ინტერვიუ წარმატებულ ახალგაზრდასთან


შოთა ჩანქსელიანი არის სამოქალაქო ინიციატივის პლატფორმის გუნდის წევრი. ის სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტზე. ასევე წერს მოთხრობებს, მინიატურებს, ლექსებს და გაწევრიანებულია არასამთავრობო ორგანიზაციაში „სამოქალაქო ინიციატივის პლატფორმა“. 

მოკლედ აღწერეთ თქვენი  პირველი ნაბიჯები წარმატების გზაზე
როგორ გითხრათ, გააჩნია რას მივიჩნევთ წარმატებად. შეიძლება პირველი წარმატება ყველაზე უმნიშვნელო დეტალი იყოს, რომელიც არც კი გვახსოვს თუნდაც ფეხზე გავლა, სწორედ აქედან იწყება გზაზე დადგომა, მერე საფეხურები, აღმართები, გზაჯვარედინები, ორმოები, მაღლობები, დაბლობები. ჩემთვის ცხოვრება გზაა, რომელიც უნდა გაიარო და ეს გზა ან სადღაც მიგიყვანს ან უფსკრულში გადაიჩეხები, რაც შეეხება წარმატებას, ჩავთვალოთ, რომ ყველა სწორი ნაბიჯი ამ გზაზე - წარმატებაა.

რას გამოჰყოფდით, როგორც მნიშვნელოვან მომენტს ან მოვლენას თქვენს ცხოვრებაში?
ბევრი მნიშვნელოვანი რამ მომხდარა, იქნებოდა ეს სხვადასხვა კონკურსები, პრემიები თუ სხვა, მაგრამ ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული მაინც შარშანდელი წელი იყო ჩემთვის, რადგან ამ წელს ზედიზედ 2 ლიტერატურულ კონკურსზე გავიმარჯვე, სტუდენტიც გავხდი წარმატებულად და რაც ყველაზე მთავარია სამოქალაქო განათლების მაშტაბური ოლიმპიადის ყველა ეტაპი წარმატებულად გავიარე და თითქმის ერთი თვე ბრიტანეთში, ოქსფორდის კოლეჯში გავატარე დანარჩენ 9 წარმატებულ მოზარდთან ერთად.

რა არის ყველაზე დიდი სირთულე წარმატების გზაზე?
წარმატების გზაზე ყოველთვისაა უამრავი სირთულე, მაგრამ ყველა სირთულის მიზეზი მაინც ჩვენი დამოკიდებულებაა. მე ყველაზე დიდ პრობლემას ჩემი არა თავდაჯერებულობა მიქმნის ხოლმე, თავდაჯერებულობა მაკლია ძალიან, მაშინაც კი, როცა ამის 100%-იანი გარანტია მაქვს.

რა არის ყველაზე  დიდი  შიში, რომელიც დაგიძლევიათ?
ამპარტავანი არ ვარ, მაგრამ ამაყი ვარ და ყველა ამაყი ადამიანისთვის დამარცხება უდიდესი სასჯელია, ამიტომ, ალბათ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში, რომელიც დავძლიე.

რა არის წარმატება თქვენთვის?
ყველას სიამოვნებს, როცა წარმატებას მაშტაბური სახე აქვს, მაგრამ ჩემთვის წარმატება იქნება, თუ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ, თუნდაც 1 ადამიანი ამომიცნობს და მიმიღებს ისე, როგორც მე მინდა და მჭირდება.

თქვენი ტოპ 5 რჩევა ადამიანებს, რომელთაც ცხოვრებაში წარმატების მიღწევა სურთ

  • არასდროს დაკმაყოფილდეთ წარმატებით და ყოველთვის პირველმა გააკრიტიკეთ თქვენი თავი.
  • არავის ენდოთ ბოლომდე და აირიდებთ იმედგაცრუებას.
  • იყავით რეალისტი, მაგრამ ნუ გამორიცხავთ სასწაულის ალბათობასაც.
  • როგორც ბულგაკოვი ამბობდა, არასდროს არაფერი არ უნდა სთხოვოთ მათ, ვინც თქვენზე ძლიერია (მაგრამ შეგიძლიათ ეშმაკურად მიუდგეთ) .
  • არ დაუჯეროთ 100-დან 99-ს.


შორენა მამდაშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?