ჭიანჭველის ეფექტი, ანუ წინასწარ გავთვალოთ და არ დავნებდეთ


რამდენჯერ გინახავთ ჭიანჭველა, რომელსაც თავისზე დიდი "ტვირთი" ჰქონდა მოკიდებული და დანიშნულების ადგილზე მიჰქონდა? ალბათ ბევრჯერ. ერთი შეხედვით მარტივი მაგალითია, თუმცა საქმე ისაა, რომ ამ ყველაფერში დიდი აზრი დევს. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ დღეს ძალიან ცოტა თუ  ვართ „ჭიანჭველები“, ანუ არ ვეჭიდებით ჩვენზე დიდ ტვირთს და გვეშინია დიდი მიზნების დასახვის, რადგან ვფიქრობთ, რომ არ გამოგვივა.

რას ელით ცხოვრებისგან? როგორია თქვენი მიზნები? საკმარისად რთული თუ საკმაოდ რთული? იცით, როდესაც მიზნად ისახავთ რაიმე უჩვეულოს, თუნდაც ამის ადვილად ვერ მიღწევა და მუდმივად ბრძოლა უფრო ფასეულია, ვიდრე მარტივი მიღწევებით კმაყოფილება.  უბრალოდ  დაისახეთ ის მიზნები, რომლებიც გსურთ, თუნდაც ისინი გაშინებდნენ. დარწმუნდით, რომ თქვენი ყოველი გადადგმული ნაბიჯი კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება. 

ალბათ ისიც შეგინიშნავთ, თუ რაიმე დაბრკოლება შეხვდება ჭიანჭველას, ის არ გაჩერდება, ყველა მხრიდან მოუვლის, გადაძვრება ზემოდან, შემოუვლის გვერდიდან  და მაინც ეცდება წინ წასვლას. მარტივი ფილოსოფიაა არა? არ დანებების და ყველა გზის მოძებნის იქ წასასვლელად, სადაც აუცილებლად უნდა მივიდეს. სწორედ ასე უნდა იყოს ცხოვრებაში. წარმატებისკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის, შეიძლება დაუშვათ ბევრი შეცდომა,  იყოს არასწორი გადაწყვეტილებები, მარცხიც, თუმცა გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფრის თქვენს სასარგებლოდ გამოყენება უნდა შეგეძლოთ და მათგან გამოცდილება უნდა მიიღოთ. მარცხი  წარმატების საპირისპირო კი არა, მისი შემადგენელი ნაწილია. არ მისცეთ უფლება სირთულეებს, რომ თქვენს მიზნებზე უარი გათქმევინოთ, უბრალოდ არ გაჩერდეთ, მოძებნეთ ახალი გზები და განაგრძეთ მოქმედება.

ბევრი წარმატებული ადამიანის გამოცდილება მოწმობს, რომ არა დიდი მიზნები და დაბრკოლებები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ისინი ამ ყველაფერს ვერ მიაღწევდნენ. გაიხსენეთ გამონათქვამი „რაც უფრო ბევრი სირთულეა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან“, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ არ არსებობს დაბრკოლებები, რომლებსაც ვერ გადალახავთ, უბრალოდ ბრძოლაა საჭირო.

მაშ ასე, ჯერ კიდევ არ გაქვთ დიდი მიზნები?  მგონი დროა დაიწყოთ ყველაფრის დაგეგმვა და ფიქრი, თუ როგორ აპირებთ დანიშნულების ადგილამდე მისვლას. ახლა კი როცა უკვე ყველაფერი გათვალეთ, დაიწყეთ მოქმედება და გახსოვდეთ, რომ თქვენ არაჩვეულებრივი ხართ, უბრალოდ ისწავლეთ იყოთ „ჭიანჭველა“  და ყოველთვის თქვენზე დიდ საქმეებს შეეჭიდეთ იმ რწმენით, რომ თქვენ არასოდეს დანებდებით.
 

| გააზიარე
მოგწონთ?