4 რჩევა წვიმიანი უქმეების სასიამოვნოდ გასატარებლად


მთელი კვირის განმავლობაში დატვირთული სამუშაო რეჟიმი რთული და დამღლელია, ამიტომ თითოეული ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება უქმეებს განტვირთვისთვის და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ჩვენ ვგეგმავთ როგორ გავატაროთ შაბათ-კვირა ბუნებაში, ვფიქრობთ მოვაწყოთ პიკნიკი, ჩავისუნთქოთ სუფთა ჰაერი, დავტკბეთ მზის სხივებით, ავივსოთ შთაბეჭდილებებით, თუმცა როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ,,ვიქენდზე“ წვიმიანი და ცივი დღეები ემთხვევა?

 

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, მყუდროდ და სასიამოვნოდ გაატაროთ წვიმიანი  უქმეები.

 

1.წვიმიანი ამინდი საუკეთესო დროა  იმისათვის, რომ გამოსცადო შენი შესაძლებლობები კულინარიაში. შეიძინე პროდუქტები, დაგუგლე მადისაღმძვრელი კერძების რეცეპტი და ჩაატარე  ექსპერიმენტები სამზარეულოში. მიირთვი წითელი ღვინო და დატკბი თავისუფალი წუთებით. შეგიძლია მოიწვიო მეგობრები და მათთან ერთად დააგემოვნო ახალი კერძები. გააცნო მათ შენი კულინარიული შესაძლებლობები და უბრალოდ იამაყო ამით! ვფიქრობ, მეგობრებთან ერთად ყოფნა, გემრიელი ვახშამი და მხიარული საუბრები შთაბეჭდილებებით აავსებს წვიმიან  დღეს.

2.ნისლიანი და წვიმიანი დღე საუკეთესო დროა იმისათვის, რომ მოიმარაგო ორცხობილა, ფინჯანი ჩაი, მოიხვიო მხარზე პლედი და დაიწყო იმ წიგნის კითხვა, რომლის წაკითხვა ბოლო ერთი თვეა ვერ მოახერხე. დამეთანხმები, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც წიგნით ხელში ფანჯარასთან ზიხარ, კითხულობ, გარეთ კი წვიმის წვეთები წკაპუნებს სახურავზე. შეგიძლია მოიძიო ინტერნეტში ფილმები, რომელთა ნახვაც შემოდგომაზე უფრო სასიამოვნოა, ასევე ჩამოუშვა ფარდები, ჩართო საყვარელი მუსიკა და განიტვირთო.

3.ხშირად გწყდება გული იმის გამო, რომ ძალიან ცოტა დროს ატარებ  შენს მეორე ნახევართან ერთად? გენატრება რომანტიკული დღეები და ვახშამი სანთლის შუქზე? წვიმიანი დღე სწორედ შესაფერისია იმისათვის, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარო დრო სასიამოვნოდ. დაივიწყე ყოველდღიური პრობლემები, შექმენი რომანტიკული გარემო, გადაეშვი მოგონებებში, გაიხსენე შენი ცხოვრების სასიამოვნო მომენტები. ისაუბრე, გაიღიმე და უბრალოდ ძვირფასი წუთებით დატკბი. ადამიანის ცხოვრებას ის დღეები სძენს ბედნიერ ელფერს, რომელსაც საყვარელ ადამიანებთან ერთად ატარებს.

4.სამუშაო გრაფიკით დატვირთული ადამიანისთვის სრულფასოვანი ძილი საკმაოდ მნიშვნელოვანია ძალების აღსადგენად. როდესაც კვირის დანარჩენ დღეებში ვერ ვახერხებთ გამოძინებას, წვიმიან ამინდში გვეძლევა შანსი დავისვენოთ და გამოვიძინოთ იმდენი საათი, რამდენიც სჭირდება ჩვენს ორგანიზმს. ზოგჯერ ადამიანები, რომლებსაც სახლში უამრავი წვრილმანი საქმე აქვთ მოსაგვარებელი, ვერ ახერხებენ დასვენებას და შაბათ-კვირა კიდევ უფრო დამღლელია მათთვის. გახსოვდეთ, იმისათვის რომ ნაყოფიერად გააგრძელოთ მუშაობა და იყოთ წარმატებული თქვენს საქმიანობაში, აუცილებლად გჭირდებათ დასვენება და ძალების აღდგენა. ამიტომ გაეხვიეთ საბანში, დაივიწყეთ დროებით საქმეები და იძინეთ ტკბილად.

 

| გააზიარე
მოგწონთ?