,,რა გამოვიდეთ, რომ გავიზრდებით?!" - ანუ 3 მთავარი რჩევა პროფესიის არჩევისას


ერთ-ერთი შეკითხვა, რომელსაც ბავშვობიდან ყველაზე ხშირად გვისვამენ, არის - „რომ გაიზრდები, რა უნდა გამოხვიდე?“. ზოგისთვის ეს უმარტივესი კითხვაა, ზოგისათვის კი ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი, რომელსაც ცხოვრებაში აწყდება და, შეიძლება, ყველაზე შემაწუხებელიც კი.

 

პროფესიის სწორად არჩევა მართლაც ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია ჩვენს ცხოვრებაში.  გადაწყვეტილებას ადამიანები სხვადასხვა ფაქტორის გავლენით იღებენ, ზოგი ითვალისწინებს მშობლების რჩევებს, ფინანსურ შესაძლებლობებს, ინტერესებს, გატაცებებს და ა. შ. 

 

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიასთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილების მიღების ზუსტი ალგორითმი არ გაგვაჩნია და მიდგომა ყველასთვის ინდივიდუალურია, არსებობს სამი ძირითადი რჩევა, რომლების მიყოლაც დაგვეხმარება, შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და ავირჩიოთ შესაფერისი პროფესია.

 

1. გაიარეთ ფსიქოლოგიური ტესტები

ფსიქოლოგიური შეფასებები შეიძლება საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. ასეთი შეფასებები იძლევიან ადამიანის პიროვნების, ინტერესებისა და უნარების კარგ სურათს. ტესტების შერჩევა სამი ძირითადი მიმართულებით ხდება. ესენია:

 

პიროვნული თვისებები - მაიერს-ბრიგსის ტიპების ინდიკატორი (Myers - Briggs Types Indicator)

ჰოლანდის ტესტი (The Hollands code career test). ორივე ტესტის პოვნა ინტერნეტში უფასოდაა შესაძლებელი.

პროფესიული უნარების ტესტები ადგენენ აქვს თუ არა პიროვნებას კონკრეტული უნარები ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად. სამწუხაროდ, ადამიანები ამ მარტივ კითხვას ხშირად უვლიან გვერდს. უნარების შესაფასებელი ტესტები პროფესიების მიხედვით განსხვავდება და სპეციფიურია.

 

2. აკეთეთ ის, რაც გიყვართ

„აკეთე ის, რაც გიყვარს“ იქნება რჩევა, რომელსაც, ალბათ, ყველაზე ხშირად მოისმენთ. სათქმელად ადვილია, შესასრულებლად კი... ადამიანები ხშირად მიდიან დასკვნამდე, რომ ეს რჩევა შეიძლება სულაც არ იყოს კარგი. თქვენ არ მოგსვლიათ? რაღაც ძალიან გინდოდათ, შეგისრულებიათ და უცებ აღმოგიჩენიათ, რომ ეს სულაც არ გაბედნიერებთ და, შეიძლება, აღარც კი გინდათ. მკვლევარები ამბობენ, რომ ადამიანები ხანდახან ირაციონალურები ვართ და შეიძლება, სწორად ვერ მივხვდეთ, რა გვინდა სინამდვილეში. ამიტომ, თუ შესაძლებელია, ადექით და პრაქტიკაში გამოსცადეთ თქვენი სურვილები - სტაჟირებების საშუალებით. ხშირად, ჩვენი წარმოდგენები არ ემთხვევა რეალობას და როცა საქმეს შევუდგებით, მაშინ ხდება ნათელი, ნამდვილად გვსურს თუ არა ამა თუ იმ პროფესიის დაუფლება. ამიტომ, სტაჟირებები შესანიშნავი გამოსავალია. ასევე, სთხოვეთ თქვენს პროფესიონალებს, მოგცენ რეალური შეფასება - როგორია მათ სფეროში მუშაობა. წაიკითხეთ რაც შეიძლება მეტი თქვენთვის საინტერესო მიმართულებების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილება კი მთელი ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ მიიღეთ.

 

3. იყავით ღია ახალი შესაძლებლობებისათვის

ხანდახან საუკეთესო მოვლენები დაუგეგმავად ხდება. იყავით ღია ახალი შესაძლებლობებისათვის, სცადეთ ახალი და სხვადასხვა საქმიანობა, თუკი ისინი „შემთხვევით გადაგეყრებიან“ გზად. ნუ შეიზღუდავთ თავს მხოლოდ ერთხელ გაწერილი გეგმითა და ერთი სფეროთი. შეიძლება თქვენთვის საუკეთესო პროფესიას სწორედ ასე, „შემთხვევით“ შეხვდეთ. მიეცით სამყაროს საშუალება, თავად მოგაწოდოთ თქვენთვის საუკეთესო გზა და იყავით მზად, ფეხი აუწყოთ მას.

 

თუმცა.. ყოველთვის არსებობს ერთი „თუმცა“. თითოეული ჩვენგანი უნიკალური, განსხვავებული და ერთადერთია. გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, რჩევების გათვალისწინებისას თუ ნაცადი ხერხების გამოყენებისას, ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ყოველთვის იქნება ანგარიშგასაწევი - ჩვენი საკუთარი პიროვნება, რომლის უსაზღვრო შესაძლებლობების შესახებ მხოლოდ ჩვენ გვაქვს წარმოდგენა და მათი სრულად გამოვლენის საშუალება.

 


ნუცა ნიკოლიშვილი

whataftercollege.com

| გააზიარე
მოგწონთ?