ მზად ხარ, მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისთვის წახვიდე კომპრომისზე.
  • გამოკვეთეთ გადაკვეთის წერტილები - მნიშვნელოვანია გადაკვეთის წერტილების პოვნა და მათი წინა პლანზე წამოწევა.
  • იყავით კეთილგანწყობილი და თავდაჯერებული - კეთილგანწყობა მიანიშნებს  მოლაპარაკების მეორე მხარისადმი პატივისცემაზე, ხოლო თავდაჯერებულობა - იმაზე, რომ ზუსტად იცი, რისი მიღება გსურს.
  • იყავით მშვიდი და გამოხატეთ აზრი მკაფიოდ - სიმშვიდე და სიზუსტე მეტ სიცხადეს შეიტანს თქვენს სურვილებში.
  • მართეთ შედეგი, არ დააგვიანოთ მოლაპარაკების დასრულება - როცა მიხვდებით, რომ იმ კონკრეტულ საკითხზე თანხმობა მოიპოვეთ, რაც თქვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ან მიხვდებით, რომ კომუნიკაცია თქვენთვის არასასურველი გზით წავიდა, წამოიღეთ ის მცირედი მაინც, რასაც უკვე მიაღწიეთ და მალე დაასრულეთ შეხვედრა.

ეფექტური კოუნიკაციის  ბენეფიტი ორმხრივად მომგებიანი შეთანხმების მიღწევაა. ამის მაგალითია  ორი პირის დავა ფორთოხლის განაწილებაზე მანამ, სანამ არ აღმოაჩენენ, რომ ერთს ფორთოხლისგან წვენის  მიღება სურს, მეორეს კი - მხოლოდ გახეხილი ცედრის. ეს კონკრეტული შემთხვევა ნათლად ადასტურებს წარმატებული მოლაპარაკების ორმხრივ მომგებიანობას.

შესაბამისად, სწორი და გააზრებული  კომუნიკაცია წარმატებული მოლაპარაკების საწინდარია.

| გააზიარე
მოგწონთ?