უნივერსალური ფორმულა


ყველა ჩვენგანი ოცნებობს ბედნიერ და სრულყოფილ ცხოვრებაზე, წარმატებულ კარიერასა თუ ბიზნესზე, თუმცა ზოგჯერ  ჩვენი ოცნებები წლობით ვერ რეალიზდება.

რა არის ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი?!  - ეს კითხვა მოსვენებას არ გვაძლევს და ქვეშეუცნობლად მოქმედებს ჩვენს თვითშეფასებაზე და საკუთარი    "მე"-ს ჯანსაღად აღქმაზე. რას იტყვით, თუ კი გეტყვით, რომ არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომელსაც შეუძლია, რადიკალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრება და გაზარდოს არა მხოლოდ თქვენი პროდუქტულობა, არამედ სრულიად ახლებურად დაგანახოთ ცხოვრება და აღმოგაჩენინოთ საკუთარი ამოუწურავი შესაძლებლობები? ეს ფორმულაა: ±(MC)²/√F. გაგეღიმათ ხომ?! დიახ! საკუთარი თავის სიყვარული და მიღება არის გამოსავალი! როგორ ავამუშავოთ ჩვენი ფორმულა?

▶ იპოვეთ პირველწყარო

დამტკიცებული ფაქტია, რომ სიყვარული და საკუთარი მეს მიმღებლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია მაღალი თვითშეფასების გასავითარებლად. თვითშეფასების ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მშობლების ყურადღების ხარისხსა და რაოდენობას, მათი მხრიდან ბავშვის უპირობო მიმღებლობას. უდავოა, რომ მშობლებს ჩვენთვის სიკეთე სურთ, თუმცა, ხშირად, ფორმა, რომლითაც ისინი მოითხოვენ ჩვენგან "სრულყოფილებას", არასწორია, და ფრაზა - "ხედავ, პეტრე შენზე უკეთ სწავლობს, შენ კი მარცხვენ", - ჩვენი თვითშეფასების დაკნინებას იწვევს და გვიყალიბებს არასრულფასოვნების კომპლექსს.  ჩვენ ვერ შევცვლით წარსულს, ვერ შევცვლით მშობლების მენტალობას, მაგრამ შეგვიძლია, შევცვალოთ  დამოკიდებულება საკუთარი "მე"-ს მიმართ, შევიყვაროთ და მივიღოთ ის, როგორიც არის. ამისათვის კი:

▶ ნუ გრცხვენიათ წარუმატებლობის!

შევთანხმდეთ, ადამიანი უნიკალური არსებაა, მაგრამ - იდეალიზმისგან ძალიან შორს მყოფი. ჩვენი ცხოვრება გაჯერებულია წარმატებითა და წარუმატებლობით. წარმატების მიმღებლობაც არ არის მარტივი, მაგრამ წარუმატებლობის შეგრძნება მეტად მძაფრია. დღევანდელი მსოფლიო ძალიან სწრაფად პროგრესირებადია და თითოეული ჩვენგანი ცდილობს, აუწყოს მას ფეხი. გაძნელდა თავის დამკვიდრება. უმნიშვნელო წარუმატებლობა გაუტოლდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შეცდომას. დეპრესია კი მოგვევლინა ეპოქალურ "დაავადებად".

▶ თვითგვემა გამოსავალი არ არის!

უშეცდომო ადამიანი არ დაბადებულა. ხშირად  პატარა ლაფსუსებს მივყავართ უდიდეს წარმატებამდე. შეცდომებს ხომ ვპატიობთ საყვარელ ადამიანებს?! აპატიეთ  საკუთარ თავსაც!

▶ იპოვეთ, რა განიჭებთ ბედნიერებას!

ძალიან ხშირად ცხოვრებისეულ რუტინაში ჩაფლულებს გვავიწყდება, რომ სიყვარულის მთავარი არსი არის ჰარმონია, ზრუნვა შინაგან სიმშვიდეზე,  ფიზიკურ და სულიერ სრულყოფილებაზე.  იოცნებეთ, იქონიეთ ჰობი და ნუ შეგაშინებთ ასაკი, სოციალური სტატუსი და ნუ დაგაბრკოლებენ სხვები. გინდათ, გადმოხტეთ პარაშუტით? გადმოხტით! მთავარია თქვენი კომფორტი და სიმშვიდე.

და ბოლოს, სინამდვილეში, სადღაც, გულის კუნჭულში, ყველა ჩვენგანს გვიყვარს საკუთარი თავი. გაათავისუფლეთ ის  არასრულფასოვნების მარწუხებისგან! არ არსებობს დაუძლეველი და შეუძლებელი. არჩევანი თავისუფალია, ფორმულა - უნივერსალური, სიყვარული კი - მარადიული!

| გააზიარე
მოგწონთ?