როგორ დავიცვათ ჩვენი პოზიცია კამათის დროს და დავარწმუნოთ სხვებიც?


საუბრის დროს ადამიანები ხშირად შედიან  ჩიხში, როდესაც ამა თუ იმ საკითხზე მათი შეხედულებები არ ემთხვევა. ამ დროს ორივე მხარეს საუბარი გადაჰყავს კამათში და ცდილობენ საკუთარი პოზიციის დაცვას. არადა, რაც უფრო დიდია საკუთარი მოსაზრების დაცვის მცდელობა, მით მეტად მწვავდება კამათი.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კამათის დროს, მოსაუბრეთა შეხედულების მიმართ წამოსული უარყოფა, იწვევს ნორადრენალინის გამოყოფას, რომელსაც დაცვის ფუნქცია გააჩნია. იგი შთააგონებს და აიძულებს პიროვნებას დაიჯეროს საკუთარი მოსაზრების უტყუარობა, რაც კამათის დროს სულაც არ არის კარგი. აი პირიქით, თანხმობა, შეჯერება რაიმე მოსაზრებაზე, მოქმედებს სასიამოვნო ჰორმონის, ენდორფინის, გამოყოფაზე და დადებით განწყობაზე აყენებს ადამიანს.

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ განაწყოთ თანამოსაუბრე კამათის დროს დადებითად და ამავდროულად, გაიზიაროს თქვენი შეხედულებები.
 

•არასოდეს ეკამათოთ და უმტკიცოთ სხვას თქვენი მოსაზრება, როდესაც არგუმენტი არ გაგაჩნიათ, ან მასში დარწმუნებული არ ხართ.

•კამათის დროს აუცილებლად დაასახელეთ ძლიერი, სანდო მაგალითი, თქვენი სიმართლის უტყუარობისთვის.

•როდესაც თანამოსაუბრე გამოხატავს თავის პოზიციას, თავიდანვე ნუ უარყოფთ მის შეხედულებას, რადგან მას გაუღვივებთ ნორადრენალინის გამოყოფას. პატივი ეცით მის შეხედულებას, დაეთანხმეთ და შემდეგ გადადით თქვენი აზრის განმტკიცებაზე. მაგალითად, „მესმის თქვენი“, „გეთანხმებით“, „მეც ასე ვიფიქრებდი, მაგრამ ეს უფრო მყარი მოსაზრებაა“, „შედეგი, მაგალითი სხვას გვიჩვენებს“, „ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით“ და სხვა.

•დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი პოზიციის განმტკიცებისას ხმის ტემბრს, ემოციას, დამაჯერებლობას. აუცილებლად გააკონტროლეთ თქვენი სახის გამომეტყველება, ხელებით კონტაქტი და დგომის პოზიცია.

•არასოდეს, არც ერთ პოზიციაში არ დააკნინოთ თანამოსაუბრე, არ დასცინოთ მის შეხედულებას, პირიქით, პატივი ეცით და გამოხატეთ სიმპათია მის მიმართ. მიეცით შანსი მას დაიცვას თავისი პოზიცია.

•ნურასოდეს გააკრიტიკებთ თანამოსაუბრეს, პირიქით, თუ ხედავთ, რომ ცდება, დაანახეთ სწორი გზა. 

•იყავით კარგი მსმენელი. დააცადეთ თანამოსაუბრეს ბოლომდე გამოთქვას თავისი აზრი, რადგან შეიძლება თქვენი შეხედულებები ემთხვეოდეს. აზრის გაწყვეტით, დიდი ალბათობით გამოიწვევთ მის გაღიზიანებას, ან სხვაგვარად აღიქვამთ მის პოზიციას და შეცდომაში შეხვალთ.

•თავიდან აიცილეთ კონფლიქტური სიტყვები და მოქმედება. ნუ იქნებით ქედმაღალი, უხეში და უაზროდ მოსაუბრე.

•საუბრის დროს ხშირია, როდესაც თანამოსაუბრეები გარკვეული აზრის მნიშვნელობას ვერ იგებენ და ბრმად ეთანხმებიან ერთმანეთს, რაც საბოლოოდ, კონფლიქტურ სიტუაციას წარმოშობს. ასეთი შემთხვევები რომ თავიდან აიცილოთ, ნუ მოგერიდებათ, თქვენთვის ბუნდოვანი საკითხის შესახებ დასვათ კითხვები. მაგალითად, „რას გულისხმობთ?“ „თქვენც ისე ფიქრობთ, როგორც მე?“ და ა.შ. ასე თავიდან აიცილებთ გაუგებრობას და კამათის ალბათობასაც შეამცირებთ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?