ოცნების გზა?!


პერსონაჟები  შთაგაგონებენ, გაოცებენ, გაიძულებენ შეგიყვარდეს  ისინი და გამუდმებით მათზე იფიქრო. არსებობენ ისეთი პერსონაჟებიც, რომლებიც გაძლებენ უმთავრესს - ცხოვრების ძალასა და მოტივაციას, ისინი ხმამაღლა, დაუღალავად მოგიწოდებენ რომ შენს თავშიც შეცვალო რაღაც.
 

პაულო კოელიოს „ალქიმიკოსი“ მიგახვედრებთ, რომ თქვენ გარდა არავის შესწევს თქვენივე ცხოვრების წარმართვის ძალა. წიგნის მთავარი პერსონაჟი - სანტიაგო თქვენთვის ნამდვილ შთაგონების წყაროდ იქცევა. მოგცემთ ცოცხალ და საინტერესო მაგალითებს. სანტიაგო არასოდეს ნებდება, თავის ბედისწერას ბოლომდე მიჰყვება და ცხოვრებისგან ზუსტად იმას იღებს, რაც სურს.
 

ჩვენ, ადამიანებს, შეგვიძლია არაფერი შევცვალოთ, უბრალოდ ვუყუროთ ცხოვრების ბანალურ დღეთა თავისთავად  მდინარებას და შემდეგ ვინატროთ დროის უკან დაბრუნება. მაგრამ შეგვიძლია სანტიაგოს მსგავსად მოვიქცეთ, დავუჯეროთ ოცნებებს, სიზმრებს, მოლანდებებს და მივცეთ მათ ახდენის საშუალება. სანტიაგო თავის ბედისწერას მიენდო, დაიჯერა და იწამა სასწაულების. სწორედ ეს რწმენა დაეხმარა ესწავლა აღტკინების ენა, ენა იმ საგანთა, რასაც სიყვარულითა და მონდომებით აკეთებ, აკეთებ იმისთვის, რისიც გწამს და რისკენაც ილტვი. ეს ის ენაა, რომელიც ყველასთვის ერთნაირად გასაგებია, რომელსაც განსაკუთრებული სწავლა არ სჭირდება. მოტივაციისა და აღტკინების ენას ყველა კაცი ინტუიტურად ფლობს.
 

სანტიაგოს პიროვნებაზე, მის გარდაქმნაზე და თვისებებზე ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ოთხი უმთავრესი თეზა, რომელიც ამ პერსონაჟმა ჩემში დალექა ასე გამოიყურება:

1.,,რაც უფრო შორს მიჰყვები საკუთარ გზას, მით მეტად განსაზღვრავს ის შენს ცხოვრებას.“

2. „თუკი ნამდვილად ესწრაფვი რაღაცას, აუცილებლად მიაღწევ კიდეც, რადგან ეს სურვილი სამყაროს სულშია და სწორედ ეს არის შენი დანიშნულება ამ ქვეყნად.“

3. „ოცნების ასრულებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს - დამარცხების შიში“

4. „დაიმახსოვრე, ყოველი ადამიანი ამ დედამიწაზე, რასაც უნდა აკეთებდეს, უმთავრეს როლს ასრულებს სამყაროს ისტორიაში, თუმცა შეიძლება არც არაფერი იცოდეს ამის შესახებ.“
  
და ბოლოს, ნურასოდეს შეწყვეტთ ოცნებას და  ნუ დაგარკავთ რწმენას. ოცნებები გაიძულებენ დაისახო მიზნები. რწმენა კი გაძლევს ძალას დაუღალავად იარო მათკენ. ყოველი დაბრკოლება, რაც გზად შეგხვდებათ არის ახალი გამოცდილება და არა წარუმატებლობა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ „ცხოვრება სწორედ იმით არის საინტერესო, რომ შეიძლება ერთ დღეს ყველა ოცნება ახდეს“.

 

| გააზიარე
მოგწონთ?