მთის რაგბი - ინტერვიუ ახალგაზრდა მწვრთნელთან


ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გახლავთ 19 წლის ირაკლი ნარსავიძე, რომელიც სტუდენტია და ამავდროულად უკვე პროფესიონალი მწვრთვნელია. ვფიქრობთ მას, მართლაც, დიდი წვლილი შეაქვს ქართველი ახალგაზრდების განვითარებასა და სპორტით დაინტერესების საკითხში. 

რაგბს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რამ განაპირობა თქვენი ამ სპორტისადმი ასეთი მიდრეკილება?
პირველ რიგში, რაგბი იმ გუნდური სპორტების რიგს მიეკუთვნება, სადაც თანადგომის და კოლექტიური მუშაობის გარეშე ვერაფერს გახდები. სწორედ ამიტომ, რაგბი ის სპორტია, რომელიც ქართულ ხასიათში ზის. ასევე ამ სპორტს როგორც ფიზიკური მომზადება, ასევე ინტელექტუალური უნარ-ჩვევები სჭირდება.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ მთა იყო სწორედ ის ადგილი სადაც რაგბის გუნდი უნდა შეგექმნათ?
მთაში, მისი მკაცრი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხალხის ფიზიკური განვითარება მაღალია. მთის ხალხს მკაცრად აქვს გამჯდარი ის ძირეული თვისებები, რაც რაგბის სათამაშოდ არის საჭირო.

თქვენი აზრით, რა სარგებელს მოუტანს რაგბი ბავშვებს ფიზიკური სიჯანსაღის და თამაშის ცოდნის გარდა?
რაგბი არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის ცხოვრების წესი. მორაგბეები არა მხოლოდ მოედანზე ვართ, არამედ მოედნის გარეთაც. პირველ რიგში, რაგბი მეგობრობას, ერთმანეთის გვერდში დგომას, მეტოქისა და თანაგუნდელის პატივცემას გვასწავლის.

ალბათ არიან  გუნდში ბავშვები, რომლებსაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ. როგორ ამხნევებთ ბავშვს, რომელიც ფიქრობს რომ მას თამაში არ შეუძლია და არ აქვს საკმარისი ძალა და უნარი?
ასეთი ბავშვებისთვის ვარჯიშების შედარებით გამარტივებულ ფორმებს ვიმუშავებ. მათთვის ძალიან წამახალისებელია შექება, რის შემდეგაც უფრო მეტი მოტივაცია ეძლევათ და უკეთ გამოსდით თამაში.

როგორ ფიქრობთ,შეგწევთ თუ არა ძალა შეცვალოთ თქვენი გუნდის ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ და ჩამოაყალიბოთ ისინი ლიდერებად?
ძალა რამდენად შემწევს ამას დრო და შედეგი გვიჩვენებს, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და თავდაუზოგავად ვიმუშავებ ბავშვებთან. მწვრთნელს მხოლოდ მათი მორაგბეებად ჩამოყალიბების პასუხისმგებლობა არ ეკისრება, მას ევალება მათი კარგ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა. მწვრთნელი გუნდისთვის მისაბაძი ადამიანი უნდა იყოს, როგორც პიროვნება ასევე სპორტსმენი.

ალბათ ბევრი დაბრკოლების გადალახვა გიწევთ, მაგრამ ფაქტია, უმკლავდებით სირთულეებს. თქვენი აზრით, რომელია წარმატებისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზა?
დაბრკოლებები მუდამ თან სდევს ადამიანს, თუმცა მათი გადალახვით კიდევ  ერთი ნაბიჯით მივიწევთ წინ. რაც შეეხება წარმატებას, მისი მთავარი და ერთადერთი საწინდარი თავდაუზოგავი შრომა და მონდომებაა.

თქვენი რჩევები დამწყებ მორაგბეებს
იშრომონ თავდაუზოგავად, არ გადაუხვიონ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, იყვნენ უბრალო და თავმდაბალი ადამიანები, როგორც ქართველი კაცის და მორაგბის ხასიათში დევს. მეტს არაფერს დავამატებ, ცხოვრება თავად აჩვენებს მათ რაც სჭირდებათ!


რუსუდან დარსალია

| გააზიარე
მოგწონთ?