რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიკითხოთ ნაცნობი წიგნები ხელმეორედ


ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის წიგნების კითხვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ზოგჯერ ასეთივე მნიშვნელოვანია წიგნის არა მარტო ერთხელ, არამედ ხელმეორედ გადაკითხვაც კი. საინტერესოა, რატომ არის წიგნების რამდენჯერმე გადაკითხვა აუცილებელი და რატომ გვირჩევენ წარმატებული ადამიანები გავაკეთოთ ეს უფრო ხშირად?


1.აუცილებლად დაიმახსოვრებთ საჭირო ინფორმაციას

დამეთანხმებით, კითხვის დროს უამრავ ინფორმაციას იღებს მკითხველი და როგორ ძლიერადაც არ უნდა იმოქმედოს ახალმა იდეებმა ჩვენზე, დროთა განმავლობაში მათი გავლენა ქრება და შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიყენებთ მიღებულ ინფორმაციას საჭიროებისამებრ. ეს შეცდომა შესაძლებელია ავიცილოთ თავიდან, თუ მოცემულ ლიტერატურას გადავიკითხავთ ხელმეორედ და სწორად გავაანალიზებთ წაკითხულის შინაარსს. 
 
ასევე შეგიძლიათ, მონიშნოთ ფანქრით ადგილები, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს თქვენზე. ჩანიშნული ადგილები კი ჩაიწეროთ და გადაიკითხოთ, როდესაც თავისუფალ დროს გამონახავთ.

 

2.აღმოაჩენთ მნიშვნელოვან ადგილებს, რომლებიც უბრალოდ გამოგრჩათ პირველად წაკითხვისას

წიგნის მეორედ წაკითხვისას აღმოაჩენთ, რომ იქ გაცილებით ბევრი რამ არის ნათქვამი, ვიდრე ეს თავდაპირველად შენიშნეთ და სწორედ ის ფრაზა და აბზაცი გამოგრჩათ, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებოდათ.

 

3.მოსმენილი და წაკითხული ერთდროულად, არასდროს დაგავიწყდებათ

იმის მიუხედავად, თუ თქვენ წიგნის აუდიო ვერსიას მოუსმინეთ, არ თქვათ უარი იმავე წიგნის უშუალოდ წაკითხვაზე. თუ თქვენ მოისმენთ რაიმე იდეას წიგნიდან და შემდეგ იმავე აზრს ამოიკითხავთ მასში, ამის შესახებ არასდროს დაგავიწყდებათ.

 

დღეს ჩვენ ხშირად ვესწრებით ტრენინგებს, დავდივართ კონფერენციებსა და სემინარებზე, რომლებიც გვიმაღლებს მოტივაციას და ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობთ, რომ ჩვენც შეგვიძლია დავწეროთ წიგნი, ვუხელმძღვანელოთ რაიმე კამპანიას ან ჩავატაროთ მასტერკლასი სხვადასხვა თემაზე, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ,,მიწაზე ვეშვებით" და მოტივაციაც სადღაც ქრება.

 

ასეთ დროს თუნდაც ნაცნობი  წიგნის გადაკითხვაც კი, რომელმაც ადრე მსგავსი მოტივაცია მოგცათ, ისევ იმავე განწყობაზე დაგაყენებთ. მათი ზეგავლენა ძალიან ძლიერია და თუ თქვენ  მუდმივად შეძლებთ ცოდნის დაგროვებას, აუცილებლად გადადგამთ თამამ ნაბიჯებს წარმატებისკენ.

 

კარგ წიგნს ყოველთვის უნდა მივცეთ შანსი გაგვაოცოს და გვასწავლოს კიდევ ბევრი რამ.  წიგნი სწორედ იმის მიხედვით ფასდება, მორიგი წაკითხვის შემდეგ კვლავ იწვევს აღფრთოვანებას მკითხველში თუ არა. ასე რომ აირჩიეთ წიგნები, რომლებსაც თვლით, რომ ნამდვილად ღირს კიდევ ერთხელ დაუთმოთ დრო და დატკბით ახალი აღმოჩენებით!

 

| გააზიარე
მოგწონთ?